GE

შეძლებენ თუ არა დაწყებითი კლასების მოსწავლეები პირბადის ტარების წესის დაცვას სკოლაში? – ფსიქოლოგების მოლოდინი

28 სექტემბერს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ გამართულ ბრიფინგზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან საზოგადოებამ გაიგო, რომ სკოლაში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება უკვე ყველა კლასის მოსწავლისთვის.

“განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ვიმეორებ, რომ ყველანაირი პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული იმისთვის, რომ იქ იყოს და არის ჯასაღი გარემო”, – განმარტა ბრიფინგზე მიხეილ ჩხენკელმა.

რამდენად რეალისტური და მოსალოდნელია, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ზედმიწევნით შეასრულონ როგორც გაკვეთილზე, ასევე სკოლის სივრცეში პირბადის ტარების წესები და როგორ უნდა განხორციელდეს ან გაკონტროლდეს ეს პროცესი, ამ საკითხზე შეფასება EDU.ARIS.GE-მ როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგებს, ისე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სთხოვა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან განმარტება არ მიგვიღია, თუმცა სრულიად გასაგები პოზიციის პასუხები მივიღეთ ფსიქოლოგებისგან.

ფსიქოკონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი ირინა ტაბუციძე ამბობს, რომ ბავშვები პირბადის გაჩერებას ვერ შეძლებენ და ამის ცრუ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. მისი შეფასებით, თავად გადაწყვეტილებაც ფორმალურია.

“რაც შეეხება დაწყებითი კლასის ბავშვებში პირბადის ტარების საკითხს: 6-7 წლის ასაკში, მართალია, ბავშვისათვის მნიშვნელოვანია, მასწავლებლის კეთილგანწყობა, მისი მოლოდინების გამართლება, მოთხოვნების შესრულება და ამას ძალიან ცდილობენ… მაგრამ მაინც შეუძლებელია მოლოდინი გვქონდეს, რომ მთელი სასწავლო პროცესის დროს, ანუ 3-4 საათი (კერძო სკოლებში ეს დრო ბევრად მეტია), მუდმივად აკონტროლოს თავისი ქცევა და არ მოიხსნას ნიღაბი, არ შეეხოს სახეს ხელით, მუდმივად დაიცვას ჰიგიენა. ამ ასაკში მისი ყურადღების კონცენტრაციის უნარი ნახევარ საათს არ აღემატება და ეს უნდა გვახსოვდეს. ზოგადად კი, ალბათ ვიტყოდი, რომ დაწესებული რეგულაციების პირნათლად შესრულება, მოგეხსენებათ ზრდასრულებსაც ძალიან უჭირთ და ამიტომ, მაიმცდამაინც ამ ასაკის ბავშვებს ნუ მოვთხოვთ”, – ამბობს ირინა ტაბუციზე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი ზანდა ჩეჩელაშვილი კი მიიჩნევს რომ პირბადის ტარების წესის დაცვა შესაძლებელი იქნება წესის კორექტირებით, თუმცა ამბობს, რომ მთავარი პრობლემა მოუმზადებლობაა. მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილებას ისე ვიღებთ, რომ ამისთვის არ ვემზადებით, არ ვიღებთ პრევენციულ ზომებს და მხოლოდ პრობლემის წარმოჩენის შემდეგ ვფიქრობთ მისი მოგვარების გზებზე.

“იცით რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, ჩვენ არ ვემზადებით წინასწარ და ახლაც პრობლემაა იმაში, რომ წინასწარ არ მოვემზადეთ. სკოლებში ეს ბავშვები როგორ ბრუნდებიან, ან სირთულეები რომ წამოვა სხვადასხვა სახის, ამასთან რამდენად აქვს გამკლავების რესურსი ან პედაგოგს ან ადმინისტრაციას ან საერთოდ სისტემას, ამაზე ბევრი კითხვის ნიშანია. ერთი, რაზეც ყველა ვთანხმდებით არის ის, რომ ბავშვი უნდა დაბრუნდეს სკოლაში და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა ბავშვს არ შეექმნას, ყველაფერ დანარჩენზე კი მინდობილი ვართ, რომ პრობლემა რომ წარმოიქმნება მერე ვეცადოთ ამის მოგვარებას”, – ამბობს ზანდა ჩეჩელაშვილი

სპეციალისტის აზრით, ბავშვებს პირბადის ტარების წესის დაცვა არ გაუჭირდებათ და ამის ორ მიზეზს ასახელებს:

“ეს არის სიახლე და პრაქტიკამ უნდა გვიჩვენოს იქნება თუ არა ბავშვებში პირბადის ტარება პრობლემა. ზოგადად, ბავშვის ასაკობრივ განვითარებას რომ შევხედოთ, როდესაც რაღაც წესი არსებობს, ბავშვები მიჰყვებიან ამ წესს ბევრი გააზრებისა და ბევრი კითხვის დასმის გარეშე. ავტორიტეტები ეუბნებიან, რომ ეს წესები არსებობს და ბავშვები წესებს მიჰყვებიან. რაც შეეხება იმას, შეძლებენ თუ არა პირბადის გაჩერებას, პირველკლასელებს, ალბათ, უფრო ნაკლები დროის გატარება მოუწევთ სკოლაში და ღია სივრცეში გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ, სადაც პირბადის მოხსნას შეძლებენ, მთელი დღე არ ეკეთებათ. პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არის ის, რომ აუცილებელია ბავშვებმა სკოლაში იარონ, პირბადის გაჩერება კი შესაძლებელი იქნება, იმიტომ, რომ ბავშვები წესსაც დაემორჩილებიან და მეორე, უკვე დიდი ხანია ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და ეს ახალი ბავშვისთვის არ არის. ის, რომ აქამდე არ უნახავს პირბადე და ახლა უცებ სთხოვენ, ასე ნამდვილად არ იქნება. შეუძლებელი ეს არ არის, მაგრამ ცხადია ამ წესს მოდიფიცირება დასჭირდება, ვინაიდან ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის”, – გვეუბნება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი ზანდა ჩეჩელაშვილი.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. დასწრებულ ფორმატში განახლდება სწავლა ასევე პროფესიულ კოლეჯებშიც.

ასევე იხილეთ:

სკოლებში პირბადის გამოყენება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო ხდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური