„განათლების იდეალური ხარისხიც რომ გვქონდეს, რეპეტიტორთა სისტემა მაინც იარსებებს“ – შალვა ტაბატაძე
„საატესტატო გამოცდების შედეგები, თავის დროზე, არაფრისმომცემი იყო“ – ამ განცხადებას EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განათლების სფეროს ექსპერტი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე აკეთებს, რომელსაც საატესტატო გამოცდების დაბრუნების საჭიროებასა და პერსპექტივაზე დავუსვით კითხვები. იგი ამბობს, რომ გამოცდები არანაირ კავშირში არ იყო უმაღლესში მისაღებ სისტემასთან, ამდენად მათი არსებობა ხელშესახებ პოზიტიურ რეზულტატს არ იწვევდა.
აღნიშნული საკითხი მას მერე გააქტიურდა, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის დროს EDU.ARIS.GE -ს არაერთმა მკითხველმა გამოთქვა სურვილი, რომ საატესტატო და საფეხურიდან საფეხურზე გადამსვლელი გამოცდების აღდგენაზე სამინისტრომ მუშაობა დაიწყოს.
კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად დროული იქნებოდა ეს ახლა, გაუქმებიდან სამი წლის თავზე, ჩვენ შალვა ტაბატაძეს დავუსვით და დავინტერესდით იმითაც, თუ რა კონკრეტულ სარგებელს მოიტანდა იგი. ჩვენი რესპონდენტი გამოცდების იმ სახითა და ფორმით აღდგენას, რაც უკვე გვქონდა, სრულიად უსარგებლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მას არც მოსწავლისთვის და არც სისტემისთვის დადებითი შედეგები არ მოჰქონდა. შესაბამისად, სახელმწიფოს ფინანსური რესურსიც არასწორად იხარჯებოდა და მშობლებისაც, რომლებმაც შვილების მომზადება ამ საგნებშიც დაიწყეს.
ამიტომ, ტაბატაძის აზრით, იმ ფორმატით საატესტატო გამოცდები გასაუქმებელი იყო. მეტიც, ამბობს, რომ ამან გარკვეული პოზიტიური შედეგებიც კი მოიტანა სკოლებში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლის კუთხით. ანუ, გამოცდების გაუქმების შემდეგ საშუალო საფეხურზე სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, რადგან, ექსპერტის აზრით, სკოლები მოსწავლეებს აიძულებდნენ სკოლა დაეტოვებინათ, რათა საატესტატო გამოცდებზე დაბალი შედეგი არ ეჩვენებინათ. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, საატესტატო გამოცდების გაუქმების პოზიტიური მხარე ცალსახაა.
თუმცა, შალვა ტაბატაძის აზრით, არა ასე ხელაღებით გაუქმება, არამედ რეფორმირება იქნებოდა უპრიანი. ამბობს, რომ იმ წლების შედეგების ანალიზი აჩვენებს, თუ რა ტიპის ხარვეზებია განათლების ხარისხთან დაკავშირებით სისტემაში, რომელ საგნებსა და რეგიონებში გვაქვს პრობლემები. ამ ანალიზის საფუძველზე, საატესტატო გამოცდების ალტერნატივა უნდა შექმნილიყო, რომლითაც სახელმწიფოს სისტემის პულსზე ედებოდა ხელი.
„საატესტატო გამოცდების რეფორმირება შეიძლებოდა მისაღები სისტემის რეფორმირების კონტექსტში, როდესაც საატესტატო გამოცდების შედეგებს, უმაღლესში მიღებაზე გავლენა ექნებოდა. ოღონდ, რა თქმა უნდა, ტესტირების ტრანსფორმაციის შემდეგ და არა იმ ტესტებით, რაც გამოიყენებოდა. ეს არ მოხდა, ამ წლებში არანაირი ალტერნატივა არ იქნა შეთავაზებული, რაც პრობლემატურია და სწორედ ამან გამოიწვია ნოსტალგია საატესტატო გამოცდებისადმი. მშობლებს აქვთ განცდა, რომ სიტუაცია გაუარესდა“, – აცხადებს ექსპერტი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც პარლამენტში მინისტრი შეეხო, რეპეტიტორთა ინსტიტუტია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამ თემაზე საუბარი მიხეილ ჩხენკელს ერთ-ერთი დეპუტატის, კითხვის პასუხად მოუწია, რომელმაც განაცხადა, რომ რეპეტიტორთა სისტემისადმი ინტერესი კვლავ მზარდია და რომ მშობლებს კვლავ უწევთ შვილების დამატებით მომზადება რაც, დეპუტატის აზრით “განათლების სისტემაში დიდი ჩავარდნაზე” მიუთითებს. პასუხად ჩხენკელმა აღნიშნა, რომ „ჩვენი მიზანია, რეპეტიტორები საჭირო აღარ იყვნენ.“
„ჩვენი მიზანია, რომ რეპეტიტორები საჭირო აღარ იყვნენ“ – განათლების მინისტრის პასუხი დეპუტატს
შალვა ტაბატაძეს ვკითხეთ, ხედავს თუ არა, რეალურად, ამ მიზნის მისაღწევად, ხელისუფლების მხრიდან, გადადგმულ ნაბიჯებს და მართლაც კეთდება თუ არა რამე, რათა უმაღლესში ჩასაბარებლად რეპეტიტორთა ჩართვა აღარ გახდეს საჭირო. იგი ფიქრობს, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტი კი არაა პრობლემა, არამედ სკოლებში არსებული განათლების ხარისხი და ის, რომ მისაღები გამოცდებისთვის სასკოლო ცხოვრება არაფერს ნიშნავს.
„რეპეტიტორები სულ იქნებიან. განათლების იდეალური ხარისხიც რომ გვქონდეს, რეპეტიტორთა სისტემა რაღაც დონეზე, რაღაც სეგმენტში მაინც იარსებებს. უბრალოდ, ეს, შეიძლება, უმაღლესში მიღებაზე არ იყოს მიბმული. ეს ინსტიტუცია თავის როლს ასრულებს – გარკვეული ცოდნის დანაკლისს ავსებს. ამიტომ, მის გაუქმებაზე კი არა, სკოლის ფუნქციის დაბრუნებასა და მისი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იყოს საუბარი. თუმცა, ამ კონტექსტში მსჯელობა ნაკლებადაა. ამ კონცეპტუალურ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა და დანარჩენი უკვე რიტორიკა და სპეკულაციაა, რომ რეპეტიტორები აღარ გვეყოლება“, – ამბობს ექსპერტი.
ექსპერტმა მინისტრის მთლიანი გამოსვლაც შეაფასა და განაცხადა, რომ მასში არც პოზიტიური და არც ნეგატიური თვალსაზრისით გამოკვეთილი და ხაზგასასმელი აქცენტები არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ისეთი ადგილია, სადაც თემატური დებატები უნდა იმართებოდეს და მინისტრი იძულებული ხდებოდეს გამოწვევების შესახებ დეტალურად ისაუბროს. მთელი მისი გამოსვლა, ტაბატაძის თქმით, სტანდარტული იყო – პოზიტივზე აგებული, რეალური პრობლემების უგულვებელყოფით. სიღრმისეული კითხვების არარსებობამ, მისი აზრით, მინისტრი კომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან პარლამენტში ოპოზიციაც კი, ამ თვალსაზრისით, მოუმზადებელია ხოლმე.
„ეს არაა ადგილი, სადაც შეიძლება ცუდად განხორციელებული პოლიტიკის რევიზია მოხდეს. მინისტრის სასაუბრო თემატიკაც, ძირითადად, არ იცვლება და იგი მხოლოდ და მხოლოდ პიარ – კამპანიას ემსგავსება. აქცენტები კეთდება ინტერნაციონალიზაციაზე, ქუთაისის უნივერსიტეტზე, განათლების საერთაშორისო ჰაბად ქცევაზე, რისი რეალური პერსპექტივაც, გარდა სამედიცინო მიმართულებისა, არ ჩანს. საუბარი მიდის მხოლოდ წარმატებებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომელთაც, თუკი ჩავუღრმავდებით, შესაძლოა ვნახოთ, რომ თანხები წყალში გადაყრილია. ამ გამოწვევებზე უნდა ვისაუბროთ და არა იმაზე, რომ 800 სკოლა აშენდება, რომელთა მოვლა-პატრონობაც, შესაძლოა, რამდენიმე წლის მერე პრობლემა იყოს.
„დღეს გვაქვს სოფლები, რომელსაც ექვსი შენობა გააჩნია, მაგრამ ექვსივე ინგრევა, რადგან მათი გამოყენება ფიზიკურად ვერ და არ ხდება. ამიტომ, სისტემა ცოტა სხვანაირად უნდა იყოს გადააზრებული, რაზე მსჯელობაც არ მიდის. მშობლებს კონკრეტული საკითხები აინტერესებთ, პოლიტიკოსებს, კი სამწუხაროდ, თავისი პარტიული დღის წესრიგი აქვთ და აქ ყველა შტოს ვგულისხმობ – სახელისუფლებოსაც და არასახელისუფლებოსაც”, – დასძენს შალვა ტაბატაძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მოხსენებით პირველ დეკემბერს წარსდგა.
ასევე იხილეთ:
„ჩვენი მიზანია, რომ რეპეტიტორები საჭირო აღარ იყვნენ“ – განათლების მინისტრის პასუხი დეპუტატს
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება