GE

„შრომის ბაზრის პულსს ვგრძნობთ“ – ევროპის უნივერსიტეტი სიახლეებითა და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით

ახალი კამპუსები, ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, უპირობო აკრედიტაცია, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა, გაცვლითი პროგრამები და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება – ამ და სხვა სიახლეებით ასრულებს სასწავლო წელს ევროპის უნივერსიტეტი და ხვდება ახალ სასწავლო წელსა და პირველკურსელებს.

სიახლეების ჩამონათვალი კი მართლაც ვრცელია და მორგებული იმ პრაქტიკულ საჭიროებებზე, რაც, ერთის მხრივ ახალგაზრდებს გააჩნიათ, მეორეს მხრივ კი მათ პოტენციურ დამსაქმებლებს – შრომით ბაზარს.

ამავდროულად, ევროპის უნივერსიტეტი უკვე საერთაშორისო რანჟირების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, QS World University Rankings -ის წამყვანი უნივერსიტეტების პლატფორმაზეა წარმოდგენილი, რაც განამტკიცებს უნივერსიტეტის ადგილს საგანმანათლებლო ასპარეზზე და ხელს უწყობს მისი ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეებში. მოგეხსენებათ, QS World University Rankings ლონდონში მოქმედი დამოუკიდებელი უმაღლესი განათლების შემფასებელი ორგანიზაციაა და უნივერსიტეტების შეფასებას, სხვადასხვა მიმართულებებით, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად ახორციელებს.

დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე, სიახლეებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს და რომლებმაც იგი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საგანმანათლებლო დაწესებულებად აქცია, EDU.ARIS.GE ევროპის უნივერსიტეტის რექტორს, ნინო ტალიაშვილს ესაუბრა:

– რა პროგრამებს სთავაზობს 2025-2026 სასწავლო წლისთვის ევროპის უნივერსიტეტი ახალგაზრდებს და რა სიახლეებით ხვდება მათ?

ნინო ტალიაშვილი: ახალ სასწავლო წელს ბევრი სიახლით ვხვდებით. დაგვემატა საგანმანათლებლო პროგრამები – ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურ და ქართულ ენოვანი სამწლიანი პროგრამები; ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსებისა და აუდიტის ქართულ და ინგლისურენოვანი სამწლიანი პროგრამები. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია ვეტერინარიის ინგლისურენოვანი, ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამაც. პროგრამაზე აკრედიტაციის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით, ვიქნებით პირველი უნივერსიტეტი, რომელიც ზემოაღნიშნულ პროგრამას განახორციელებს. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ 180 კრედიტიანი, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამები ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის ნოვაციაა. ამ კუთხითაც ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამები შეიმუშავა და უპირობო აკრედიტაცია მოიპოვა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ცვლილებები ამ მხრივაც გვაქვს. გავფართოვდით, სამი ახალი კორპუსი დავიმატეთ. ერთი მათგანი მთლიანად ვეტერინარიის პროგრამას მოემსახურება, ორი კი – მედიცინას. სამივე კორპუსი სრულად აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიებით, სიმულაციური ცენტრებითა და კაბინეტებით.

სიახლე გვაქვს იმ მხრივაც, რომ თუკი აბიტურიენტები არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას პირველ პრიორიტეტად აირჩევენ, სწავლა სრულად დაუფინანსდებათ. თუმცა, ამ შესაძლებლობის შემდეგ წლებში შესანარჩუნებლად აუცილებელია მაღალი აკადემიური მოსწრება, კერძოდ GPA არანაკლებ 85 ქულა (3.4)

– რა მოლოდინები გაქვთ ახალი სასწავლო წლისთვის? რამდენად მაღალია დაინტერესება აბიტურიენტების მხრიდან და რა აჩვენა მაისში გამართულმა ღია კარის დღემ?

ინტერესი, ახალგაზრდების მხრიდან, ევროპის უნივერსიტეტის მიმართ, საკმაოდ მზარდია. განსაკუთრებული ინტერესია მედიცინის, სტომატოლოგიისა და ვეტერინარიის პროგრამებზე. ღია კარის დღე, რომელიც მაისში ჩავატარეთ, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო აბიტურიენტებისა და მათი მშობლების მხრიდან. ასევე მასშტაბური იყო აბიტურიენტებისთვის გამართული ესეების კონკურსი, რომლის შედეგადაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად ჯანსაღი აზროვნების ახალგაზრდები გვყავს.

– ძირითადად რით ინტერესდებოდნენ ახალგაზრდები ღია კარის დღეზე და თქვენი დაკვირვებით, რამდენად იცვლება მათი ინტერესები წლების განმავლობაში?

განსაკუთრებულად აინტერესებთ რამდენად იქნება შესაძლებლობა პრაქტიკულად შეასრულონ ეს თუ ის დავალება. მოგეხსენებათ, ვეტერინარიაც, მედიცინაცა და სტომატოლოგიაც ისეთი პროფესიებია, რომ პრაქტიკულ სამუშაოს დიდი ადგილი უჭირავს. აინტერესებთ არის თუ არა ჩვენი ლაბორატორიები სრულად აღჭურვილი, რამდენი აფილირებული კლინიკა გვაქვს, რამდენად ექნებათ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა და ა.შ.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს სამი საგანმანათლებლო პროგრამა აინტერესებთ. ინტერესი დიდია ბიზნესისა და სამართლის სპეციალობების მიმართაც. განსაკუთრებით პოპულარულია ბიზნესის ადმინისტრირების სამ წლიანი პროგრამა, რომელიც სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობას უფრო სწრაფად მისცემს და შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიან კადრებს მოკლე პერიოდში მოამზადებს.

– რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლანდელი აბიტურიენტები უფრო მომზადებულები მოდიან ღია კარის დღეებზე, უფრო კონკრეტულ და საქმიან კითხვებს სვამენ და ინფორმირებულ არჩევანს აკეთებენ?

ნამდვილად ასეა. გამიკვირდა კიდეც, ღია კარის დღეზე იმდენად მომზადებული ახალგაზრდები მოვიდნენ. მიზნობრივი შეკითხვები ჰქონდათ თავად აბიტურიენტებს. ძალიან გაცნობიერებულები არიან გაცვლით პროგრამებში. ბევრ ინფორმაციას ფლობენ და ზუსტ კითხვებს სვამენ. პირდაპირ გვეკითხებოდნენ რომელ კლინიკებთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმები და სად ექნებათ პრაქტიკების გავლის შესაძლებლობა. ვცდილობთ, მათი შეკითხვები და ინტერესი მთლიანად ამოვწუროთ.

– გარდა საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური აქტივობებისა, რა დახვდებათ თქვენთან მოსულ პირველკურსელებს? რამდენად მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას სთავაზობთ?

უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს მათ, ხარისხიანი განათლების გარდა, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებაც შესთავაზოს. სტუდენტს სწავლის მიღმა დასვენებაც სჭირდება და გართობაც. არაერთ აქტივობას ვთავაზობთ – გვაქვს კლუბები, სპორტული და სახელოვნებო გუნდები. მაგალითად, ფუტსალის გუნდი, გოგონათა ფრენბურთის გუნდი, ცეკვის ანსამბლი, მუსიკალური ბენდი, მოლაშქრეთა კლუბი, მეთევზეთა კლუბი და ა.შ. ამ კლუბებში შესაბამისი ინტერესის მქონე სტუდენტები ერთიანდებიან და მრავალფეროვან საქმიანობას ეწევიან. გოგონათა ფრენბურთის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ა.შ. უნივერსიტეტი ყველაფერ ამას ფინანსურად ხელს უწყობს. უზრუნველყოფს საჭირო ფორმებითა და ეკიპირებით, ღონისძიებების დაფინანსებით, პედაგოგებით და ა.შ.

– რას აკეთებს უნივერსიტეტი იმისთვის, რომ ფეხი აუწყოს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისადმი მუდმივად მზარდ ინტერესს?

21-ე საუკუნე უკვე ხელოვნური ინტელექტის საუკუნეა და ჩვენი აბიტურიენტები ამაშიც ძალიან გათვითცნობიერებულები არიან. წინა წელს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია მოვაწყვეთ, სადაც არა მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერებებით დაინტერესებულ სტუდენტებს, არამედ სხვა პროგრამის სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა მოსინჯონ საკუთარი უნარები, შეასრულონ სხვადასხვა პრაქტიკული დავალება და ა.შ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ესაა უახლესი ტექნოლოგიებითა და დიზაინით აღჭურვილი ლაბორატორია.

ახლა IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვატარებთ ოლიმპიადას ინფორმატიკაში – „ალგორითმი 2025“, რომელშიც მონაწილეობას IT სპეციალობით დაინტერესებული აბიტურიენტები მიიღებენ. მათ სხვადასხვა სახის დავალება მიეცემათ და საუკეთესო შედეგების მქონე სამი პირი, უნივერსიტეტისგან დაჯილდოვდება. ასევე, მედიცინის, სტომატოლოგიისა და ვეტერინარიის მიმართულებით ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მოწყობილობებს, რომლებიც სასწავლო პროცესს უფრო მარტივს, თვალსაჩინოსა და პრაქტიკულს ხდის.

– როგორ ფიქრობთ, რატომ ანიჭებენ უცხოელი სტუდენტები უპირატესობას ევროპის უნივერსიტეტს? თუ გავითვალისწინებთ, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია საქართველოს მასშტაბით და მით უფრო, საერთაშორისო მასშტაბით.

გეთანხმებით, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. იზიდავთ ის, რომ გვყავს პროფესიონალი, პრაქტიკოსი ლექტორები და ნამდვილად ხარისხიან განათლებას იღებენ. ჩვენი კურსდამთავრებულები 80 – მდე ქვეყნიდან არიან და როდესაც თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებიან, სალიცენზიო გამოცდებს წარმატებით აბარებენ. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო ინდიკატორი და დასტური იმისა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისია. ისინი თავიანთ ქვეყნებში ძალიან წარმატებულები არიან.

– ანუ, თქვენი ურთიერთობა სტუდენტებთან არ სრულდება უნივერსიტეტის დასრულებისთანავე…

ნამდვილად ასეა. მუდმივად გვაქვს კურსდამთავრებულებთან კონტაქტი. ჩართულები გვყავს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ნაწილშიც. ვცდილობთ პერიოდულად დავუკავშირდეთ მათ, გავუგზავნოთ კითხვარები, მივიღოთ უკუკავშირი და გავიგოთ, თუ რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ. ზოგადად, უნივერსიტეტში არსებობს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი, რომელიც სტუდენტურ ბაზებს აწარმოებს. პერიოდულად ვაწყობთ კურსდამთავრებულთა შეხვედრებს, მათ შესახებ სიახლეებს ვიგებთ, ვეხმარებით დასაქმებაში და ა.შ.

– მათი დასაქმების პროცესში რამდენად ხართ ჩართულები და როგორია თქვენი მხარდაჭერა ამ საქმეში?

ჩვენ გვყავს პარტნიორი პოტენციური დამსაქმებლები, რომელთაც კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების შესახებ ინფორმაციას ვუზიარებთ, ვუგზავნით მათ რეზიუმეებს. სტუდენტებს ვეხმარებით ინტერვიუსთვის მომზადებაში, სამოტივაციო წერილის წერაში და ა.შ. ანუ, სტუდენტსაც და კურსდამთავრებულსაც უნივერსიტეტთან მუდმივი ბმა აქვს. შედეგად, ჩვენი კურსდამთავრებულების დაახლოებით 80 % დასაქმებულია პროფესიით. მათ შორის, ჩვენი ხელშეწყობითაც.

პოტენციურ დამსაქმებლებთანაც უწყვეტ ურთიერთობაში ვართ, ვუგზავნით კითხვარებს, რაც იმას ემსახურება, რომ გავიგოთ რა სახის ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კადრები სჭირდებათ, რათა შემდეგ ეს სასწავლო კურსებში დავნერგოთ და სტუდენტებს ადეკვატური ცოდნა მივაწოდოთ.

– თქვენი ვებ-გვერდის, ან ფეისბუქის გვერდის ერთი გადათვალიერებითაც კი თვალშისაცემია იმ სიახლეების სიმრავლე, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებას, ან გაღრმავებას იუწყებიან. რამდენი ქვეყნის რამდენ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობთ და რას მოიცავს ეს თანამშრომლობა?

33 ქვეყნის 100 ზე მეტ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ. ეს თანამშრომლობა გულისხმობს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებს, რაც სრულად დაფინანსებულია. Erasmus-ის პროგრამის გარდა, საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით, შესაძლებლობა აქვთ წამყვან კლინიკებსა და ორგანიზაციებში ერთკვირიანი პრაქტიკა/სტაჟირება გაიარონ.

კერძოდ, ვეტერინარიის, სტომატოლოგიისა და მედიცინის პროგრამის სტუდენტებს სრულად დაუფინანსდათ ერთ კვირიანი პრაქტიკა ესპანეთის, გერმანიის, ესტონეთის და თურქეთის წამყვან კლინიკებში. რაც შეეხება სამართლის პროგრამის, ათამდე სტუდენტი, პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც ქართული საქმის მოსმენას დაესწრნენ. სტუდენტებმა მოისმინეს მხარეების არგუმენტები და ბრალდებები, გაეცნენ ევროპული სასამართლოს სპეციფიკას და პირადად იხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის მოსმენა სტრასბურგის სასამართლოში, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ჯამში, მსგავსი შესაძლებლობა, წლის განმავლობაში, ასამდე სტუდენტს ეძლევა.

– რა მიგაჩნიათ თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მთავარ დანიშნულებად? გარდა აკადემიური განათლებისა, რა უნდა მისცეს მან ახალგაზრდას, რომელსაც სწავლის დასრულების შემდეგ მუდმივად ცვალებად და მზარდ კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრება უწევს?

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აკადემიური განათლების მიწოდების გარდა, უნდა მონაწილეობდეს საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობის შექმნაში. სწორედ ამას წარმოადგენს ე.წ. ,,მესამე მისია“. მესამე მისიის ფარგლებში უნივერსიტეტი არაერთ ღონისძიებას გეგმავს. მაგალითად, ვატარებთ უფასო ტრენინგებს პედაგოგებისთვის, სკოლების დირექტორებისთვის; ვგეგმვათ საჯარო ლექციებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, სადაც დასწრება თავისუფალია; ვაცხადებთ ოლიმპიადებს, კონკურსებს მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის; ვცდილობთ მჭიდრო კავშირი გვქონდეს სკოლებთან, დავეხმაროთ და გავაძლიეროთ, ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ ჩვენი ლაბორატორიებით, კაბინეტებით და ა.შ.

უნივერსიტეტი არასოდეს ჩერდება ერთ ადგილას, მუდმივად ვითარდება, ვგრძნობთ შრომის ბაზრის პულსს, ვამზადებთ თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამის პროგრამებს, რომლებიც სტუდენტებს პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს აძლევენ. გვყავს პრაქტიკოსი ლექტორები, გვაქვს გამართული ინფრასტრუქტურა – შენობები, აუდიტორიები, სტუდენტური სივრცეები და რაც მთავარია, ახალგაზრდებს ვაწვდით ხარისხიან განათლებას, რაც კონკურენტული გარემოსთვის სათანადოდ მომზადებულ კადრებს განაპირობებს.

დიდი სიხარულით ველით ახალ სტუდენტებს „ევროპის უნივერსიტეტში“, სადაც ყველა მათი გულშემატკივარია. ეს გამოიხატება როგორც პიროვნულ დამოკიდებულებაში, ისე სასწავლო პროცესში არსებულ მიდგომებში, მრავალფეროვან აქტივობებსა და მუდმივად ახალ, განვითარებაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებში.

ევროპის უნივერსიტეტის სხვა ამბები

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური