GE

სკოლები 15-18 იანვრის დღეებში გაცდენილი გაკვეთილების აღდგენის განრიგს თავად გადაწყვეტენ – სამინისტროს განმარტება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განმარტავს, თუ როგორ აუნაზღაურდებათ სკოლის მოსწავლეებს გრიპის ვირუსის გამო გადადებული სასწავლო პროცესისთვის გაცდენილი საათები. სამინისტრო აღნიშნული საკითხის რეგულირებას სკოლებს ანდობს და კონკრეტული რეკომენდაცია – იქნება ეს შაბათი დღის ხარჯზე, თუ არა – მას არ გააჩნია.

„ვინაიდან, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდა 18 იანვრის ჩათვლით, თითოეულ საგანში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  საათების სავალდებულო რაოდენობის ჩატარების მიზნით, რეკომენდირებულია სასკოლო საათობრივ ბადეში ცვლილებების შეტანა. რეკომენდებულია სკოლებმა საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით, თავად გადაწყვიტონ 15-18 იანვრის დღეებში დაგეგმილი გაკვეთილების აღდგენის განრიგი სასწავლო სემესტრის დასრულებამდე“, – განმარტავენ სამინისტროში.

როგორც EDU.ARIS.GE-ს საჯარო სკოლის დირექტორები უცხადებენ, შაბათ დღეს გაცდენილი გაკვეთილების გადანაწილება არ არის კარგი გამოსავალი, რადგან მოსწავლეები სკოლას აცდენენ და მათ “არები” ჩვეულებრივად ეწერებათ. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ 15-18 იანვრის პერიოდში გაცდენილი გაკვეთილები სხვადასხვა საგანში, კვირის სხვა დღეებში, ორშაბათიდან პარასკევამდე ინტერვალში დამატებითი გაკვეთილების ჩატარებით ანაზღაურდეს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასკოლო საათობრივი ბადე:

ა) განსაზღვრავს საგნის/საგნების წლიური ჯამური საათების რაოდენობას;

ბ) მოიცავს თითოეული კლასის ყოველდღიური გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, რა თანამიმდევრობით და დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება.

ამავე გეგმის 56-ე მუხლის თანახმად, საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული და წლიური დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრების და საგნების მიხედვით. ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის მე-10 თავი იმპერატიულად განსაზღვრავს კონკრეტულ საგნებში საათების საერთო ჯამურ რაოდენობას“, – ვკითხილობთ სამინისტროს მიერ მოწოდებულ პასუხში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური