„სკოლაში მათემატიკის სწავლება გადასახედია, გრიფირებული წიგნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“
საქართველოში ყველაზე მეტი მათემატიკის პედაგოგია – 16 285, ყველაზე ცოტა კი – აფხაზური ენისა და ლიტერატურის – მხოლოდ 3.
თუ გავითვალისწინებთ, რომ 2016 წლის აპრილის მდგომარეობით საჯარო სკოლებში 59 720 მოქმედი პედაგოგია, გამოდის, რომ ყველაზე მსხვილი – მათემატიკის მასწავლებელების ჯგუფი საერთო რაოდენობის 27.8 %-ს შეადგენს, ყველაზე მცირერიცხოვანი – აფხაზური ენის პედაგოგთა ჯგუფი კი კი – 0.005 %.
მათემატიკის პედაგოგთა ამხელა რაოდენობა “საქართველოს განათლების ლიგის” თავმჯდომარეს, ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილს დაუჯერებლად ეჩვენება და EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია როგორაა 58 ათას 440 პედაგოგში 16 285 მათემატიკის, როცა წლების წინ, როდესაც მასწავლებელთა საერთო რაოდენობა 100 ათას აღემატებოდა, მათემატიკის პედაგოგი მხოლოდ 10 ათასამდე იყო.
მითუმეტეს რომ, ნიკოლაიშვილის თქმით, მათემატიკის გაკვეთილის საათებმაც, ისევე როგორც ყველა სხვა საგნისამ, მოიკლო.
“რად უნდათ ამდენი მცირესაათიანი მასწავლებელი? როგორ შეიძლება 58 ათას მასწავლებელში 16 ათასი მათემატიკის პედაგოგი იყოს?” – კითხულობს ის.
ზოგადად, მისი თქმით, მათემატიკა საქართველოში პოპულარული საგანია, ამ სპეციალობაზე ბევრი აბარებს და შესაბამისად, მატემატიკის სპეციალისტების სიმცირე არასოდეს გვქონია.
მეტიც, იგი მათემატიკას სარფიან საგანს უწოდებს, რადგან ის ძირითად საგნებს შორისაა და მასში ყველა ემზადება. მისი თქმით, პროგრამები ისეა აგებული, საათები ისეა შემცირებული და სახელმძღვანელოები ისეთი ცუდია, რომ ამ პირობებში ბავშვი სკოლაში მათემატიკას ვერ ისწავლის. ამიტომ, როგორც წესი, მატემატიკაში ყველა ემზადება. სხვანაირად ვერ ჩააბარებს. სკოლებში დამატებით ამდენი მასწავლებლის შესვლა, მისი აზრით, შესაძლოა ამანაც განაპირობა.
ექსპერტი მწვავედ აკრიტიკებს გრიფირებულ სახელმძღვანელოებსაც და აცხადებს, რომ მათემატიკის წიგნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
“მაგ სახელმძღვანელოებით მათემატიკის სწავლა არ შეიძლება. საქართველოში სულ სამი ფიზიკა-მათემატიკური სკოლაა. ერთი ქუთაისში, ორი კი – თბილისში – კომაროვისა და ილია ვეკუას სახელობის და იქ ამ გრიფირებული სახელმძღვანელოებით არ ასწავლიან. იქ მათემატიკის ძველ სახელმძღვანელოებს იყენებენ, რაც საბჭოთა დროს გამოიყენებოდა. იმით ისწავლის ბავშვი მათემატიკას, ახალი წიგნებით კი – ვერა. კერძოდ რომ ამზადებენ ბავშვებს, იქაც ყველა კარგი სპეციალისტი ძველ წიგნებს იყენებს.
“განა ქართველები ვერ დაწერენ კარგ სახელმძღვანელოებს, ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ. სტანდარტი გამოშიგნულია, პროგრამა – ცუდი და თუ ეს ორი დოკუმენტი არ ვარგა, კარგი სახელმძღვანელო საიდან დაიწერება?
“წიგნებს ალბათ უფრო გამოცდილი პედაგოგები და ცნობილი მეცნიერები უნდა ადგენდნენ. არ შეიძლება მარტო პედაგოგმა ან მარტო მეცნიერმა დაწეროს. მოკლედ, მათემატიკის სწავლება გადასახედია,” – აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.
მატემატიკის პედაგოგების რაოდენობისაგან განსხვავებით, აფხაზური ენის პედაგოგთა სიმცირე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში არ უკვირთ და ამბობენ, რომ მშობლიურ ენაზე თავად აფხაზებიც არ სწავლობენ.
მინისტრის მოადგილის, როლანდ ნიჟარაძის თქმით, აფხაზეთის სკოლებშიც მხოლოდ დაწყებით კლასებშია აფხაზურად სწავლა, მეოთხე კლასის შემდეგ კი ყველაფერი რუსულადაა. ამბობს, რომ არც ერთი საგანი არ ისწავლება აფხაზურად, რადგან ამ ენაზე არც ლიტერატურა არსებობს და არც ტერმინოლოგია თუ სიტყვათა მარაგი.
„თანაც, აფხაზურად რომ მიიღონ განათლება, სად უნდა გამოიყენონ? აფხაზური უმაღლესი სასწავლებლები არ არსებობს. ამიტომ, განათლება ან ქართულად უნდა მიიღონ, ან რუსულად,“ – ამბობს როლანდ ნიჟარაძე.
მისი თქმით, აფხაზური ენის შესწავლით ვერც სახელმწიფო დააინტერესებს ახალგაზრდებს და რომც ეცადოს, არაეფექტური იქნება, რადგან ეს მარტივი არაა. საკმაოდ რთული ენაა და სკოლებში 2 საათი გაკვეთილების ჩატარება საკამრისი ვერ იქნება. ვინც აფხაზურად კარგად ლაპარაკობს, ნიჟარაძის თქმით, აფხაზებთანაა გაზრდილი.
შესაბამისად, ამბობს რომ აქ კვალიფიციური პედაგოგები არც გვყავს და მათი სიმცირე ბუნებრივად მიაჩნია.
„სახელმწიფო ახალგაზრდობას ვერანაირად ვერ დააინტერესებს, რომ ეს ენა ისწავლონ. თავად აფხაზები არ ლაპარაკობენ აფხაზურად და ჩვენ რომ ვასწავლოთ, რაში გამოადგებათ? სოხუმშიც კი აღარავინ ლაპარაკობს აფხაზურად, ოჯახებშიც კი უკვე სულ რუსულად საუბრობენ.
„ჩვენთან არც ერთ მშობელს არ უნდა მისმა შვილმა აფხაზური ისწავლოს, რადგან პერსპექტივა არ აქვს, სად გამოიყენებენ? მათ ურჩევნიათ რამე სხვა უცხო ენა შეასწავლონ, ვიდრე აფხაზურის შესწავლაში გადაიხადონ ფული. შეიძლება ამ ყველაფერს არ უნდა ვამბობდე, რადგან აფხაზეთის განათლების სამინისტროს მუშაკი ვარ, მაგრამ ასეა,“ – აღნიშნავს როლანდ ნიჟარაძე.
როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით
თაკო არის© მათეშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება