GE

სახელმწიფო პროფსასწავლებლებში 8500–მდე ადგილია, გამოცდა კი 10–ათასზე მეტმა ჩააბარა

პროფესიული სასწავლებლებში შესვლის მსურველთათვის გამოცდა უკვე ჩატარდა. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული პროგრამების კოორდინატორის თამარ კაკუტიას თქმით, გამოცდაზე 13-ათასამდე  დარეგისტრირებულიდან 10-ათასზე მეტი გამოცხადდა. როდის გამოქვეყნდება შედეგები და რა პრინციპით მოიპოვებენ დაფინანსებას აპლიკანტები, ამის შესახებ თამარ კაკუტია EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა.

–როდისთვის გამოქვეყნდება პროფესიული სასწავლებლებში მოსახვედრად ჩატარებული გამოცდის შედეგები?

–შედეგები იქნება ამ კვირის ბოლოს, ან იქითა კვირის დასაწყისში. ან პარასკევს, ან ორშაბათს. ველოდებით სპეციალური საჭიროების მოსწავლეთა ჩარიცხვას. მათ თავისი კვოტები აქვს და კოლეჯებს რა რაოდეობაზეც აქვს გამოცხადებული მიღება, იმას ჯერ აკლდება სპეციალური საჭიროების მქონე პირების კვოტები, რაც აქვთ ბრძანებით განსაზღვრული. ის რომ გამოაკლდება, ამის შემდეგ დარჩენილ ადგილებზე მომზადდება რანჟირების დოკუმენტი და დაეგზავნებათ დაწესებულებებს ჩარიცხულთა სიები. სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის.

–გამოცდაზე ზღვარი არ არის დაწესებული?

–გამოცდის ზღვარი არ არსებობს, არსებობს დაფინანსების ზღვარი.

–დაფინანსების ზღვარი რამდენია?

–25%-ზე მეტი უნდა აიღოს აპლიკანტმა, რომ სახელმწიფომ მისცეს დაფინანსება. დანარჩენ შემთხვევაში, ჩარიცხულად ითვლებიან, თუკი პროგრამაზე ადგილი არის და კონკურსი არ არის. ოღონდ ამ შემთხვევაში დაფინანსების ალტერნატიული წყარო უნდა იპოვონ. ან თავად უნდა დააფინანსონ საკუთარი პროფესიული განათლება, ან რაიმე სხვა პროგრამით. ან შეუძლიათ უარი თქვან და შემდეგში ისევ ცადონ.

–რამდენი სტუდენტის ადგილია პროფესიულ სასწავლებლებში?

–13 ათასამდე დარეგისტრირდა და სადღაც 8500 ადგილია გამოცხადებული.  ასე რომ ყველა ვერ მოხვდება, ბუნებრივია.

დავუშვათ 20 ადგილია და 20 მსურველი. ყველა მოხვდება, მაგრამ თუ 20 ადგილია და 40 მსურველი, მაშინ მიუხედავად იმისა, 25 %-ს გადალახავს თუ არა, 20 საუკეთესო ქულის მქონე სტუდენტი ჩაირიცხება და 20 ვერ ჩაირიცხება.

–როგორ გაიგებენ შედეგების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები?

–ჩვენს ვებგვერდზე დაიდება პროფესიული ტესტირების შედეგების ბმული. ამ ბმულზე შესვლა შეუძლია თითოეულ აპლიკანტს პირადობის ნომრის შეყვანით და გაიგებენ შედეგებს.

–რამდენი გამოცდა ჩააბარეს აპლიკანტებმა?

–ერთი გამოცდა ჩააბარეს, რომლის ხანგრძლივობა საათნახევარი -2 საათია, საშუალოდ, თუმცა 40 წუთში რჩებოდნენ გამოცდას. ეს ერთი გამოცდა პირობითად 2 ტესტად იყო გაყოფილი. ერთი იყო უნარების ნაწილი და მეორე იყო საგნობრივი.

–შინაარსებრივად ერთსა და იგივე გამოცდას აბარებს ყველა პროფესიის დაუფლების მსურველი?

–არა. მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა გამოცდებია. 4 ტიპის უნარების გამოცდაა და საგნობრივიც სხვადასხვაა. გააჩნია პროგრამას, რაზე აბარებს აპლიკანტი. არის, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ან ამ საგნების გაერთიანება. ხელოვნება, უცხო ენები. უნარების ნაწილში არის მექანიკურ-სივრცითი უნარები, ცალკე სივრცითი უნარები, საკანცელარიო და საბაზო უნარები. ყველა გამოცდა ერთი დღის განმავლობაში ბარდება. თითოეული აპლიკანტი როცა გამოცდაზე შედის, რა პროგრამაზეც აბარებს, იმის შესაბამისი ტესტი ხვდება.

–საგამოცდო ცენტრები სად იყო განთავსებული?

–მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა საჯარო უნივერსიტეტში და პროფესიულ კოლეჯში. თუ გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა დიდი იყო, სკოლებშიც ტარდებოდა.

–ნაწილბრივი დაფინანსების მოდელიც არსებობს პრფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის?

–არა. 100%-იანი დაფინანსება არსებობს. თუმცა სტატისტიკურად ძალიან მცირე პროცენტია, ვინც დაფინანსების ზღვარს ვერ ლახავს, 1-2% არც კი.

დაფინანსების წესი არსებობს პროგრამების მიხედვით. ამას მთავრობის დადგენილებით წყვეტენ. შეიძლება ერთი პროგრამის დაფინანსება იყოს 100 ლარი, მეორესი –  2000 ლარი. ჩვენ გამოცდებს ვუტარებთ ადმინისტრირებას, შემდეგ უკვე დაფინანსების ოდენობას თოთოეულ პროგრამაზე სამინისტრო ამტკიცებს და ის აძლევს თანხას დაწესებულებებს.

–გამოცდა ელექტრონული ფორმატით ჩატარდა?

–დიახ. თავიდან ბოლომდე კომპიუტერით ჩატარდა. ტესტები ასეთი იყო: ერთი შეკითხვა და 4, ან 5 სავარაუდო პასუხი.

–ვინც სახელმწიფო დაფინანსებას აიღებს, მხოლოდ სახელმწიფო პროფსასწავლებლებში შეეძლებათ ამ დაფინანსებით სწავლა, თუ კერძოშიც?

–მხოლოდ სახელმწიფოში. კერძოები ამ ეტაპზე არ ფინანსდება. ეს სამინისტროს გადაწყვეტილებაა.

–გამოცდების ეროვნული ცენტრი კერძო პროფსასწავლებლებში ჩაბარების მსურველებსაც უტარებს გამოცდას?

–არა, კერძოებს ჩვენ არ ვუტარებთ. ჩვენი გამოცდა არის უფრო დაფინანსების მოპოვებისთვის. რომც ვერ მოიპოვოს დაფინანსება სტუდენტმა, მაინც ჩარიცხულად ითვლება, თუ კონკურსი არ არის იმ მიმართულებაზე, სადაც აბარებს.

–სწავლა როდის დაიწყება პროფესიულ სასწავლებლებში?

–სწავლის დაწყებას თითოეული დაწესებულება თავად წყვეტს. სავარაუდოდ, გეგმავენ 21 ნოემბრისთვის.

პროფესიული კოლეჯები საქართველოში – უშედეგო, თუ პერსპექტიული პროექტი

“მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემოღება პროფესიული განათლების დანგრევას ნიშნავს”

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური