GE

სკოლა ასეთ მოსწავლეებს გადაიყვანს შინ სწავლებაზე პირისპირ ან დისტანციური ფორმით – ცვლილება კანონსა და ესგ-ში

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდება და მას ახალი პუნქტი დაემატება, რომელიც იმ ბრალდებულ არასრულწლოვნებს შეეხებათ, ვისაც აკრძალული აქვთ/ექნებათ გადაადგილება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ჩაიწერება, რომ ასეთი პირისთვის ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას აღკვეთის ღონისძიების მოცემული სახისთვის დამახასიათებელი შეზღუდვების გათვალისწინებით.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

„კანონპროექტით დგინდება, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ ბრალდებულის მიერ ზოგადი განათლების მიღებას, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გადაადგილების შეზღუდვა. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის განჩინებით განსაზღვრული გადაადგილების შეზღუდვის შინაარსი, ხანგრძლივობა და აღსრულების ფორმა შეუძლებელს ხდის მოსწავლის მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ასეთი პირისთვის ზოგადი განათლების მიწოდება განხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წესით, კერძოდ სკოლა გადაიყვანს ასეთ პირებს შინ სწავლებაზე პირისპირ ან დისტანციური ფორმით“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აქვე განმარტებულია, რომ ამ კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.

ზემოაღნიშნული ცვლილება იწვევს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებული იქნება, ცვლილება შეიტანოს ესგ-ის 39-ე მუხლში, სადაც აისახება სკოლის მიერ კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულის პირისპირ ან დისტანციური ფორმით შინ სწავლებაზე გადაყვანის საფუძვლის გათვალისწინება.

ვინაიდან ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ დარეგულირდება იმ ბრალდებული მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების თავისებურებანი, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნება გადაადგილების შეზღუდვა, გიზიარებთ რას ნიშნავს გადაადგილების შეზღუდვა:

„გადაადგილების შეზღუდვა ნიშნავს არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის პროკურორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის, გარკვეული ადგილის, მათ შორის, კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის, დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვას ან/და დაზარალებულის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვას“.

ასევე იხილეთ:

სკოლის პერსონალისგან მოსწავლეზე ძალადობის ფაქტს მშობლები ჩვენების მიცემისას ამსუბუქებენ – რა პრობლემაზე მიუთითებს მანდატურის სამსახური

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური