„სავალდებულო საგნებად მხოლოდ ისტორიისა და მათემატიკის დატოვება ყოვლად გაუმართლებელია“ – მათემატიკის პედაგოგი გამოცდებს აფასებს
„სავალდებულო საგნებად მხოლოდ ისტორიისა და მათემატიკის დატოვება, ჩემთვის, ყოვლად გაუმართლებელია“, – ეს 154-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგისა და ცენტრ „ჰაი სქულის“ დირექტორის ეკა კუპატაძის სიტყვებია, რომელიც მათემატიკის გამოცდას აფასებს და ამბობს, რომ იგი რთული და სასკოლო პროგრამას აცდენილია. სწორედ ამითაა განპირობებული, მისი აზრით, ის ფაქტი, რომ მაღალ ქულებს მათემატიკაში ძალიან ცოტა მოსწავლე იღებს. ისეთებსაც კი, რომლებიც სკოლებში მათემატიკას გაძლიერებულად სწავლობენ, ოქროს მედალზე ამთავრებენ და საერთაშორისო ოლიმპიადებიდან ასევე ოქროს მედლებით ბრუნდებიან, ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში უმაღლესი ქულის აღება უჭირთ.
ამბობს, რომ მართალია, პანდემიის დროს მოსწავლეებთან მეცადინეობა არც ერთი დღით არ შეუწყვიტავს, მაგრამ მათ მაინც დააკლდათ ის, რაც პირისპირ მეცადინეობით უნდა მიეღოთ. სწორედ ამიტომ, იგი უფრო მარტივ ტესტს ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა. შესაბამისად, ჩვენი რესპონდენტი არათუ არ ეთანხმება აბიტურიენტების ოპტიმიზმს, რომ წლევანდელი ტესტები გასული წლების ტესტებთან შედარებით უფრო მარტივი იყო, არამედ მიიჩნევს, რომ ტესტი საკმაოზე მეტად რთულია და რაც მთავარია, მის კარგად შესასრულებლად მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა არ კმარა. რაც, ფაქტობრივად, რეპეტიტორების ჩართულობის აუცილებლობას აყენებს.
მისთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ სავალდებულო საგნებად, ქართულსა და უცხო ენასთან ერთად, წელს, მხოლოდ მათემატიკა, ან ისტორია განისაზღვრა. ამბობს, რომ ეს უამრავი ბავშვის ინტერესს უგულებელყოფს და მათ ამ ორი საგნის ჩაბარებას აიძულებს. უფრო მეტად კი – მათემატიკის, ვინაიდან პოპულარულს სპეციალობებზე, ძირითადად, მათემატიკა ბარდება.
ეკა კუპატაძე: მათემატიკის ტესტში, წელს, არც სტრუქტურული ცვლილება ყოფილა და არც შინაარსობრივი. ტესტები მაინც რთული იყო იმის ფონზე, რა ვითარებაც წელს ქვეყანაში გვქონდა – სასწავლო პროცესი, გარკვეულწილად, შეფერხდა. მაღალქულიანი ამოცანები რთული იყო. ბავშვები გამოცდიდან რომ გამოდიან არ ამბობენ რეალურ სიტუაციას. მათ გულღიაობის ერიდებათ და ყველა ამბობს, რომ გაუმარტივდა, მაგრამ მონაცემების დადების შემდეგ ვიცით, რომ ბავშვებს, ძირითადად, დაბალი შედეგები აქვთ. წინა წლებში უფრო მაღალი შედეგები იყო.
წელს 59 ქულა სულ თორმეტმა ბავშვმა აიღო და 58 კი – 29-მ. ანუ, უმაღლესი შეფასება მხოლოდ 0,09 პროცენტმა მიიღო. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, ეს კატასტროფაა. ეს ხომ ოლიმპიადა არ არის. ეს არის გამოცდა, როლითაც ახალგაზრდები პროფესიაში უნდა შევიდნენ, დაფინანსება აიღონ და ა.შ. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მეტი უნდა გვყავდეს ასეთი ბავშვი. მითუმეტეს, ბევრი ოქროს მედალოსანი გვყავს, უამრავი სკოლა გვაქვს, რომლის მოსწავლეებიც მსოფლიო ოლიმპიადებზე გადიან და ოქროს მედლებით ჩამოდიან. ეროვნულ გამოცდებზე კი, უფრო დაბალ შედეგებს იღებენ. იქ, ოლიმპიადაზე, ჩვენს ბავშვებს უფრო კარგი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე აქ, ეროვნულ გამოცდებზე. ამის მიზეზი ტესტის სირთულე და საპროგრამო მასალასა და საგამოცდო ტესტებს შორის აცდენაა.
-რამ გამოიწვია, თქვენი აზრით, წელს დაბალი შედეგები?
-წელს მათემატიკას ბევრი აბიტურიენტი აბარებს – 12 660-ზე მეტი. ბევრი იძულებული გახდა მათემატიკა ჩაებარებინა და ამიტომაც გვეყოლება ბევრი დაბალ ქულიანი. ბავშვები არ ამბობენ, მაგრამ ფაქტი შედეგებია, რომლებიც დაიდო. არ ველი, რომ აპელაცია სურათს სერიოზულად შეცვლის. აი, როცა სტატისტიკა დაიდება ნახავთ, რომ დაბალ ქულიანი ბავშვი უფრო მეტი გვეყოლება. დაბალ ქულიანში კი ვგულისხმობ მათ, ვინც 30 ქულაზე დაბალი აიღო.
რა გითხრათ, მე მეტად მარტივ ტესტებს ველოდებოდი. ვერც ერთი ამ საქმეში ჩახედული მასწავლებელი ვერ იტყვის, რომ რეპეტიტორის გარეშე ამ გამოცდას, თითო-ოროლა აბიტურიენტის გარდა, ვინმე ღირსეულად ჩააბარებს. მართალია, პროგრამულად საკითხები იგივეა, რაც სკოლაში ისწავლება, მაგრამ სულ სხვა რაკურსითაა. მეორმოცე საკითხის მსგავსი არც ერთ სასკოლო წიგნში არ არის. იმ სირთულის საკითხები, როგორიცაა 38-ე, 39-ე და მე-40-ე, სასკოლო წიგნებში არსადაა. ყველას აქვს იმის საშუალება, რომ რეპეტიტორთან მოემზადოს? არა.
-ეს თქვენ, როგორც პედაგოგს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ? წესით ხომ გამოცდები სკოლაში მიღებულ ცოდნას უნდა ზომავდეს და მთლიანად სასკოლო მასალაზე უნდა იყოს დაფუძნებული?
-რა თქმა უნდა, შესაბამისობაში უნდა იყოს. რადგან პროგრამულად შესაბამისია, სხვას აღარ დაგიდევენ. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სკოლა, სადაც გაძლიერებული მათემატიკა ისწავლება, მაგრამ საშუალო ფენა ხომ იჩაგრება. ამიტომაცაა, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეები, ძირითადად, ბარიერის გადალახვაზე არიან ორიენტირებულები და ეს მათში დაბალ თვითშეფასებას იწვევს, რაც ბავშვისთვის მომაკვდინებელია.
-საკითხებში თუ იყო რაიმე წელს განსხვავებული, ან გამორჩეული?
-ცოტა ორქულიანებში იყო შეცვლილი რაკურსი, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა. იმ ფონზე, რომ მათემატიკა წელს სავალდებულო საგანი იყო, მას 12 660 ბავშვზე მეტი აბარებდა და სასწავლო პროცესი შეფერხებული იყო სკოლებისთვისაც, მოსამზადებელი ცენტრებისთვისაც, რეპეტიტორებისთვისაც, ცოტა მეტ ლოიალობასა და მარტივ საკითხებს ველოდებოდი. არასასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ დაუძლეველი არაფერი იყო.
-აბიტურიენტები, თითოეული გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ ამბობდნენ, რომ წლევანდელი ტესტი გასულ წლებთან შედარებით ადვილი იყო. ახლა კი, როცა ტესტები გამოქვეყნდა თქვენ, პედაგოგები ამბობთ, რომ არანაირი გამარტივება არ ყოფილა. ანუ, ბავშვების ოპტიმიზმი ფუჭი აღმოჩნდა?
-დიახ, ფუჭი. მე ვაფრთხილებდი კიდეც მათ, მაგრამ ყველა გამარტივებას ელოდა. მეუბნებოდნენ – წელს არჩევნებია, მასწავლებელო, ჩვენ კი მომავალი ამომრჩევლები ვართ და მარტივი იქნებაო.
-რა კონკრეტული ცვლილებები უნდა შევიდეს მათემატიკის ტესტში, რომ ის უფრო მორგებული გახდეს სასკოლო პროგრამაზე და თანაბარ პირობებში აყენებდეს თითოეულ ბავშვს?
-ის მაღალქულიანი საკითხები ასეთი რთული არ უნდა იყოს. თემატურად მასალა სასკოლო პროგრამას არ სცილდება, მაგრამ რთულია. ეს მაღალქულიანი საკითხები, ყველა, ოლიმპიადის საკითხებია. ბავშვებს კი, რომ ვერ აკეთებენ, თვითშეფასება უვარდებათ. ერთეულ ბავშვებზე არ მაქვს საუბარი, მასაზე ვსაუბრობ. როცა ბავშვი სკოლაში 8 ქულას ღირსეულად იღებს, მან ღირსეულად უნდა გადალახოს 50 %-იან ბარიერზე მეტი. ეს კი ძალიან უჭირთ. რეპეტიტორის გარეშე უჭირთ. მთელი წელი ბავშვი წინ რომ გიზის და საკითხს სხვადასხვა კუთხით უშუქებ, გარკვეულ შედეგს მაინც ვაღწევთ, მაგრამ დამერწმუნეთ, 12 კლასის მასალას ერთ წელიწადში ვერ გაივლით.
პირელი კურსიდან მათემატიკაში ვამზადებ, ყოველ წელს მყავს მაღალქულიანი ბავშვები, შარშან 59 ქულიანიც მყავდა, ჩემი სამიზნე ყოველთვის ეროვნული გამოცდებია, მაგრამ მაინც არ ვარ კმაყოფილი, რადგან სულ სხვა რამ გვაქვს სკოლაში და გამოცდებზე სულ სხვა რამ გვხვდება. ამას გეტყვით მათემატიკის თითოეული მასწავლებელი, ვინც ეროვნული გამოცდების ტესტებში ჩახედულია.
-რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ის, რომ ეროვნული გამოცდები, უკვე ამდენი წელია, ფაქტობრივად, სახეშეუცვლელი ფორმით გვაქვს და მის ცვლილებაზე რეალური საუბარი არც არის? როგორ მისაღებ გამოცდებს ისურვებდით?
-განათლების სისტემა კი არა, უბრალო ბიზნესიც რომ ავიღოთ, 5-6 წელიწადში ყველაფერი ძველდება და კადრების ცვლილებაც კი საჭიროა. ასე რომ, ცვლილება და გადახალისება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სიახლეებს ძნელად ეგუება, მაინც ყველგან აუცილებელია.
მე ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი იმით, რომ უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ არის. აქ მხოლოდ ფორმის ცვლილება იყო საჭირო – არ იყო საჭირო ორი ტექსტი, ამდენი წინადადებები, ერთი და იგივე რაღაცების წლების განმავლობაში ტრიალი. ცოტა სახეშეცვლილი ყოფილიყო, თუნდაც ზოგადი განათლების, სხვადასხვა საგნის ნაკრები. სახე შეეცვალათ და ასე, ერთი ხელის მოსმით არ გაეუქმებინათ.
რაც შეეხება გამოცდებს, რაღაც კუთხით შესაცვლელი არის. სავალდებულო საგნებად ისტორიისა და მათემატიკის დატოვება, ჩემთვის, ყოვლად გაუმართლებელია. იყოს სხვა საგნებიც – გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია. პარალელურად, ძალიან ცუდია, რომ კატ-ის გამოცდები მოიხსნა. გარედან შეიძლება არ ჩანს, მაგრამ სკოლაში ძალიან კარგად ჩანს, რომ საბუნებისმეტყველო საგნები აღარავის უნდა. ის ბავშვები, რომლებიც ვერ სწავლობენ მათემატიკას და არც უნდათ რომ ისწავლონ, იჩაგრებიან. იქნებ გეოგრაფიის მასწავლებელი უნდა რომ გამოვიდეს? ამისათვის მაინცდამიანც ისტორია უნდა ჩააბაროს? მოკლედ ამ საგნების გაუქმება ძალიან ცუდი ნაბიჯი იყო. სამედიცინოზეც, ბავშვები რომ არ აყვირებულიყვნენ, მათემატიკა დარჩებოდა სავალდებულო გამოცდად და ბიოლოგია არავის გაახსენდებოდა.
-მათემატიკის პედაგოგისგან ამ ყველაფრის მოსმენა ნამდვილად გასაკვირია. ანუ, სავალდებულო საგნად მხოლოდ მათემატიკისა და ისტორიის განსაზღვრა სწორად არ მიგაჩნიათ…
-ნამდვილად არ მიმაჩნია. პრაქტიკაშიც ბევრ ბავშვს შევხვედრილვარ, რომლებიც, შესაძლოა, მათემატიკას ისე ვერ სწავლობენ, მაგრამ არიან, თუნდაც, ბრწყინვალე პრეზენტატორები. ეს ბავშვები, მათემატიკის არცოდნის გამო, ხელსაც არ იწევდნენ, მაგრამ პროექტზე მუშაობისას, სხვადასხვა თემაზე, ისეთი პრეზენტაციები გააკეთეს, რომ სახტად დავრჩი. ეს ბავშვები იჩაგრებიან.
თავად დამოკიდებულებაც ისეთია, თქვენს ერთ-ერთ სტატიაშიც იყო აღნიშნული – თავად მშობლებს თავიანთი შვილების დაბალი შეფასება აქვთ. ამბობენ, რომ მათემატიკას ბიჭები უკეთესად სწავლობენ. რატომ? მე ქალი ვარ, სამი ბრწყინვალე მათემატიკოსი ძმა მყავს, მაგრამ ტოლს არც ერთს არ დავუდებ. ბავშვები კი გვეჩაგრებიან. თავში კოდად ედებათ, რომ მათემატიკას ვერ ისწავლიან. მშობლებიც, მასწავლებლებიც აპროგრამებენ მათ. გენი დიდ როლს თამაშობს, მაგრამ მთლად ასეც არაა. დაბალი ასაკიდანვე მოტივაციას უგდებენ და მორჩა, ბავშვმაც იცის, რომ მათემატიკა მისი საქმე არაა. მისი მიზანი მხოლოდ კლასიდან კლასში გადასვლაღა რჩება და ასეთი ბავშვი იკარგება.
59, 58, 56 – გაიცანით გოგონები და ბიჭი რომელთაც მათემატიკის გამოცდაზე უმაღლესი ქულები აიღეს
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება