GE

სკოლები გაიხსნა – როგორ აფასებენ მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელს დირექტორები და რამდენად უსაფრთხოა გარემო

4 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში სწავლება საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე დარეგისტრირების შესაძლებლობაც აქვთ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, კორონავირუსის გავრცელების რა საპრევენციო ღონისძიებებს მიმართავენ სასწავლო დაწესებულებები და როგორია მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი, რამდენაც ბევრმა აირჩია ონლაინ სწავლება.

როგორც სკოლების ხელმძღვანელებისგან გავარკვიეთ, ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციების დაცვას მაქსიმალურად ცდილობენ.

,,აქ ძირითადად იგულისხმება სადეზინფექციო სითხეები, რომელიც განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა და დაახლოებით ტონა-ნახევარი გვაქვს მარაგში. ისინი ტერიტორიაზე გარკვეული წესის მიხედვით არის განთავსებული. საპირფარეშოები აღჭურვილია ჰიგიენის საშუალებებით. ამასთან, ყველა მოსწავლეს უნდა ეკეთოს პირბადე, რომლის მარაგიც ასევე გვაქვს. გარდა ამისა, ყველა კლასში დამონტაჟებულია რეკომენდაციებით დაშვებული რეკუპერატორი, რომელიც ჰაერს წმენდს’’, – ამბობს თბილისის N55 საჯარო სკოლის დირექტორი, მაია აბრამიძე.

მისი თქმით, როგორც შიდა საკლასო სივრცეში, ასევე პარალელურ კლასებს შორის კონტაქტის შემცირების მიზნით, გარკვეული ზომებია მიღებული.

„ყველა მერხზე დაკრულია სტიკერი მოსწავლის სახელითა და გვარით, რათა ისინი ერთმანეთის ზედაპირებს მოერიდონ. რა თქმა უნდა, მათ შორის დისტანცია უნდა იყოს დაცული. ამასთან, ყველა საკლასო ოთახის წინ გავაკეთეთ ზოლები, რომ მოსწავლეები მხოლოდ მოცემულ ტერიტორიაზე დარჩნენ და პარალელურ კლასებს შორის კონტაქტი შევამციროთ’’, – განმარტავს მაია აბრამიძე.

თბილისის კიდევ ერთი, N41 საჯარო სკოლის დირექტორ რევაზ ჯავახიშვილის განცხადებით კი, მოსწავლეები რეგულარულად მოწმდებიან და მათთვის ახალი პირბადეები კლასებშივეა ხელმისაწვდომი. ამის გარდა, სასწავლო დაწესებულების ყველა სართულზე განთავსებულია სადეზინფექციო საშუალება. ხოლო მოსწავლეების მერხებზე დაკრულია სპეციალური სტიკერები.

კერძო სკოლა ,,ჯეჯილის’’ ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ სკოლაში ზედაპირების სისტემატური დეზინფექცია მიმდინარეობს და სხვადასხვა კლასებს შორის კონტაქტის შემცირების მიზნით, სპეციალური განრიგი აქვთ შემუშავებული.

,,ისეთი გრაფიკი შევიმუშავეთ, რომ კლასების დასვენებებს შორის გარკვეული შუალედები იყოს და განსხვავებულ დროს შეისვენოს თითოეულმა მათგანმა. ამასთან, ყველა საკლასო ოთახსა და დერეფანში ხელების სადეზინფექციო საშუალებაა ხელმისაწვდომი. მოსწავლეები პირბადეებსაც 2 საათში ერთხელ იცვლიან და მასწავლებლები არეგულირებენ, რომ ურნაში ჩაგდების პროცესშიც იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები’’, – აცხადებს ნინო ჩივაძე.

რაც შეეხება მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელს, ადმინისტრაციის მტკიცებით მაღალია და როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში სკოლების ხელმძღვანელები აცხადებენ, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, გაზრდილიც.

თბილისის N55-ე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ონლაინ სწავლება მათთან მოსწავლეთა მხოლოდ 9%-მა აირჩია. წინა წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 25% იყო.

,,დისტანციური სწავლება უფრო მეტად საბაზო საფეხურმა (მე-8, მე-9, მე-10 კლასებმა) აირჩია. დაწყებითებმა და მაღალი კლასის მოსწავლეებმა უფრო მეტად გამოთქვეს კლასებში დაბრუნების სურვილი. მაგალითად, პირველ კლასშო 100%-იანი დასწრება გვაქვს, ონლაინსწავლება არავის სურდა’’, – აღნიშნავს მაია აბრამიძე.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა თბილისის N41 საჯარო სკოლაში. მისი ხელმძღვანელის, რევაზ ჯავახიშვილის თქმით, სკოლაში მოსწავლეების დაახლოებით 75% დაბრუნდა. ამასთან, მე-12 კლასი სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზეა.

ადმინისტრაციის თქმით, მოსწავლეთა მაღალი დასწრებაა კერძო სკოლა ,,ჯეჯილშიც’’. ,,ონლაინსწავლების მსურველთა რაოდენობა მინიმალურია. დასწრების მაჩვენებელი ჩვენთან დაახლოებით 97%-ია. მოსწავლეებს იმდენად მოენატრათ სასკოლო გარემო, რომ წინა წლის პერიოდთან შედარებით, დასწრება გაზრდილია’’, – აღნიშნავს ნინო ჩივაძე.

დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, რომ სკოლებში დასწრებული სწავლების რეჟიმი დიდი მიღწევაა და მას შენარჩუნება სჭირდება, რითვისაც როგორც სკოლებმა, ისე მოსწავლეებმა და მშობლებმა შემუშავებული წესები უნდა დაიცვან.

ასევე იხილეთ:

დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის სურვილი 23 994-მა მოსწავლემ გამოთქვა – სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

მოამზადა თამუნა ხმიადაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური