GE

სკოლის პერსონალისგან მოსწავლეზე ძალადობის ფაქტს მშობლები ჩვენების მიცემისას ამსუბუქებენ – რა პრობლემაზე მიუთითებს მანდატურის სამსახური

სკოლის პერსონალის მხრიდან მოსწავლის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის 151 შემთხვევა მხოლოდ ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ისაუბრა სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პარლამენტში, სადაც მან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და კომიტეტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.

სოფო აბულაშვილს იმ ქეისების შესახებ ჰკითხეს, რომელსაც მანდატურის სამსახური ავლენს და შემდგომ მათ პრევენციაზე მუშაობს. სწორედ ამ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ პრობლემა, რომელიც რიგ შემთხვევებში მოსწავლეთა მშობლების ქცევას უკავშირდება. კერძოდ კი, როდესაც მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის საქმეზე გამოძიება იწყება, მშობლების მიერ ადგილი აქვს გამოკითხვის პროცესში თავიანთი პირვანდელი ჩვენების შემსუბუქებას.

“ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში 151 შემთხვევა იყო საქართველოს მასშტაბით, როდესაც პედაგოგის, სკოლის პერსონალის მხრიდან მოხდა გარკვეული სახის ძალადობა მოსწავლეზე. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სიტყვიერ შეურაცხყოფასაც ვგულისხმობ და ასევე ფიზიკურსაც. ასეთ შემთხვევებში, თუკი არის ფიზიკური ძალადობა და ბავშვი განიცდის ტკივილს, ვალდებულები ვართ, ჩავრთოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ერთ-ერთ ქეისს გავიხსენებ: თბილისში გვქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვზე იყო ფიზიკური ძალადობა. გაკვეთილზე ბავშვი ხმაურობდა და პედაგოგმა მას სკოჩით დაუსკოჩა ხელი.

“მოგვმართა აღელვებულმა მშობელმა. ჩვენ, ბუნებრივია, ფოტოსურათებიც გვქონდა და შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს გადავუგზავნეთ, თუმცა რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, შემდეგ, როდესაც ჩვენი მხრიდან მოხდება ხოლმე პოლიციის ჩართვა, უკვე ეს მშობლებიც უკან იხევენ იმიტომ, რომ შეეცოდათ ეს პედაგოგი. “არა უშავს, ბავშვი ათამაშებდა ამ სკოჩსო და გაკვეთილზე გადაუსკოჩა ეს ხელი”. მშობელმა გადათქვა და გამოძიების პროცესში უკვე აღარ მისცა ჩვენება საგამოძიებო ორგანოებს. აი, ასეთი პრობლემების წინაშეც ვართ, მოგვმართავენ და მერე უკვე გული უჩუყდებათ თუ რა ხდება, არ ვიცი… თუმცა ნებისმიერ ამ სახის შემთხვევაზე სკოლა ერთვება, სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის [ფაქტს] და ხდება რეაგირება ასეთ პედაგოგზე”, – განაცხადა სოფო აბულაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ძალადობა სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს, ასეთ დროს კლასთან და პედაგოგთან მუშაობა დგება დღის წესრიგში და მას დისციპლინური შენიშვნა ეძლევა.

“არიან ისეთი პედაგოგები და ამისგან არ ვართ შორს, გამომუშავებული აქვთ, რომ უნდა უყვირონ ბავშვს, უნდა ეჩხუბონ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენონ და თვლიან, რომ ეს არაფერი არ არის, ცუდს არაფერს სჩადიან”, – აღნიშნა მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა 2 ოქტომბერს პარლამენტში.

ასევე იხილეთ:

„…ან სკოლიდან გადამიყვანე, ან მიშველე რამე“ – განათლების სამინისტრო მოსწავლისადმი ბულინგის საქმეზე ადმინისტრაციის შესაძლო გადაცდომის ფაქტებსაც იკვლევს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური