GE

„შუშანიკის წამება“ და დავით წერედიანის ლექსი – ქართულის ბოლო სესიის საკითხები ცნობილია

აბიტურიენტების გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს IV სესიით სრულდება.

როგორც გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან ამბობენ, წერით დავალებად პროგრამულიდან შეხვდათ იაკობ ცურტაველის (ხუცესის) “შუშანიკის წამება”, ხოლო არაპროგრამულიდან დავით წერედიანის ლექსი “ძველი სიმღერა”. ისტორიული ლექსი, რომელიც სვანეთის სოფელ ხალდეს გმირულ ბრძოლას ეძღვნება.

პროგრამული დავალების სამსჯელო თემა დაახლოებით ამგვარად ჟღერდა: “გარდაუვალ განსაცდელთან გამკლავება ადამიანისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს”.

არაპროგრამული დავალების სამსჯელო თემა კი დაახლოებით ასეთი იყო: “უთანასწორო ბრძოლაში თავგანწირვა, შედეგის მიუხედავად, ერის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდება”.

აბიტურიენტების ინფორმაციით, რედაქტირების ტექსტი კინოთეატრ “აპოლოს” გახსნის შესახებ ჰქონდათ.

175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული სალომე გოტიაშვილის აზრით, ეს გამოცდა მარტივი იყო.

“მარტივად დავწერე და არ მქონდა მოლოდინი, რომ თითქმის 2 საათში დავასრულებდი. თხულება დავწერე არაპროგრამული მასალიდან – დავით წერედიანის ლექსიდან. თანამედროვეობის ნაწილში მოვიყვანე 2008 წლის ომი, როდესაც ჩვენი გმირები დაიღუპნენ და ეს ჩვენ ყოველთვის გვახსოვს. თანამედროვეობაში ჩემი მეორე მაგალითი იყო მაკო გომური, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, აქციებზე თვალი დაკარგა. ისიც, რა თქმა უნდა, გმირი იყო. რედაქტირებაში 12 შეცდომა ვიპოვე. მარტივი იყო და უფრო კარგად რომ დავფიქრებულიყავი, მეტ შეცდომას ვიპოვიდი”.

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლიდან გამოსული ოქროს მედალოსანი აბიტურიენტი, მარიამ ბოდოკია ფიქრობს, რომ კარგად დაწერა და საკითხებს ასე იხსენებს:

“ადამიანს დიდი ძალისხმევა სჭირდება, გარდაუვალ განსაცდელს რომ გაუმკლავდეს – დაახლოებით ასეთი თეზისი ჰქონდა “შუშანიკის წამებას”. ვფიქრობ, კარგად დავწერე. პარალელი გავავლე “აბო თბილელთან”. რედაქტირებაში ვიპოვე 14 შეცდომა და ეს ტექსტი შეეხებოდა კინოთეატრის გახსნას”.

ზურა ბურჯანაძე გორის საგამოცდო ცენტრიდან: “თემა იყო კანფეტი. მაგრად დავწერე. შუშანიკს ვენაცვალე მე. ეგ თუ გადამარჩენდა და სხვა არავინ. გარდაუვალ განსაცდელს როცა უნდა გაუმკლავდეს ადამიანი, ამისთვის ხომ ძალიან დიდი ძალისხმევა და ნიჭია საჭირო, ამაზე იყო თემა დასაწერი. რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, ყველაფერი ვწერე. თავში აზრები თავისით მოდიოდა. სხვა ყველაფერი მარტივი იყო. ისეთი საკითხები იყო, ერთი “შებერვით” რომ ამოხსნი. წინა წლებთან შედარებით, წელს ყველაზე ადვილი საკითხები იყო, რასაც დავაკვირდი და ყველა ამას ამბობს. კმაყოფილი ვარ”.

როგორც აბიტურიენტებთან საუბრისას იკვეთება, უმეტესობამ პროგრამული ნაწარმოები აირჩია.

“დავწერე პროგრამული ტექსტი “შუშანიკის წამება”, ძალიან კარგი მონაკვეთი იყო, თეზისიც ძალიან კარგად ეხმიანებოდა მონაკვეთს. პარალელად მოვიყვანე “სამასი სპარტანელი”, რადგან გარდაუვალი იყო მათი წაგება, მაგრამ მაინც მყარად იდგენენ. კონტრარგუმენტად მოვიყვანე ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც განსაცდელის წინაშე დგახარ, საჭირო არის ზოგჯერ ეს განსაცდელიც გადაიტანო და მისცე საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ ესეც გადაიტანო და გამოსცადო. რედაქტირება ეხებოდა კინოთეატრი “აპოლოს” შენობას, ძირითადად სტილისტური შეცდომები იყო გასასწორებელი, ასევე პუნქტუციური შეცდომები. საბოლოო ჯამში, საკმაოდ იოლი ვარიანტი იყო, მე კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება მომავალ პროფესიას, დიზაინზე ვაბარებ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში”, – გვიყვება თეა უზნაძე, 39-ე სკოლის საგამოცდო ცენრიდან გამოსული აბიტურიენტი.

ანდრია გოგოლაძე კი ამბობს, რომ არ სურდა, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებზე ემუშავა.

“სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, ჰაგიოგრაფია შემხვედროდა, მაგრამ გავლილი ტექსტის დაწერა ვამჯობინე. მსგავსი შინაარსის თემა მქონდა დაწერილი, ადვილი იყო. პარალელი ალუდა ქეთელაურზე გავავლე, რადგან ის მთელი თემის წინააღმდეგ მიდის, რადგან საკუთარ სინდისს არ ღალატობს. მასაც დიდი სულიერი სიმტკიცე ჰქონდა, როგორც შუშანიკს. რედაქტირებაში 13 შეცდომა ვიპოვე, რთული იყო ჩემთვის რედაქტირება, დიდხანს ვკითხულობდი”.

3 ივლისს, ქართულის მეორე, ჯამში კი ბოლო სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 96%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა. დაგვიანების შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა.

აბიტურიენტები მომდევნო გამოცდას 6 ივლისს უცხოურ ენაში ჩააბარებენ.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური