„სკოლებისა და უნივერსიტეტების დაკეტვას მაშინ აქვს აზრი, თუ ეს საერთო სურათის ნაწილი იქნება“, – ინფექციონისტი
სკოლებში სასწავლო პროცესი არადისტანციურ რეჟიმში განახლდა, თუმცა განათლების სამინისტრომ მშობლებს მაინც დაუტოვა არჩევანი დისტანციურ და საკლასო ოთახში სწავლებას შორის.
გართულდება თუ არა სკოლების გახსნასთან ერთად ეპიდემიოლოგიური ვითარება გადაჭრით ვერავინ იტყვის, თუმცა თავიანთი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით აქვთ მედიკოსებს და მათ შორის ინფექციონისტებსაც.
როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, შეიძლება, გარკვეული გართულებები სკოლების გახსნასთან დაკავშირებით იყოს კიდეც, მაგრამ სხვა მომენტები ამ შემთხვევაში უფრო დასაფიქრებელია.
„მშობლების მხრიდან სრულიად არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეინიშნება სკოლების გახსნა/დაკეტვის მიმართ. კარგია, რომ იმ მშობლებს, ვისაც კატეგორიულად არ მოსწონთ სკოლების გახსნის იდეა, უფლება ეძლევათ ონლაინ რეჟიმი აირჩიონ. გარკვეული აფეთქებები სკოლების გახსნასთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს კიდევაც, მაგრამ დასაფიქრებელია რამდენიმე მომენტი: – სკოლების დაკეტვის უმთავრესი მიზანია შევამციროთ ბავშვების, როგორც ვირუსის გადამტანების როლი. როგორც ყველამ ვიცით, კორონავირუსის ზემოქმედება ბავშვების ჯანმრთელობაზე მინიმალურია (ნაკლებიც კი, ვიდრე სეზონური გრიპის, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მცირე ასაკის ბავშვებია. სეზონური გრიპის დროს კი სკოლებს არ ვკეტავთ). – თავისთავად, ეს მიზანი ნამდვილად გამართლებულია, რადგან ბავშვებმა, შესაძლოა, დააინფიცირონ ხანდაზმული და მაღალი რისკის ჯგუფების ოჯახის წევრები“, – აცხადებს მაია ბუწაშვილი.
მას მიაჩნია, რომ ლოგიკასაა მოკლებული ის ფაქტი, რომ რეალობაში ის ადამიანები, ვინც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, მუშაობენ და გადაადგილდებიან შეუზღუდავად, მაშინ როდესაც მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება უწევთ.
„სკოლების და უნივერსიტეტების დაკეტვას მაშინ აქვს აზრი, თუ საერთო სურათის ნაწილი იქნება, ანუ თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და სამსახურებიც დაიკეტება. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ბავშვების/სტუდენტების ჩაკეტვა ეპიდსიტუაციას ვერ შეამსუბუქებს. (აქვე დავაკონკრეტებ, რომ მე არ ვამბობ, ყველაფერი უნდა ჩაიკეტოს-მეთქი). ვკეტავთ მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლები და უნივერსიტეტები ყველაზე ადვილი დასაკეტია?“- აქვე მინდა დავამატო, რომ სკოლებში/უნივერსიტეტებში დაბრუნდნენ ქვეყანათა უმრავლესობაში. – ინფექცია სკოლების დაკეტვის ფონზეც აღმავალ რეჟიმშია“, – აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
ინფექციონისტი ამბობს, რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც შვილების სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაბრუნება სურთ, რადგან ყველას არ აქვს დისტანციურ სწავლებაში შეუფერხებლად ჩართვის ფუფუნება. ამასთან, მისი თქმით, ისმის კითხვა: თუ პანდემიური ვითარება მაინც რთულდება და სასწავლებლების დახურვით მიზანს ვერ ვაღწევთ, რატომ უნდა იყვნენ ბავშვები სახლში, რომ აღარაფერი ვთქვათ განათლების სრულიად დაქვეითებულ ხარისხზე.
„ინფექცია სკოლების დაკეტვის ფონზეც აღმავალ რეჟიმშია. წარმოვიდგინოთ, სკოლები სრული დატვირთვით რომ ამუშავებულიყო სექტემბრიდან, ინფიცირებულების ამჟამინდელ რაოდენობას სულ ამას დავაბრალებდით, რაც, სინამდვილეში არ იქნებოდა სწორი. – მაშინ, თუ მთავარ მიზანს ვერ ვაღწევთ და პანდემია თავის გზას მიუყვება, რატომ უნდა იყვნენ ბავშვები სახლში? რატომ უნდა მატულობდეს პროგრესულად თავის ტკივილით და მხედველობის დაქვეითებით შეწუხებული ბავშვების/მოზარდების რაოდენობა? აღარაფერს ვამბობ განათლების სრულიად დაქვეითებულ ხარისხზე, რომელიც ისედაც არ ბრწყინავდა“, – აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
„სტუდენტებს დისტანციური სწავლების არჩევის საშუალება არ ექნებათ“, – რას შესთავაზებენ მათ
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება