GE

„სახელმწიფომ დააფინანსოს ერთ ბავშვზე, მინიმუმ, ერთი ვაუჩერი სპორტის ერთი სახეობისთვის“ – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტშია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ავალებს, რომ განიხილოს მოქალაქე მაია რობაქიძის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც “სპორტის შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილებას უკავშირდება.

მაია რობაქიძის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებაში საუბარია სპორტზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, რომელიც ინიციატორის განმარტებით, დღეს ჩვენს ქვეყანაში დგას. ის ითხოვს ვაუჩერულ დაფინანსებას სპორტის წრეებისთვის და ასევე შესაბამისი ფონდის შექმნას.

კანონში ცვლილების ინიციატორი წერს, რომ სპორტზე თანაბარი ხელმისაწვდომობა გულისხმობს ყველა უბანში შესაბამის სპორტული სახეობის წრეებს. საკმარის მოედნებსა და ოჯახის ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ შეძლონ მათი შვილების სათანადო მხარდაჭერა, მაგრამ დღეს ნებისმიერი სპორტული წრე 120 ლარიდან იწყება, რასაც ემატება შესაბამისი აქსესუარების აუცილებლობა.

“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სპორტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი არარის. ბავშვების სწავლა-განვითარების პარალელურად, მშობელი, ოჯახი ვეღარ უზრუნველჰყოფს ბავშვის სპორტზე მიყვანას, როგორც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელ საჭიროებას. არადა, თუ გვინდა, რომ მომავალში აღვზარდოთ ჩემპიონები და წარმატებული სპორტსემენები, ან უბრალოდ, გვყავდეს ჯანსაღად მოაზროვნე თაობა, სახელმწიფომ უნდა გაითავისოს საკუთარი პასუხისმგებლობა და სპორტის ვაუჩერები გამოყოს ბავშვებისთვის. სახელმწიფოს აქვს ყველანაირი ბერკეტი, დააფინანსოს ვაუჩერების გაცემა. ერთ ბავშვზე, მინიმუმ, ერთი ვაუჩერი სპორტის ერთი სახეობისთვის, რომელსაც ბავშვები თავად აირჩევენ. ამასთან, ვაუჩერის აღება იქნება ნებაყოფლობითი. სახელმწიფოს შეუძლია, ეს ფინანსები მიიღოს გრანტის სახით, ან ბიზნეს კორპუსის დახმარებით შექმნას “ბავშვთა სპორტის ფონდი”, – ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში, რომლის განხილვაც შესაბამის კომიტეტს 11 სექტემბერს დაევალა.

ასევე იხილეთ:

„სამინისტროს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის არ მჯერა“ – სასკოლო პროექტები მწვანე ვაშლების ნაცვლად

როგორი შეიძლება იყოს სპორტის გაკვეთილები სკოლაში ცივ სეზონზე – გამოწვევები და სავარჯიშოები კლასების მიხედვით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური