GE

„შეიძლება ითქვას, რომ გამოცდაზე გასვლას გვაძალებენ“ – გამოცდიდან გამოსული პედაგოგების შეფასებები

2019 წლის ეროვნული გამოცდებს დღეს მასწავლებლებიც შეუერთდნენ. ისინი დღეს პროფესიულ უნარებს აბარებენ. მასწავლებელთა გამოცდის პირველივე დღეს დაგვიანების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე იყო ფაქტებიც, როცა გამოცდის მონაწილე პედაგოგებს საგამოცდო ცენტრები აერიათ.

მიუხედავად იმისა რომ გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათია, პედაგოგებმა ცენტრებიდან გამოსვლა თითქმის ერთ საათში დაიწყეს. მათ საგამოცდო საკითხებსა და ზოგადად გამოცდების საჭიროებაზე EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრეს.

,,აბა შემომხედე შვილო, რაღა დროს ჩემი გამოცდაა“ – ასეთი განწყობა აქვს პროფესიული უნარების გამოცდაზე გორის საგამოცდო ცენტრში მისულ ერთ-ერთ პედაგოგს. ნანული კალატოზოვი ფლავის საჯარო სკოლის მაწავლებელია და ფიქრობს, რომ გამოცდები პედაგოგების დამცირებას ისახავს მიზნად.

,,მე კომუნისტების დროს დავამთავრე ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი და 5 წელი ვისწავლე, პრაქტიკაც მივიღე, თეორიაც მივიღე და ყველაფერი. აბა შემომხედე შვილო, რაღა დროს ჩემი გამოცდაა. მე გამოცდა არ მჭირდება და დამცირებულად ვგრძნობ თავს. მე არ მომწონს ეს სიტუაცია. აქედანვე დათრგუნული შევდივარ და იქ რა უნდა გავაკეთო. ალაყაფის კარის გავლა გვიწევს“, – განაცხადა ნანული კალატოზოვმა.

175-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან პირველი მასწავლებელი საათნახევარში გამოვიდა. ის ამავე სკოლის სპორტის პედაგოგია და ამბობს, რომ გამოცდაზე აუცილებლობის გამო გავიდა.

“საინტერესო საკითხები იყო მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობებზე. სხვათაშორის არ მიმეცადინია, პირდაპირ მოვედი. ამ სკოლაში ვასწავლი სპორტს. გამოცდაზე გასვლის სურვილი აქამდე არ მქონია, მაგრამ ახლა მაიძულეს, გეუბნებიან უნდა გახვიდე რომ შეინარჩუნო სამსახური, სხვა გზა არა გაქვს და გავედი. 54 წლის ვარ, 34 წელია აქ ვმუშაობ, არ უნდა მჭირდებოდეს მე ამდენი გამოცდები.საკითხები რომ ვნახე საინტერესო და კარგია, უბრალოდ ამის დროც არ მქონდა დავმჯდარიყავი და მემეცადინა. ტესტებში რაც კითხვები იყო, ის შემოვხაზე. მარტივი იყო თუ არა შედეგებით გამოჩნდება. თემა არ დამიწერია და არც წამიკითხავს რას ეხებოდა”, – გგვითხრა მამუკა ელოშვილმა.

მათემატიკის პედაგოგი რუსთავიდან: “საკითხები სწავლების თეორიას ეხებოდა, ფსიქოლოგებმა ვინ თქვა და როგორ თქვა. შენ სიტყვა-სიტყვით უნდა იცოდე ვინ რა თქვა, მაშინ როცა საქმეში შეიძლება არც ერთი არ გამოგადგეს. ყველამ იცის, ვინც სკოლაში ნამუშევარია, რომ მასწავლებლისთვის მზა რეცეპტი არ არსებობს. რაც შეეხება მოტივაციას, ასეც შეიძლება ითქვას, რომ დამაძალეს გადი გამოცდაზეო. 42-ე სასწავლო წელი ჩავათავე, 64 წლის ვხდები რამდენიმე დღეში, ვამბობ, ნეტავ ერთი წლით დიდი ვიყო, საპენსიო ჯილდოს ავიღებდი და წავიდოდი”.

“ძალიან მარტივიც არ იყო, ბევრი გაანალიზება სჭირდებოდა, დღევანდელობასთან დაკავშირება იყო საჭირო. ძალიან კარგი კითხვები იყო, რაც შემეძლო ვუპასუხე. თემა იყო ბავშვების გარშემო, დღევანდელი მოზარდები ცოტა ემოციურები არიან და განსხვავებული მიდგომები აუცილებელია. ინკლუზიური ბავშვები, მათთან მუშაობაზე იყო გამახვილებული ყურადღება და საერთოდ ბავშვები და კონფლიქტები ეს საკითხები იყო. 42 წელია ვმუშაობ თბილისის 167-ე საჯარო სკოლაში, დაწყებითების პედაგოგად. ყველა წოდება მქონდა აბსოლუტურად ჩემი ასაკის და მიხედვით. სურვილი მაქვს ახალგაზრდებს დავუთმო ასპარეზი. თუ ჩავაბარე ხომ კარგი და თუ არა ძალიან კარგი შემოთავაზებაა სამინისტროს მხრიდან. ასე დაფასებულად მადლობას რომ გეუბნებიან და თან ანაზღაურებასაც გაძლევენ, ნამდვილად დასაფასებელია. შევხედავ სიტუაციას და მინდა რომ ახალგაზრდებს დავუთმო ადგილი”, – ამბობს ნაზი კილაძე.

გამოცდაზე მოსულ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ის ესაუბრა ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პედაგოგიც: ,,რთულები არ ყოფილა. პიაჟე და ვიგოცკი იყო, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაზეც შემხვდა დავალება, ასევე სკოლაში კონფლიქტის მოგვარების სიტუაცია, დასაბუთებები. საბოლოო ჯამში, ეს ტესტი პედაგოგის ანალიტიკური აზროვნების შესაფასებლად საკმარისია”, – ამბობს ცაგერის რაიონის სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მამია ბენიძე.

,,ურთულესი იყო. ღია დავალებებიდან ნახევარზე მეტი უპასუხოდ დავტოვე. ყველა ფსიქოლოგის თეორია იყო. უარებზე მეორედ გამოვედი. პირველად, დაახლოებით, 4 წლის წინ ვიყავი. ახლაც საგნის გამოცდისთვის ვემზადებოდი, ორივეს ერთად მომზადება შეუძლებელია. ვნახოთ, საგანის გამოცდებზე რა იქნება. ბუნებისმეტყველებას ვასწავლი VII-IX კლასებში და ძალიან დიდი მასალაა. ჩემს სექციაში პედაგოგები არაფერს არ აკეთებდნენ, კითხულობდნენ მილიონჯერ, მაგრამ თუ არ იცი, როგორ დაწერ?!” – გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა კიდევ ერთმა პედაგოგმა.

შორენა ლაშხია, 147-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი: ,,ადვილი გამოცდა ნამდვილად არ იყო, მაგრამ წესით უნდა ვიცოდეთ მასწავლებლებმა. დახურული კითხვები ცოტა იყო. უფრო ღია კითხვები იყო, რაზეც უნდა გეფიქრა. გამოცდაზე ყველა პირობა იყო იმისთვის, რომ კარგად გემუშავა. ორი კრედიტი მაკლია სტატუსი, რომ ავიმაღლო. წარმატების იმედი ნამდვილად მაქვს.”

წელს მასწავლებელთა გამოცდაზე 31500-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, აქედან 10 000-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველია. მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდები ქართულ ენასთან ერთად, რუსულ, სომხურ  და აზერბაიჯანულ ენებზეც ტარდება. პროცესი 21 ივლისს დასრულდება.

ამავე თემაზე:

რუისელ პედაგოგს გამოცდაზე ტრანსპორტის არარსებობის გამო დააგვიანდა

მასწავლებელთა გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გამოცხადდება

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს თამთა ვირსალაძემ, ნიკა გაბლიშვილმა, ანუკი წიწილაშვილმა და მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური