GE

სიზარმაცე მოსწავლეებში – მიზეზი თუ შედეგი?

მოსწავლეთა უმეტესობისათვის მეცადინეობა არცთუ სასიამოვნო პროცესია. თითქმის ყველა ცდილობს ამ პროცესს თავი აარიდოს, გაამარტივოს და იოლად „გამოძვრეს“. რაც უფრო დაბალია მოსწავლის ნებისყოფა – აიძულოს თავი და გააკეთოს ის, რაც არ უნდა, მით უფრო მრავალფეროვანია მეცადინეობისაგან თავის არიდების ხერხიც. უფრო გართულებულ სიტუაციაში კი ბავშვები მეცადინეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ. მშობლები ამ ყველაფერს ერთ მარტივ სახელწოდებას- სიზარმაცეს არქმევენ.

როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ უფროსკლასელების მშობლები არ დგანან. მოგეხსენებათ, უფროს კლასებში უფრო ხშირია სწავლისადმი ინტერესის დაკარგვა და წინა პლანზე სხვა პრიორიტეტების წამოწევა. თუმცა, ჩვენი რესპონდენტები ამ სირთულეს დაბალი კლასებიდანვე გადააწყდნენ.

„მირჩიეთ რამე, აღარ შემიძლია, მე უკვე ყველანაირი მეთოდი ვცადე, რაც ვიცოდი, რაც წამიკითხავს, ან გამიგონია“

სოფო მეხუთეკლასელი გოგონას დედაა. ამბობს, რომ შვილის მეცადინეობა მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პრობლემაა. გოგონას მეცადინეობა კატეგორიულად არ სურს. ამის გამო დედა-შვილს შორის მუდმივი კონფლიქტია.

„პირველივე კლასიდან არ გამოირჩეოდა ენთუზიაზმით, მაგრამ პატარა იყო და მიჯერებდა. ახლა კი, რაც ცოტა წამოიზარდა, მასთან გამკლავება უკვე ძალიან მიჭირს. მუდმივად ცდილობს თავი დაიძვრინოს და არ იმეცადინოს. ამისათვის ყველანაირ ხერხს იყენებს. მათ შორის ტყუილსაც კი. მეუბნება, რომ მასწავლებელმა ახალი დავალება არ მისცათ, ან გაუცდათ და ა.შ. ამიტომ, იძულებული ვარ ყოველ დღე მის თანაკლასელებთან დავრეკო და გავიგო რა აქვთ ამა თუ იმ საგანში. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია.

„გაკვეთილზეც უზომოდ გონებაგაფანტულია. მასწავლებელს არ უსმენს. ამიტომ ხშირად მართლაც ვერ იგებს რა მისცეს დავალება და ჰგონია, რომ არაფერი აქვს. გამორიცხულია, სანამ სამსახურიდან მოვალ დაჯდეს დ ა თავისით იმეცადინოს. მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვურეკავ და ვთხოვ ეს გააკეთოს. მე რომ მოვდივარ ნამდვილი ბრძოლა იწყება. ყველანაირ მიზეზს მონახავს რომ არ იმეცადინოს. კატეგორიულადაც მიცხადებს, რომ არ უნდა. თუ დაჯდება, დაიჭერს წიგნს და ტყუილად უჭირავს. ანუ, მუდმივად გვერდზე თუ არ დავუჯექი და წუთში ერთხელ არ შევახსენე წაიკითხე-მეთქი, არ კითხულობს. როცა კითხულობს, იმდენად უყურადღებოდ, რომ დამახსოვრება უჭირს. დავალებების დაწერისასაც ეშმაკობს. მაგალითად, თუ სავარჯიშოში 20 მაგალითია, ეს 12-ს დაწერს და ა.შ.

„ყველაფერი ვცადე – მოფერებაც, დაყვავებაც, ახსნაც. ბევრჯერ დაველაპარაკე იმაზე თუ რატომაა სწავლა მნიშვნელოვანი და რა შედეგი მოჰყვება უსწავლელობას. შერცხვენაც ვცადე, მაგრამ  როცა მისი კლასელები მაღალ ნიშნებს იღებენ, ეს კი დაბალს, საერთოდ არ ანაღვლებს.

„წახალისებითაც ვახალისებ. ნიშნების გამოსწორების სანაცვლოდ რას აღარ ვპირდები. ყულაბაც კი დავუდგი, სადაც თითოეულ კარგ ქულაზე თანხის  გარკვეულ რაოდენობას ვუგდებ და ვეუბნები, რომ ეს მისი ფულია, მაგრამ არაფერი ჭრის. ვიცი, მიუღებელია, მაგრამ ყვირილი, ჩხუბი, გაბუტვა, ცემაც კი ვცადე. ერთხელ სამი დღის განმავლობაში არ ვცემდი ხმას. განიცდიდა, მაგრამ მაინც არაფერი შეიცვალა. ვერ აგიწერთ რამდენად რთულ მდგომარეობაში ვარ. ყოველ დღე ღამის 1 საათამდე ვზივართ და სკოლაში მაინც უსწავლელი მიდის, „- ყვება სოფო.

მთელი 12 წელი ასე რომ გაგრძელდეს, ალბათ თავს მოვიკლავ“

ნინოს ბიჭი პირველკლასელია. ამბობს, რომ ბავშვის სკოლისთვის ფსიქოლოგიური მომზადება ზაფხულშივე დაიწყო. უხსნიდა თუ რა იყო სკოლა, როგორი გარემო დახვდებოდა იქ, რას ნიშნავს მასწავლებელი და თანაკლასელი, რატომ უნდა იაროს სკოლაში, რატომ უნდა ისწავლოს და ა.შ.

ბიჭუნა თავდაპირველად დაინტერესებას გამოხატავდა. განსაკუთრებით ის  მოეწონა, როცა სასკოლოდ მშობლებმა ახალი ტანსაცმელი და ჩანთა უყიდეს. სკოლაში პირველი დღეც მოეწონა  – ბუკის გადაცემის გამო. მას შემდეგ კი სკოლისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა.

„სკოლაში წასვლა არ უნდა. ყოველ საღამოს მეხვეწება აღარ წამიყვანოო. ვიფიქრე ბავშვები ხომ არ ჩაგრავენ, ან მასწავლებელი ხომ არ ექცევა მკაცრად-მეთქი. მივყევი კიდეც ბევრჯერ. მასწავლებელს ვთხოვე და ერთი დღე შორიდან ვადევნებდი თვალს. მსგავსი არაფერი ყოფილა. ბავშვებთანაც თამაშობდა და მასწავლებელთანაც გადასარევად ურთიერთობდა, მაგრამ სკოლა მაინც სძულს.

„შესაბამისად, სძულს მეცადინეობაც. განსაკუთრებით, როცა რაღაცას ვერ იგებს, ან არ გამოსდის. წერა უჭირს და ვერც ვსვამ, რომ ივარჯიშოს და დახვეწოს. ჩვენი სახლიდან ყოველ  საღამოს მისი ტირილი და ჩემი ყვირილის ხმა გადის. მე უფროსი ბიჭიც მყავს, მე-4 კლასელი და მასთან მსგავსი პრობლემა არ მქონია. არასოდეს მიყვირია მისთვის სწავლის გამო და ეს აქამდე ჩემთვის მიუღებელიც იყო. ფსიქოლოგების ინტერვიუებს რომ ვკითხულობ, სადაც ამბობენ ბავშვს არ მისცეთ შენიშვნა, არ უყვიროთ, არ უთხრათ ნეგატიური ფრაზები, ძალიან მომწონს და თეორიულად მეც ვეთანხმები მათ, მაგრამ მაშინ იქნებ ამიხსნან როგორ მოვიქცე ამ გამოუვალ მდგომარეობაში?“

რამდენად ხშირია პრობლემა?

როგორც აღმოჩნდა, პრობლემა, რომელზეც სტატიაში ვსაუბრობთ, მხოლოდ ერთეულებს არ აწუხებთ. ფსიქოლოგი, საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრის, „იდილია“  ფსიქოთერაპევტი  ბარბარე ჭკუასელი წლებია მსგავსი ჩივილებით მისულ მშობლებს მომსახურეობას უწევს. ამბობს, რომ მასთან ყველაზე ხშირად სწორედ ისეთი ბავშვები მიჰყავთ, რომელთაც მშობლების გადმოსახედიდან სიზარმაცის პრობლემა აქვთ.

შესაბამისად, ჩვენი რესპონდენტების  წუხილი არ აკვირვებს და ამბობს, რომ მათ მოთმინებით აღჭურვა მართებთ, ვინაიდან პრობლემასთან ბრძოლა მათგან ნებისყოფას მოითხოვს.

 „განსაზღვრეთ პრობლემის მიზეზი“

პირველ რიგში, სპეციალისტი მშობლებს აფრთხილებს, რომ არ დაელოდონ პრობლემასთან საბრძოლველად ვინმესაგან მზა რეცეპტს, ვინაიდან თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა და რეცეპტი სჭირდება. მით უმეტეს, რომ პრობლემის მიზეზიც სხვადასხვაა.

გადაჭრის გზების ძიებისას კი, იგი, პირველ რიგში, პრობლემის განსაზღვრისა და აღიარებისაკენ მოგვიწოდებს და აქვე დასძენს, რომ ზოგადად სიზარმაცე მოტივაციის ნაკლებობაა.

„თუ  ამ საკითხს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობის რაკურსით განვიხილავთ, მოტივაციის ნაკლებობასთან პირდაპირ კავშირშია ის მოთხოვნები, რომლებიც მშობლებს აქვთ შვილების მიმართ. ხანდახან ისინი ბავშვის შესაძლებლობებს აღემატება.  ამგვარ სიტუაციებში ძალიან ხშირია მოტივაციის დაქვეითება, რადგანყოველ მიუღწეველ მიზანს უარყოფითი შეფასება, იარლიყები და თვითშეფასების დაქვეითება მოყვება, რაც საბოლოო ჯამში ადამიანის გუნება-განწყობაზეც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. შედეგად კი მიზნისკენ სწრაფვის სურვილი ქრება და მოტივაცია ქვეითდება. სამომავლოდ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მშობლისა დაბავშვის  ურთიერთობაზე და თუ ამას კონფლიქტიც მოყვება, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სიტუაციას. მშობელს კი გამოსავლის პოვნა ძალიან უჭირს“, – ამბობს ბარბარე ჭკუასელი.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც მისი თქმით მოტივაციის ნაკლებობას იწვევს,  მიზნის და ინტერესის ერთმანეთთან კავშირია. ხშირად მშობელს უნდა, რომ ბავშვმარაღაც ისწავლოს, მაგრამ ბავშვს ეს არ აინტერესებს და ბუნებრივია, რომ  მას მაღალი მოტივაცია ვერ ექნება. ინტერესი კი, სპეციალისტის თქმით, ისეთ სფეროა, სადაც ნაძალადევად არაფერი ხდება, რაოდენ დიდიც უნდა იყოს მშობლის სურვილი.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ასევე აღსანიშნავია შედარებითი დამოკიდებულება ოჯახის წევრებს შორის, რომელიც ძალიან დიდი გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ქცევაზე, ისე მის მოტივაციის დონეზე. თუ ბავშვისთვის თვალნათელია, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მშობლისთვის მისი და, ან ძმა მაინც უფრო წარმატებული იქნება, ბუნებრივია, რაღაცების კეთების სურვილი უქრება, რაც თავის მხრივ უკვე მოტივაციის დაქვეითებას ნიშნავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვან ფაქტორად იგი წახალისებას ასახელებს და ამბობს, რომ შესაძლებელია მშობლის მხრიდან არ მოდიოდეს საკმარისი წახალისება, ან ის სიტუაციის ადეკვატური არ იყოს. ასევე შესაძლებელია, რომ წახალისება იყოს ისეთი დიდი რაოდენობით, რომ მას უკვე ფუნქცია დაკარგული ჰქონდეს.

„ბავშვებსა და მოზარდებში სიზარმაცის მიზეზი ასევე შესაძლებელია იყოს კოგნიტური შეფერხებები, რომელიც თავის მხრივ მოტივაციის ნაკლებობას გამორიცხავს. აქ იგულისხმება ის, რომ ადამიანს პრობლემა აქვს ინფორმაციის გადამუშავების, დასწავლის და მსგავსი მიმართულების სფეროებში. მშობლის მიერ კი ეს ფასდებაროგორც სიზარმაცე.

„ამ ფაქტორების აღნიშვნით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ბავშვი მოტივაციის დონეზე ძალიან დიდი გავლენას ახდენს გარემო, ის მიკროსოციუმი, რომელშიც ფუნქციონირებს და მეორე მხრივ მისი ინდივიდუალური თავისებურებები, გენეტიკური ფაქტორები და   შესაძლებლობები“, – დასძენს ბარბარე ჭკუასელი.

რეკომენდაციები

როგორ ვებრძოლოთ სიზარმაცეს? ამ მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად ფსიქოლოგი იშველიებს რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც პრობლემის გადაჭრისაკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.

ამბობს, რომ უნდა შევეცადოთ მოთხოვნები, რომლებსაც ბავშვს ვუყენებთ, მისი ასაკისა და ინდივიდუალური თავისებურებებისა შესაბამისი იყოს. შესაძლებელია მთავარი მიზანი დავყოთ პატარა მიზნებად და ყოველი მათგანის მიღწევის შემდეგ ბავშვი წავახალისოთ.

„წახალისება არ უნდა იყოს მიბმული ფინანსურ ინტერესთან რადგან მისი დაკმაყოფილება წარმოუდგენელია, ის ყოველთვის გაიზრდება, რითაც ბავშვი მშობლის მანიპულირებას დაიწყებს. ამიტომ წახალისება, ანუ მისთვის სასურველი სტიმულის მინიჭებაც უნდა იყოს სიტუაციის შესაბამისი და რაოდენობითაც შესაბამისი.

„მნიშვნელოვანია ასევე უპირობო სიყვარული, რაც იმას ნიშნავს რომ შვილი უნდა გიყვარდეს თავისი პლუსებით და მინუსებით. არა იმიტომ რომ რაღაცაში სხვაზემეტად წარმატებული ან განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ, რომ თქვენი შვილია. შეეცადეთ თქვენი შვილი მიიღოთ ისეთი როგორიც არის. თუ ამას მოახერხებთ, აღარ გაგიკვირდებათ, რომ თქვენს სხვა შვილს უკეთ გამოდის რაღაცების კეთება და ამის გამო მათ ერთმანეთთან შედარებას არ დაიწყებთ. დაფიქრდით და აუცილებლად აღმოაჩენთ იმ მხარეს, რაშიც ის უფრო წარმატებულია ვიდრე სხვა.

„გაითვალისწინეთ მისი კრიზისული ასაკი (3 წლის კრიზისი, 6-7 წლის კრიზისი და თინეიჯერობის კრიზისი) და ამ პერიოდში იყავით განსაკუთრებულად მომთმენი, რადგან ეს მისთვის რთული პერიოდია“, – დასძენს ბარბარე ჭკუასელი.

დასკვნის სახით კი, იგი ამბობს, რომ ბავშვისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია გრძნობდეს მხარდაჭერას მშობლისაგან. ის უნდა ხედავდეს, რომ მშობელი მასთან ერთად ლახავს სირთულეებს და მასთან ერთად ცდილობს ბარიერების დაძლევას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური