GE

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 4 წლის ნაცვლად 6 წელი გახდება

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიღების შემდეგ, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 4 წლის ნაცვლად 6 წელი გახდება.

კანონპროექტში განმარტებულია ისიც, რომ ავტორიზაციის 6 წლიანი ვადა გავრცელდება ამ ცვლილების ამოქმედებამდე ავტორიზებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე. აღნიშნული დაწესებულებები ჩაითვლებიან ავტორიზებულად ავტორიზაციის მინიჭებიდან 6 წლის ვადით.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.

განათლების სამინისტრო პრობლემას, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, განმარტებით ბარათში ასე განმარტავს:

“კანონპროექტის მიღების შედეგად, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ვადა გახდება 6 წელი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საფეხურზე ავტორიზაციის ვადა არის 4 წელი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 9 წელია. პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა 6 წელი. აღსანიშნავია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა დაფუძნებულია თითოეულ საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობაზე, რაც უზრუნველყოფის ავტორიზაციის, როგორც გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის მაქსიმალურ ეფექტიანობას. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა განისაზღვროს მსგავსი პრინციპის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმა, რომლის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაციის პროცესში საკანონმდებლო ბაზა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ შესაბამისობაში იყოს რეფორმის მიზნებთან და ამოცანებთან. გარდამავალ პერიოდში 2029 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს 2050 ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია.

4 წლიანი ვადის და ამ საფეხურის დაწესებულებების იურიდიული მოწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით, წინასწარი დაგეგმვით, თითოეულ წელს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 400 ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უწევს რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული”.

განათლების სამინისტროს შეფასებით, ზემოხსენებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რათა რეფორმის ფარგლებში ეფექტურად იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსები და ეფექტიანად, ხარისხის მაღალი სტანდარტით განხორციელდეს 2050 ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია, რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ 2029 წლამდე პერიოდში ცენტრი უპირველეს ყოვლისა კონცენტრირებული იყოს იმ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციაზე, რომელთაც არასდროს გაუვლიათ ავტორიზაციის პროცესი.

“აუცილებელია, რომ სახელმწიფო რესურსები კონცენტრირებულ იქნეს პირველად ავტორიზაციაზე, რათა მიღწეულ იქნეს რეფორმის ფარგლებში დასახული მიზანი, 2029 წლის ბოლომდე საქართველოში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მსგავსად ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ვადა განსაზღვრულ იქნეს სწავლის ხანგრძლივობის შესაბამისად, რაც უფრო ეფექტიანს გახდის როგორც შიდა ხარისხის უზრუნველყოფის ციკლს, ისე ავტორიზაციის, როგორც გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესს”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ასევე იხილეთ:

სკოლის დამლაგებლების, ექიმებისა და ბაღის აღმზრდელთა ხელფასის მატება პარლამენტში დეპუტატებმა მოითხოვეს – ფინანსთა მინისტრის დამაიმედებელი პასუხი

„ჯერ ერთი, ბაღის მასწავლებლებს ხელფასი 500 ლარზე მეტი აქვთ“ – მთავრობა ამბობს, რამდენით გაეზრდებათ ანაზღაურება საბავშვო ბაღებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური