GE

„სკოლაში არჩევითი საგნების სწავლება ახალი სახელფასო ფორმულით ანაზღაურდება“ – განათლების სამინისტრო

მასწავლებელთა ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად არჩევითი საგნების სწავლება ახალი სახელფასო ფორმულით ანაზღაურდება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დღეს, 16 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებისა და მათი ცოდნის გამდიდრების მიზნით ეროვნული სასწავლო გეგმა საშუალო საფეხურზე განსაზღვრავს არჩევითი საგნების მრავალფეროვ ჩამონათვალს და ასევე სკოლას აძლევს შესაძლებლობას, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ჩამონათვალისგან განხვავებული კურსი შეადგინოს და სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართოს.

“არჩევითი კურსების ანაზღაურება მოხდება ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით. მათ შორის ეს შეეხება უცხო ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ყველა და იმ არჩევით საგნებსაც, რომელიც ორი ან მეტი საგნობრივი ჯგუფისთვის საზიაროა (მაგ. მედიაწიგნიერება).

აღნიშნული ცვლილება ემსახურება ერთის მხრივ მოსწავლეთა ინტერესების წახალისებას და მეორეს მხრივ, მასწავლებელთა შრომის დაფასებას”, – აცხადებენ უწყებაში.

ამ საკითხზე დღეს გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, რომლის საფუძველზეც ცვლილებები შევიდა „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ საგნობრივი ჯგუფის დამატებით განმარტებას: “საგნობრივი ჯგუფი – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო და არჩევითი საგნების, მათ შორის, სკოლის მიერ შეთავაზებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული არჩევითი საგნების ერთობლიობა”.

ხელფასის დაანგარიშების საკითხი:

“მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის სტატუსი და ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს გამოცდა ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, შრომის ანაზღაურება 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში/საგნებში (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა და ეთნიკური უმცირესობების ენების მასწავლებლისა). 2026-2027 სასწავლო წლიდან მათი შრომის ანაზღაურების დაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნეს ამ დანართის დანართის მე-11 მუხლი”.

ამავე თემაზე:

გამოქვეყნდა მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ბრძანება

განათლების სამინისტრო სახელფასო ფორმულის განმარტებებს აქვეყნებს – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური