GE

„სკოლას ყოველ დღე ხომ არ ამთავრებ, სადმე არაოფიციალურად მაინც აღვნიშნავთ“ – მოსწავლეები ბანკეტების აკრძალვაზე

ფოტო –
გასულ წლებში კურსდამთავრებულთა ბანკეტი

როცა სკოლას ამთავრებ და არც სასურველი ბოლო ზარი გაქვს, არც ბანკეტი – ასეთ ვითარებაში აღმოჩნდნენ წლევანდელი მეთორმეტე კლასის მოსწავლეები. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს რომ ტრადიციულ ღონისძიებებზე შეზღუდვები ექნებოდათ, ამაზე EDU.ARIS.GE გასულ კვირაშიც წერდა და დღეს სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაგზავნილი წერილიც გამოაქვეყნა. არასასიხარულო ამბავი კი იმაში მდგომარეობს, რომ ისევე, როგორც შარშან, წელსაც მე-12 კლასელებისთვის ბანკეტების გამართვა აკრძალული იქნება, შეზღუდვა იმოქმედებს ექსკურსიებზეც – ვერც დამამთავრებელი და ვერც სხვა კლასები ექსკურსიების მოწყობას ვერ შეძლებენ.

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილვისას არ ჩაითვალა მიზანშეწონილად სკოლის/მშობლების მიერ დაორგანიზდეს და განხორციელდეს მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობები, მათ შორის ექსკურსიები და ბანკეტები”, – წერია წერილში და EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ შეხვდნენ დღეს ამ გადაწყვეტილებას, როგორც თავად მოსწავლეები, ისე მათი მშობლები.

მარი ჩაჩანიძე, მე-12 კლასის მოსწავლე: „შარშან ჩემმა ძმამ დაამთავრა სკოლა და პანდემიის გამო როგორც ჩაიარა ამ ამბავმა, კი იცით. ნამდვილად არ მეგონა, თუ წელს მეც იგივე რეალობაში მომიწევდა ყოფნა. ერთი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენ მცირე ღონისძიებას მაინც გავმართავთ სკოლაში და ბოლო ზარი ონლაინ არ გვექნება. რაც შეეხება ბანკეტს, რომ გითხრათ, ძალიან მწყდება გული-მეთქი, რატომღაც ასე არ ვარ. პირველ რიგში, მე თვითონ ვერიდები დიდი თავშეყრის ადგილებში მოხვედრას. მთავარია ჯანმრთელობა… და სკოლის დამთავრების წლისთავების აღნიშვნა, მგონი, მომავალშიც შეგვეძლება, როცა დასრულდება პანდემია. თუმცა ვიცი, რომ ზოგიერთი საიდუმლოდ მაინც აპირებს ეს დღე აღნიშნოს და მათიც მესმის“.

გვანცა ა. ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლე: „სკოლის დამთავრება ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა, ამიტომ, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ბანკეტის ან ექსკურსიაზე წასვლის უფლებას არ გვაძლევენ, მაშინ, როცა ხალხი მრავალსტუმრიან ქორწილებსა და დაბადების დღეებს იხდის. მაშინ საერთოდ არ უნდა იყოს ასეთი ღონისძიებები დაშვებული და არა გამონაკლისის სახით – სკოლის ბანკეტები. ბოლო ზარიც მხოლოდ ვიწრო წრეში უნდა აღვნიშნოთ. მეორე წელია, პანდემიის გამო ყველაზე მეტად სკოლები და მოსწავლეები ვიჩაგრებით. ვფიქრობ, უფლება რომ მოეცათ, რეკომენდაციების დაცვით შეიძლებოდა სკოლის დამთავრება ბანკეტითაც აღგვენიშნა.“

ნიკა ჭანტურია, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: „როგორც მახსოვს, შარშან ექსკურსიაზე წასვლა არც ნებადართული იყო და არც აკრძალული, წელს, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდნენ, რომ არ შეიძლება. ჩემი აზრით, ექსკურსიის მოწყობის უფლება უნდა მოეცათ გარე სივრცეში ან ახლო მანძილზე მაინც. ბანკეტებზე კიდევ შეიძლება ვიკამათოთ. თან, პანდემიის გამო, ბევრ ოჯახს გაუჭირდა, ბანკეტები კი ბოლო დროს ისეთ გრანდიოზულ თანხებს მოითხოვდა მშობლისგან, ზოგიერთი სესხს იღებდა, რომ შვილისთვის გული არ დაეწყვიტა. ბანკეტი რომ არ მექნება, მაგაზე გული არ მწყდება. წავალთ სადმე, ცოტას მაინც დავლევთ და აღვნიშნავთ, კაცი სკოლას ყოველ დღე ხომ არ ამთავრებს“.

რაც შეეხება მშობლებს, მათი უმრავლესობა EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავს, რომ ექსკურსიის შეზღუდვის მნიშვნელობას ვერ ხედავენ, ბანკეტები კი, ხარჯის გათვალისწინებით, პანდემიის გამო ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგარ ოჯახებს საკმაოდ მძიმედ დააწვებოდა და მისი აკრძალვა არ აწუხებთ.

ეკა სიხარულიძე: „ჩემი შვილი მე-2 კლასშია და ძალიან დიდი სურვილი გვქონდა მასწავლებელთან ერთად ექსკურსიაზე წავსულიყავით, რადგან შარშანაც ვერ მოხერხდა. ეს აახლოებს ბავშვებს, სხვა კუთხით აცნობს ერთმანეთს და მასწავლებელთან სხვა სახის კომუნიკაციას ამყარებენ. მშობლებიც უფრო კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ვუახლოვდებით მასწავლებელს, რაც შემდეგ ურთიერთობასაც აიოლებს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, წელსაც შეგვეზღუდა ექსკურსიის მოწყობის საშუალება.“

თამარ კოჩაძე, მე-12 კლასის მოსწავლის მშობელი: „მგონია, რომ ექსკურსიებისა და ბანკეტების აკრძალვა არაფერს არ შეცვლის, რომც დაეშვათ ეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას არ შეცვლიდა. ვიცი გარშემო ხალხი, რომლებიც შვილებს დაბადების დღეებს გასართობ ცენტრებში უხდიან, არც პირბადის ტარების და არც დისტანციის რეკომენდაცია დაცული არ არის. ვინ იტყვის, რომ ექსკურსიაზე მეტია დაინფიცირების რისკი, ვინ აფასებს ამ რისკებს შედარების პრინციპით? ერთხელ ამთავრებენ ბავშვები სკოლას, ისედაც დაითრგუნნენ, უკვე მეორე წელია პანდემიაა და ეს სიხარული მაინც არ უნდა მოეკლოთ მათთვის. შარშან მესმის, რომ არავინ მზად არ იყო ამ სიტუაციისთვის, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში რაღაც გამოცდილება ხომ დაგროვდა, რეკომენდაციები არსებობს, გაითვალისწინებდნენ და დაგეგმავდნენ უფროსები და მათი შვილები საკუთარ აქტივობებს სკოლის დამთავრების აღსანიშნავად“.

ექსკურსიებისა და ბანკეტების გარდა, არსებობს ბოლო ზარის ტრადიციაც. ამ შემთხვევაში სამინისტროს დასაშვებად მიაჩნია, ბოლო ზარის ღონისძიება ჩატარდეს სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე, თუმცა ბევრი მშობელი წერს, რომ აინტერესებთ, ითვლება თუ არა მშობელი ასეთ დროს უცხო პირად.

“სამინისტროდან მიღებული ბოლო ინფორმაციის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ამ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სამინისტროს დასაშვებად მიაჩნია, მე-12 კლასის მოსწავლეთათვის, სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე, მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით, ჩატარდეს ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება”, – აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის უწყების წერილში.

ამავე თემაზე:

როგორ ემზადება პანდემიის მეორე გამოშვება სკოლის დამთავრებისთვის – 2021 წლის კურსდამთავრებულები VS კოვიდ-19

ბოლო ზარის, ექსკურსიებისა და ბანკეტების შესახებ სკოლებმა სამინისტროსგან რეკომენდაციები მიიღეს – რა იკრძალება და რა არის დასაშვები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური