GE

„სამინისტროს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის არ მჯერა“ – სასკოლო პროექტები მწვანე ვაშლების ნაცვლად

განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლებში 2017 წელს ე.წ ვაშლების დარიგების კამპანია წამოიწყო, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდას უკავშირდებოდა და მიზნად ბავშვების ყურადღების გადატანას ისახავდა შაქრიანი სასმელიდან ჯანსაღ პროდუქტზე. ჯეჯელავას ინიციატივა ასევე გახლდათ სკოლის ბუფეტებიდან არაჯანსაღი საკვების ამოღებაც, თუმცა ეს იდეა ჩავარდა. მაშინ საზოგადოების კრიტიკას სამინისტრომ შემდეგნაირად უპასუხა, „ეს არის ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილი’’. კამპანიამ სულ რამდენიმე თვე იმუშავა, ისევე როგორც თავად იდეის ავტორმა, მინისტრის თანამდებობა მალევე დატოვა და აუხდენელი დარჩა მისი ოცნებაც, “ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას”.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილებებმა არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, ყველა თანხმდებოდა, რომ სამინისტროს უნდა ეზრუნა სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ამ მხრივ აქტიური ღონისძიებებიც განეხორციელებინა. EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, თუ როგორ შეიცვალა განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს პოლიტიკა 4 წლის შედეგ, რა კეთდება ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისთვის და რას ფიქრობენ ამ პოლიტიკაზე სასკოლო საზოგადოებაში.

ნინო თბილისის 51-ე საჯარო სკოლის თანამშრომელია, ის ასევე განათლების სამინისტროს შტატგარეშე დასაქმებულის სტატუსს ატარებს, ჩართულია რამდენიმე პროექტში და მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება. ჩვენ სწორედ მას ვთხოვეთ ესაუბრა სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებულ პოლიტიკაზე, რა გაკეთდა ჯანსაღი ცხოვრების წახალისებისთვის და როგორ ხედავს საკუთარ დანიშნულებას მთელს ამ პროცესებში. ჩვენთან საუბარში ის აცხადებს, რომ სკოლებს დღეს გაცილებით უფრო ფართო ავტონომია აქვთ, ვიდრე როდესმე. ისინი თავადაც აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მოსწავლეები მეტად ინფორმირებულები, ჩართულები იყვნენ და სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავენ ჯანსაღი ცხოვრების პოლიტიკას.

„შეიქმნა სრულიად ახალი და თანამედროვე ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც გაწერილია, რომ რა საგანსაც არ უნდა ასწავლიდეს მასწავლებელი, მან პირველ რიგში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების განვითარება უნდა შეძლოს მოსწავლეში. მასწავლებელი გეგმავს საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო ღონისძიებებს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას შეუწყობს ხელს, ეს პასუხისმგებლობა აქვთ თითოეულ მასწავლებელს და ასევე სკოლის ადმინისტრაციას. მე სამინისტროშიც ვმუშაობ და კარგად ვიცი როგორია ჩვენი ხედვა, ეს არაა იძულებაზე დაფუძნებული, ყველა სკოლაში იციან, რომ წლის ბოლოს აუცილებლად მოუწევთ მუშაობა კონკრეტულ პროექტზე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისკენ უნდა იყოს მიმართული. ასევე, სამინისტრო გეგმავს სხვადასხვა პროექტსა და კონკურსს. პანდემიის პირობებში ეს ღონისძიებები მაქსიმალურად შეკვეცილი გვქონდა, რასაკვირველია, უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ტრენინგები, სასკოლო პროექტები, ღონისძიებები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს წარმოდგენა ჰქონდეთ რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და როგორ უნდა იცხოვრონ ჯანსაღად.

“პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, სულაც არ ვფიქრობ, რომ ე.წ ბუფეტში მხოლოდ ჯანსაღი საკვები უნდა იყიდებოდეს, რადგან მოსწავლემ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, როცა იცის რა არის მავნებელი და რა არა, ის აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩვენი ფუნქცია კი, ამ კუთხით ესაა, რომ არ ავუკრძალოთ, არამედ ვურჩიოთ და სწორი მიმართლება მივცეთ. მწვანე ვაშლის ნაცვლად სწორედ ამას ვთავაზობთ, პროექტულ სწავლებას, ღონისძიებებსა და კონკურსებს, სადაც მეტს გაიგებენ და საკუთარ მომავალსაც თავადვე დაგეგმავენ”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელი 51-ე სკოლიდან.

ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტის ნათიას პოზიცია, რომელიც ახალგაზრდა მშობელია. მისი 8 წლის შვილი თბილისის 178-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. ჩვენთან საუბარში დედა აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის არ სჯერა, რადგან მათი გეგმები ბიზნეს ინტერესებზეა დაფუძნებული, ამის მაგალითად კი ბუფეტების პოლიტიკას ასახელებს.

„საკმაოდ ჩახედული ვარ ამ საქმეში, რადგან ჩემი მეუღლე პედიატრია და კარგად ვიცით რა პრობლემები ექმნებათ ბავშვებს არაჯანსაღი კვების ცხოვრების მოდუნებული სტილისა და ტექნოლოგიებზე მუდმივი დამოკიდებულებების გამო. საერთოდ, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სენი არაა, მაგრამ ის, რასაც აქ ბიზნესის გამო აკეთებენ, ალბათ, სხვაგან არ ხდება. რატომ უნდა გაიმარჯვოს სახელმწიფოს ტენდერში კომპანიამ, რომელიც არაჯანსაღ, მავნე პროდუქციას სთავაზობს ბავშვებს?! ჩემი შვილის სკოლას ჰქონდა პროექტი, მავნე საკვებზე და როცა ამ თემას ვამუშავებდით, ვფიქრობდი, ნუთუ ეს არის სახელმწიფოს ხედვა, რომ ბავშვებს აუხსნას სტაფილო ჯანსაღია და ბუფეტში ჩიფსები შესთავაზოს?! პირადაც მე, კონტეინერით ვატან საჭმელს, მაგრამ ვიცი, რომ სკოლაშიც ყიდულობს სასუსნავებს, როგორც არ უნდა უხსნიდნენ მასწავლებლები რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, თუ ისინი პრაქტიკაში ვერ ნახავენ რა აზრი ექნება?! რეალობა სხვაა და სხვას ასწავლიან. ჩემი სურვილი იქნება, როგორც ყველა მშობლის, რომ ევროპულ რეგულაციებამდე როგორმე ჩვენც მივიდეთ, რადგან საქმე ჩვენი შვილების სიცოცხლეს ეხება“, – ამბობს ჩვენთან საუბარში მოსწავლის მშობელი.

საერთაშორისო ჟურნალმა, „სიცოცხლის მანძილზე განათლებისა და ლიდერობის შესახებ“ 2019 წელს საერთაშორისო კვლევა ჩაატარა. კვლევაში, „ევროპელი მოზარდების ცხოვრების წესის ჩვევები და ჯანსაღი ცხოვრების ფენომენი’’ შესწავლილი იყო ევროპის 5 ქვეყნის მაგალითი და EDU.ARIS.GE-მ ამ კვლევის შედეგები მოიძია.

კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფოებს, რომლებიც სკოლებიდანვე იწყებენ ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდას, ჰყავს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობა. მაგალითად: პორტუგალიაში მოსწავლეთა 18% ჭარბი წონისაა, დანიაში კი იშვიათია ჭარბწონიან მოსწავლეს შეხვდეთ, რადგან სტატისტიკურად, მოსახლეობის 77%-ს აქ დაბალი წონა აქვს. კვლევის თანახმად, ეს სტატისტიკა სასკოლო პოლიტიკის დამსახურებაა, რადგან პორტუგალიისგან განსხავებით დანიელი სტუდენტები უარს ამბობენ მზა საკვებზე და მათ „უსარგებლო საკვებს“ უწოდებენ, რაც სახელმწიფოს პრინციპული პოლიტიკის შედეგია. ამასთან, დანიაში წახალისებულია სასკოლო სპორტული ტურნირები და კონკურსები. მოსწავლეთა 80% სპორტული საკლუბო გუნდების წევრია. ნაკლები შაქარი და გაჯერებულ ცხიმი, მეტი ხილი და ბოსტნეული, კარგი ვარჯიში, საკლუბო სპორტული აქტიობები, გაკვეთილები სუფთა ჰაერზე და პოზიტიური აზროვნება – ესაა ის რეკომენდაციები, რომელიც კვლევის შედეგად სპეცილისტებმა გასცეს. მათ ასევე მოუწოდეს სახელმწიფოებს, დაიცვან თითოეული ბავშვის სიცოცხლის უფლება და ბიზნეს ინტერესებზე მაღლა მედიკოსთა რეკომენდაციები დააყენონ.

EDU.ARIS.GE კი შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სფეროს განვითარების 10 წლიანი გეგმა წარუდგინა. პრეზენტაციის ერთ ნაწილში საუბარი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაზეც. მინისტრამ განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეძლოს ევროპის სტანდარტებთან მიახლოება და მოსწავლეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების შეთავაზება, რა პირობებზე საუბრობდა მინისტრი და იქნება თუ არა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, ჯერჯერობით უცნობია.

ამავე თემაზე:

ჯანსაღი სკოლის სადილის კვების სტანდარტები – ევროპული გამოცდილება და საქართველოს რეალობა

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური