როგორი შეიძლება იყოს სპორტის გაკვეთილები სკოლაში ცივ სეზონზე – გამოწვევები და სავარჯიშოები კლასების მიხედვით
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, როცა გარეთ ჰაერის ტემპერატურა იკლებს, სპორტის მასწავლებლებისთვის ახალი გამოწვევები ჩნდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ღია მოედნიდან სკოლის დახურულ დარბაზში გადასვლაა. ასეთ დროს პედაგოგები ცდილობენ, გაკვეთილის გეგმა ისე გარდაქმნან, რომ ის სეზონურთან ერთად, სხვა ტიპის გამოწვევებსაც პასუხობდეს.
EDU.ARIS.GE ჩვენი რესპონდენტის დახმარებით მოგიყვებათ, რა კორექტირება შეაქვთ სპორტის პედაგოგებს შემოდგომა-ზამთრისთვის შექმნილ საგნობრივ გეგმაში, რა ხელისშემშლელ გარემოებებს აწყდებიან და როგორ გამოიყურება მათ მიერ შეცვლილი გეგმა. გვესაუბრა ალექსანდრე ლაცაბიძე, თბილისის #21 საჯაროს სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი.
მისი მონათხრობის თანახმად, ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად, პედაგოგებს მართლაც უწევთ საგაკვეთილო გეგმის მოდიფიკაცია, რადგან ისინი ღია მოედნის გამოყენებას ყოველკვირეულად ვერ შეძლებენ.
როგორც აღმოჩნდა, ამ მიზეზით, იმატებს თეორიული გაკვეთილების რაოდენობა.
„სპორტის საგნობრივი კურიკულუმის დაგეგმვაში თავიდანვე გასათვალისწინებელია სეზონური ფაქტორი და როცა კათედრაზე ვიწყებთ მუშაობას, ამ საკითხსაც აქტიურად განვიხილავთ. შესაბამისად ვიცით, რომ ჩვენი გაკვეთილის თემაც უნდა მოვარგოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ცივ სეზონში გვექნება. ამინდთან ერთად, ასევე გასათვალისწინებელია, როგორი ინფრასტრუქტურა აქვს სკოლას, როგორია სკოლის ღია და დახურული სპორტული მოედნისა და დარბაზის მდგომარეობა. თუ სკოლას აქვს ღია მოედანი, კარგ ამინდში ბავშვები ფიზიკური აქტივობებით შეიძლება ღია გარემოშიც დავტვირთოთ, ცივ ამინდებში კი თეორიულ მასალაზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი. მაგალითად, შევიტანოთ ასეთი თემები: ოლიმპიადა და მისი ისტორია, ქართველი სპორტსმენები, პარასპორტი და გამოჩენილი სპორტსმენები, ჰიგიენა და ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტული სახეობების თეორიული გარჩევა და სხვა. ანუ, ადრეული შემოდგომა თუ აქტიური სპორტით და სასკოლო შეჯიბრებებისთვის მზადებით არის დატვირთული, ზამთრის პერიოდში თეორიულ სწავლებას ვაძლიერებთ“, – გვიყვება ალექსანდრე ლაცაბიძე.
პედაგოგის თქმით, როგორც სხვა სეზონზე, ასევე, შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც ყველა მოსწავლეს ავალებს, გაკვეთილზე სპორტული ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით გამოცხადდნენ. ურჩევს, რომ იყვნენ ნაჭამი და თან იქონიონ წყლის სავსე ბოთლი, რადგან როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი აქტივობის დროს, საკვები და წყალი დახარჯულ ენერგიას აღადგენს.
„მოსწავლეთა სპორტულ ჩაცმულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არც ერთი გაკვეთილი არ შეიძლება, სპორტული ჩაცმულობის გარეშე ჩატარდეს, რადგან ის სხვანაირ მოტივაციასა და განწყობას ქმნის. ასევე, მნიშვნელოვანია ჰიგიენის და ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. თუ სპორტის გაკვეთილზე გაოფლიანებული მოსწავლე, არ გამოიცვლის და იგივე სამოსით შევა სხვა გაკვეთილზე, აუცილებლად ჯანმრთელობას დაიზიანებს“, – გვიხსნის მასწავლებელი.
ალექსანდრე ლაცაბიძე გვეუბნება, რომ სწორედაც აქ აწყდებიან სპორტის მასწავლებლები დიდ სირთულეს. რადგან ცივ ამინდში მოსწავლეებს ტანსაცმლის გამოცვლის დიდი სურვილი არ აქვთ. გარდა ამისა, პედაგოგის თქმით, მოსწავლეთა მზაობაზე სიცივესთან ერთად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ის, რომ სკოლებში სრულფასოვანი გასახდელები და ინდივიდუალური კარადები არ არსებობს:
„ცივ სეზონზე მოსწავლეები სულ წუწუნებენ, რომ არ სურთ ტანსაცმლის გამოცვლა, რადგან შესაბამისი პირობებს ვერ ხედავენ. პირადად მე, საქართველოში არ მეგულება არც ერთი საჯარო სკოლა, რომელიც სრულფასოვნად იქნება აღჭურვილი სპორტის საგაკვეთილო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის. სკოლების უმრავლესობას დარბაზიც კი არ აქვთ, არამცთუ გასახდელები და საერთოდ კლასებში მოწყობილი კარადები პირადი ნივთებისთვის. უმეტეს სკოლებში ერთ დარბაზში რამდენიმე კლასის სპორტის გაკვეთილებიც კი ერთმანეთის პარალელურად ტარდება და ეს ძალიან უშლის ხელს სპორტის გაკვეთილების ნორმალურ დაგეგმვას. შესაბამისად, მასწავლებელსაც უფრო მეტი ფიქრი უწევს და ქაოტური გარემოც იქნება, რადგან ბავშვებს აინტერესებთ სად გამოიცვალონ და სად წაიღონ საკუთარი ნივთები, ამ დროს კი დროც იკარგება და ჩვენი აქტივობების განსახორციელებლად ნაკლები დრო გვრჩება“.
კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სპორტის პედაგოგის თქმით, ცივ სეზონზე უფრო აქტიურად იჩენს თავს არაჯანსაღი კვებაა, რაც გონებრივთან ერთად, ფიზიკური სისხარტის შეფერხებასაც იწვევს.
„როცა ვხედავთ, რომ ბავშვი მარტივად იღლება ან მოდუნებულია ვეკითხებით – „ნაჭამი ხარ?“ და პასუხიც უკვე ვიცით, რადგან შედეგი სახეზეა. არაჯანსაღი კვება, ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო ამბავია, როცა მოსწავლეს კვების დეფიციტი აქვს. რა თქმა უნდა, ვუხსნი ყველა მოსწავლეს, იკვებოს ჯანსაღად, მაგრამ არ მაქვს უფლება ვუთხრა: „მიდით, იყიდეთ საჭმელი, ჭამეთ და შემდეგ შემოდით გაკვეთილზე“ – ეს დაუშვებელია. კარგმა პედაგოგმა, ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს და თუ ამ ტიპის მოცემულობას აწყდება ბავშვები აქტივობებით ზედმეტად არ გადაღალოს“, – #21 საჯარო სკოლის პედაგოგი.
ალექსანდრე ლაცაბიძემ EDU.ARIS.GE-ს მკითხველსა და თავის კოლეგებს გაუზიარა ის უნივერსალური აქტივობებიც, რომელიც მას შემოდგომა-ზამთრის სეზონზე საკუთარ საგაკვეთილო გეგმაში აქვს ასახული და ეს ყველაფერი გამოწვევების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებით.
დაწყებითი საფეხური
თეორიული მასალა/მოძრავი თამაშები საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეს ჯერ ავუხსნათ თეორიულად სპორტისა და სპორტული თამაშების შესახებ, შემდეგ კი უშუალოდ ჩავრთოთ მასში. ეს თამაშები მოიცავს ენერგიულ მოძრაობებს და ჩართულია აზროვნებაც. ბავშვის მოძრაობა მრავალფეროვანია და ვითარდება ისეთი ფიზიკური თვისებები, როგორიცაა ძალა, სისწრაფე, მოქნილობა, გამძლეობა, სიმარჯვე.
თამაშები
„მატარებელი“. ამ დროს კლასი გაყოფილია ორ გუნდად, ხოლო ნიშნული დაახლოებით 3 მეტრის მოშორებით დგას. მასწავლებლის ნიშანზე, ორივე გუნდიდან სტარტს იწყებენ პირველი მონაწილეები. მირბიან, შემოუვლიან ნიშნულს და მორბიან უკან. წრეს არტყამენ თავიანთ გუნდს და იბამენ მეორე მონაწილეს. მერე მესამეს და ა.შ. ეს აქტივობა ხელს უწყობს გამძლეობისა და სისხარტის განვითარებას.
„დათვები ყინულზე“. მოედნის ერთ მხარეს არის კლასის მოსწავლეები ხოლო მეორე მხარეს „დათვები“ (ორი მოსწავლე). დათვების აუცილებელი პირობაა, რომ ხელჩაკიდებულებმა დაიჭირონ რაც შეიძლება მეტი მოსწავლე. აქტივობა ავითარებს გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევებს.
საბაზო საფეხური
თეორიული მასალა/გუნდური სპორტული თამაშები. ხდება სპორტული სახეობების ელემენტების შესწავლა. შერეული სპორტული სახეობის თეორიული განხილვა და პრაქტიკული მეცადინეობები. გუნდურობის შემოტანა სხვადასხვა ელემენტებით. მაგალითად სიტუაციის შეფასება, თუ ვის მიაწოდოს მოსწავლემ ბურთი, ვინ არის კარგ პოზიციაში. ამის მიხედვით ვასწავლით ბურთის მიღებას, გადაცემას, ტყორცნას.
საშუალო საფეხური
თეორიული მასალა/შეჯიბრებები/პირველადი დახმარების შესწავლა. ამ კლასებში არის წინა წლებში დაგროვებული სპორტული ცოდნისა და უნარების შეკვრა სხვადასხვა შეჯიბრის ორგანიზებით. ჯერ ტარდება შიდა საკლასო შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში, შემდეგ კლასებს შორის და ბოლოს სასკოლო. ამას ემატება პირველადი დახმარების შესწავლა. ასევე, რაც ყველაზე კარგად მუშაობს ჩვენს სკოლაში – „ორიენტირი გარემოში“ . ამ დროს ბავშვებმა უნდა იპოვონ მინიშნებები, გადალახონ წინააღმდეგობები და უმოკლეს დროში მიაღწიონ მიზანს.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება