GE

„სილაღე, სიფხიზლე, სამართლიანობა – 11 საბაზისო „ს“, რომლებიც სკოლაში გამოგადგება, მასწო“

2023-2024 სასწავლო წელი ერთი კვირაა დაიწყო. განათლებისა და წიგნიერების სპეციალისტმა, მასწავლებელმა და ტრენერმა თათა ჭანტურიამ ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ პედაგოგებს თერთმეტი მნიშვნელოვანი “ს” ორიგინალური მიდგომით გაუზიარა და სწავლა-სწავლების პროცესში მათი გათვალისწინების მნიშვნელობაც ახსნა:

11 საბაზისო “ს”, რომლებიც ხვალიდან გამოგადგება, მასწო:

0 – სილაღე.
რადგან ცოტა რამაა ბავშვისთვის იმაზე მშვენიერი, თავისუფლების შემაგრძნობინებელი, გამალაღებელი, როგორც ლაღი უფროსი (ამ შემთხვევაში – შენ). არა, თამამსა და თავდაჯერებულს არ ვგულისხმობ აქ. ლ ა ღ ი.

1 – სიფხიზლე.
რადგან თითოეულ ბავშვში მოციმციმე უნიკალური ვარსკვლავი შენი სულ პატარა მოდუნებითაც კი ქრება (ზოგჯერ – სამუდამოდაც). სამაგიეროდ, შენი სიფხიზლითვე იკაშკაშებს (ხშირად – სამუდამოდაც).

2 – საინტერესოობა.
რადგან სწორედ შენგან უნდა შეისრუტონ უკვე ძალიან ჭკვიანმა, განვითარებულმა, ბევრი რამისა და ვინმეს მნახველმა ბავშვებმა ახალი და საჭირო ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები. ჩათვალე, გამოწვევაა შენთვის, ამ თაობისთვის იყო საინტერესო.

3 – სწავლულობა (ძალიან პათეტიკური გეჩვენება და უკეთეს სიტყვას შეარჩევდი? მეც, მაგრამ “ს” მჭირდებოდა).
რადგან წავიდა ის დრო, თაობების წინ ნაცადი თეორიითა და პრაქტიკით შედარებით იოლად რომ გავდიოდით ფონს. მეცადინეობა გვჭირდება ელვის სისწრაფით განვითარებული ახალი ტექნიკებისა თუ ინფორმაციის აღმოსაჩენად. და იმის ხელახლა აღმოსაჩენადაც, რაც გვგონია, კარგად ვიცით.

4 – სიყვარულიანობა.
რადგან თუკი უპირობოდ არ გიყვარს თითოეული, მათაც აზარალებ (გრძნობენ შერჩევითობას), შენც ზარალდები (იოხრებ ნერვებს – თავადაც იცი, სიყვარულის გარეშე ჯოჯოხეთური შრომაა მასწავლებლობა), საქმესაც აზარალებ (არათუ სასურველ შედეგს მიაღწევ, უბრალოდ, ვერც დაძრავ პროცესს შედეგიანად მათი, მთავარი პერსონაჟების, სიყვარულის გარეშე).

5 – სამართლიანობა.
რადგან სწორედ შენი სამართლიანობის როლური მოდელით იცხოვრებს რამდენიმე წლის შემდეგ ამ ბავშვებისგან შემდგარი საზოგადოების ნაწილი. იფიქრე ამაზე.

6 – სისხარტე.
რადგან შენი მყისიერი რეაგირება ბავშვების ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების ცვლილებაზე და საჭირო დროს საჭის მოტრიალება ან მუხრუჭი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

7 – საქმიანობა (ანუ საქმიანად ყოფნა. ანუ ყურებში მეტრონომის მუდმივი წიკწიკი.).
რადგან სწორად დაგეგმილი დროით, საინტერესო, რეალურ ცხოვრებასთან დამაკავშირებელი (!) აქტივობებითა და რესურსით არამარტო საგანი, სამყარო და ცხოვრების ინტერესი შეგიძლია აღმოაჩენინო ბავშვებს (სიტყვა “სკოლა” რომ შეაძულო, მაგის ძალაც გაქვს, ცხადია, თუკი მოისურვებ).

8 – სიღრმისეულობა (გინდა, სიფრთხილე, სიფაქიზე დაარქვი).
რადგან ბავშვებს ძერწავ, ადამიანო. პირდაპირი მნიშვნელობით. შესაბამისად, შენს, შენი შვილების, შენი ქვეყნის მომავალსაც ძერწავ. ბავშვებთან ზედაპირული მიდგომით მიყენებული ტრავმები წყალზე ნასროლი კენჭივით იკეთებს წრეებს წლების მერე. მოიგონე ხოლმე ეს.

9 – სასაცილოობა (და სიცილიანობაც).
რადგან შენვე გაგახალისებს, გაგაბედნიერებს და ფრთას შეგასხამს მათთან ერთად ხუმრობა, სიცილი, მაიმუნობა (ბავშვებში რომ იმავეს იზამს ასმაგად, ამას რაღა თქმა უნდა, იცი ისედაც).

10 – სადგურობა.
რადგან სულ, სულ უნდა გახსოვდეს — ბავშვი მატარებელია, დაქრის ახალ-ახალ ადგილებში, აღმოაჩენს ახალ ნიჭებს, ცოდნებს, უნარებს, თვისებებს, ადამიანებს, გარემოებებს. შენ სადგური ხარ. შენი მოვალეობაა, მიიღო შენთან შემოსული “მატარებელი”. მისცე, რაც სჭირდება, დაასუფთავო, დაათბო, დააკვალიანო, აღჭურვო და გაუშვა. არც მიიჯაჭვო, არც ზედმეტი წუხილი გაუჩინო / გაიჩინო დაშორებისას, არც თავიდან მოიშორო. არამედ, როგორც სადგურმა, მიიღო სიმყუდროვეში, გადასცე ყველაფერი, რაც შეგიძლია (როგორც სადგურს და არა სახლს) და მწვანე შუქი აუნთო, რადგან მატარებელს შენი საგზლით უკვე სხვა გზები აქვს გადასაქროლი, ვიდრე მუდმივ სავანეს იპოვის. შენ კი სხვა მატარებლის ხელგაშლილად სამასპინძლოდ მოემზადები ამასობაში.

აბა, მხნედ და ს-ებიანად იყავი! საპასუხისმგებლო, მაგრამ საოცარი გზა გაქვს წინ!
სიხარულიანი და საინტერესო სასკოლო დღეები სულყველას!
დანარჩენი შვიდგზის სამოცდაათი “ს” შემდეგ სერიაში იყოს).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური