GE

„სახლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ განიხილება” – სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის განცხადებით,  2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კოვიდინფიცირებული აბიტურიენტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები მუშავდება და გამორიცხულია, რომ პაციენტს გამოცდის სახლიდან ჩაბარების უფლება მისცენ. ამის შესახებ მან 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გამოცდების მზადების პროცესზე ისაუბრა.

„ცენტრი ცდილობს თავი აარიდოს გამოცდის საგამოცდო ცენტრს გარეთ, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებას. თუ გვეყოლება ერთზე მეტი აბიტურიენტი, ეს იქნება პრობლემატური. შესაბამისად, სხვა სქემაა შემუშავებული და ვფიქრობთ, ეს არ გახდება საჭირო. ასევე, შემიძლია პირდაპირ დაგიდასტუროთ, რომ სახლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ განიხილება”-  თქვა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს ტემპერატურა დაუფიქსირდებათ სპეციალურ სივრცეებში მოათავსებენ.

“გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც ის აბიტურიენტები განთავსდებიან, ვისაც ტემპერატურა გამოცდის დღეს დაუფიქსირდებათ. წელსაც ისევე, როგორც წინა წელს, გვექნება ფარები და დაცული იქნება თითოეული მერხი. ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვიქნებით ამ პროცესისთვის, ვიდრე შარშან ვიყავით. ყველა საკითხი, რაც COVID 19-ს ეხება არის იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვიწერა. სავარაუდოდ, ბევრი რეკომენდაცია იგივე დარჩება, თუმცა, არ გამოვრიცხავ, დაზუსტდეს გარკვეული რეკომენდაციები. ასევე, ინფიცირებული აბიტურიენტების მართვის შესახებ გვექნება დამატებით ბრიფინგი, სადაც ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ”,- ამბობს სოფიო გორგოძე.

2021 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე 38 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული, პროცესი პირველ ივლისს იწყება.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური