GE

საზღვრები, რომლებიც უნდა დავუწესოთ ბავშვებს ეკრანზე მიჯაჭვულობისას

პროფესორი და ბავშვთა ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვებში ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, გახშირდა მშობლების შეკითხვებიც ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც ძალიან ხშირად ბავშვები მიჯაჭვული არიან კომპიუტერს. ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ყველაზე ხშირად პრობლემას ქმნის ფაქტი, როდესაც მშობლები შვილებს ეუბნებიან იმას, რასაც თვითონ არ აკეთებენ ანუ თავად მშობლები არიან ეკრანებზე მიჯაჭვული და არც დროის ბალანსს იცავენ.

„ძალიან ხშირად მშობლები გვეკითხებიან ბავშვების კომპიუტერთან დაკავშირებულ ჩვევებზე და ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ხშირად, ბავშვები მიჯაჭვული არიან კომპიუტერს. ყველზე ხშირი კითხვები, რომლებსაც მშობლები იძლევიან არის – როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვები ან როგორ უნდა დავუწესოთ მათ გარკვეული წესები გაჯეტებთან ურთიერთობისას. მშობლები არ აწესებენ დროს ანუ ბავშვებს აქვთ სრულიად თავისუფალი გრაფიკი, მათ შეუძლიათ ნებისმიერი გაჯეტის გამოყენება და შესაბამისად, ეს არის ხოლმე მშობლისთვის დროის გამოთავისუფლების ძალიან კარგი საშუალება. ხშირად, მშობლები ზუსტად კომპიუტერს იყენებენ იმისთვის, რომ ბავშვს აჭამონ საჭმელი და კვების პრობლემა როგორმე ამით მოაგვარონ. ეს არის ასევე ძილის წინა პერიოდი, როდესაც ცდილობენ, რომ ბავშვი გაჯეტით დააძინონ. ეს ყველაფერი არის პრინციპში შეცდომა, ჩვენ ბავშვებს ვეუბნებით იმას, რასაც თვითონ არ ვაკეთებთ, ანუ ჩვენ, მშობლები ვართ თვითონ მიჯაჭვული ეკრანებზე და ეს საეკრანო დროის ბალანსი არ არის დაცული“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

ფსიქოლოგის რეკომენდაციაა, რომ ყველა სახლში არსებობდეს კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთიერთობის წესები, არა მარტო შვილებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც.

„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – სახლში უნდა არსებობდეს წესები არამხოლოდ შვილებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც. ყველაზე კარგი და სასარგებლო ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ ვიყენებთ ე.წ. კომპიუტერული დროის ბალანსის სტრატეგიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ადგილები და დროები, როდესაც ჩვენ ვარსებობთ კომპიუტერებისა და გაჯეტების გარეშე. მშობლებისა და ბავშვების საძინებლებში კომპიუტერები და ტელევიზორები არ უნდა არსებობდეს. ეს ადგილია, ერთობლივი აქტივობისა და დროის გასატარებლად. და, ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ საშუალებას, რომ ითამაშონ კომპიუტერთან ან უყურონ გარკვეულ ფილმებს ან მულტფილმს, ჩვენ უნდა მოვძებნოთ დრო და მათთან ერთად სულ მცირე დროც გავატაროთ კომპიუტერთან ერთობლივად. ასევე მთავარია, რომ ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ არა გასართობი მიზნით კომპიუტერის გამოყენება, არამედ იმისთვის, რომ მათ ზუსტად იმ დანიშნულებით გამოიყენონ, რაც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ“, – აცხადებს თამარ გაგოშიძე.

მშობლების სამი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა მოზარდებთან ურთიერთობისას და თამარ გაგოშიძის რეკომენდაციები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური