სკოლების მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად დირექტორები კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას ასახელებენ
როგორია საჯარო სკოლის ტიპური ქართველი დირექტორი; როდის ეუფლებიან დირექტორები სკოლისა და სასწავლო პროცესების მართვის კომპონენტს; როგორ აფასებენ თანამდებობაზე დანიშვნის წესს; რა დროს ხარჯავენ პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობებზე?! ამ და სხვა, დირექტორებთან დაკავშირებულ საინტერესო კითხვებზე პასუხები TALIS – ის სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევაშია თავმოყრილი.
საერთაშორისო კვლევას, რომელიც 2008 წლიდან ტარდება და რომელშიც 35 ქვეყანა მონაწილეობს საქართველო 2013 წელს შეუერთდა. კვლევის პედაგოგებთან დაკავშირებულ ნაწილზე Aris.ge-განათლებამ სტატია უკვე მოამზადა, დღეს კი კვლევის იმ ნაწილზე ვისაუბრებთ, რომელიც დირექტორებს ეხება.
კვლევის ადმინისტრირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო, გამოკითხულ დირექტორთა რაოდენობა კი 440 იყო.
დირექტორებისთვის შედგენილ კითხვარში შედის კითხვები, რომლებიც დირექტორისა და სკოლის შესახებ ზოგად ინფორმაციას, სკოლის ლიდერობას, მასწავლებელთა ფორმალურ შეფასებას, სასკოლო კლიმატს და აგრეთვე, სამსახურით კმაყოფილების მაჩვენებელს ეხება.
შედეგებით ირკვევა, რომ ჩვენი საბაზო და საშუალო საფეხურის დირექტორების ყველაზე დიდი ნაწილი სკოლების მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად კვალიფიციური/კარგი მასწავლებლების ნაკლებობას ასახელებს.
- დირექტორების 61% ამ ფაქტორს თვლის „ძალიან“ ან „გარკვეულწილად“ შემაფერხებლად.
- დირექტორების ნახევარი ასევე პრობლემატურად მიიჩნევს ბიბლიოთეკის მასალების ნაკლებობას ან შეუსაბამობას (51%);
- სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი კომპიუტერული პროგრამების ნაკლებობას ან შეუსაბამობას (51%);
- სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი კომპიუტერების ნაკლებობას ან შეუსაბამობას (49%);
- დამხმარე პერსონალის ნაკლებობას (48%);
- სასწავლო მასალების შეუსაბამობას ან ნაკლებობას (47%) და არასაკმარის წვდომას ინტერნეტზე (46%).
- ქალაქის კერძო და საჯარო სკოლები ერთნაირად განიცდიან მასწავლებლებისა და სასწავლო რესურსების ნაკლებობას ან შესაბამისობას. ზოგიერთი ფიზიკური რესურსის ნაკლებობას განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან პატარა სოფლებში.
კვლევაში მონაწილე დირექტორების აზრით, მასწავლებლების უდიდესი ნაწილი (99% ან მეტი) ასწავლიან იმგვარ სკოლებში, რომლებშიც მასწავლებლები არასდროს ან იშვიათად აგვიანებენ, აცდენენ გაკვეთილებს, ან ახდენენ მოსწავლეების დისკრიმინაციას რაიმე ნიშნით. დირექტორების შეფასებით, ქართული სკოლების მასწავლებლების უდიდესი ნაწილი ისეთ სკოლებში მუშაობს, რომლებშიც ძალიან კეთილსაიმედო პროფესიული კლიმატია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქართული სკოლების მდგომარეობა კვლევაში მონაწილე ყველა სხვა ქვეყანაზე უკეთესია.
კვლევის მიხედვით, ტიპური დირექტორი საქართველოში 50 წლის ქალია. გამოკითხული სკოლის ხელმძღვანელების 88%-ს აქვს მაგისტრის ხარისხი, 5%-ს ბაკალავრის, 4%-ს დოქტორის და 4 %-ს უმაღლესი პროფესიული განათლება. TALIS ქვეყნების დირექტორების 92%-ს კი უმაღლესი აკადემიური განათლება აქვს.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ქართველი დირექტორების 68%–მა სკოლის ადმინისტრირების კომპონენტი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეისწავლა. TALIS ქვეყნებში კი უდიდეს ნაწილს – 80%–ზე მეტს ეს კომპონენტი დირექტორობამდე აქვს ნასწავლი. ასეთივე სურათია სასწავლო პროცესიის მართვის კომპონენტთან დაკავშირებითაც – ქართველი დირექტორების მხოლოდ 19%-ს აქვს ნასწავლი სასწავლო პროცესის მართვა თანამდებობის დაკავებამდე, მაშინ როდესაც TALIS ქვეყნებში ეს კომპონენტი თითქმის სრულ უმრავლესობას დანიშვნამდე აქვს შესწავლილი.
დირექტორების პროფესიული განვითარების ყველაზე გავრცელებულ ფორმაში (კურსი, ტრენინგი, გაცნობითი ვიზიტები) მონაწილეობა ბოლო1 წლის მანძილზე ქართველი დირექტორების 52%-მა მიიღო; ეს მაშინ, როდესაც TALIS ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 83%–ია.
კვლევით ასევე ირკვევა რომ ქართველი დირექტორები თავიანთი დროის 34%-ს უთმობენ ადმინისტრირებას და მართვას, დროის მეოთხედს სასწავლო გეგმასა და სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების წარმართვას; დროის მეხუთედს მოსწავლეებთან ურთიერთობას, დროის დაახლოებით 12%-ს მშობლებთან ურთიერთობას.
საქართველოში ძალიან მაღალია ისეთი დირექტორების წილი, 85%, რომლებიც პასუხისმგებლობას სკოლის ბიუჯეტის გადანაწილების შესახებ, სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს – მასწავლებლებს, სამერვეო საბჭოს ან სკოლის მართვის ჯგუფის სხვა წევრებს უზიარებენ. მონაწილე ქვეყნებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველოში ყველაზე მაღალია სასწავლო მასალების შერჩევაზე პასუხიმგებლობის დელეგირების ხარისხიც.
ქვეყნების მიხედვით, TALIS კვლევის ადგილობრივ ჯგუფებს უფლება აქვთ დაამატონ რამდენიმე კითხვა – ე.წ. ეროვნული კითხვები. კვლევის იმ ნაწილში, რომელიც დირექტორებს ეხებათ, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაამატა კითხვა, რომელიც საქართველოში დღეს არსებული დირექტორების შერჩევის წესისადმი დამოკიდებულებას ეხებოდა.
- გამოკითხვაში მონაწილე დირექტორების 81% ეთანხმება იმ დებულებას, რომ შერჩევის არსებული სისტემა უზრუნველყოფს ისეთი დირექტორის შერჩევას, რომელსაც შეუძლია სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
- 19% არ ეთანხმება ამ დებულებას.
- დირექტორების 84% ეთანხმება იმას, რომ არსებული სისტემა უზრუნველყოფს ისეთი დირექტორის შერჩევას, რომელსაც შეუძლია შეიმუშაოს და განახორციელოს სკოლის განვითარების გეგმა;
- 16% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.
- დირექტორების 84% თვლის, რომ შერჩევის არსებული მექანიზმი არჩევს ისეთ დირექტორებს, რომელთაც შეუძლიათ მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
- დირექტორების ყველაზე დიდი ნაწილი (86%) ეთანხმება იმ დებულებას, რომ არსებული მექანიზმი უზრუნველყოფს ისეთი დირექტორების შერჩევას, რომელთაც სამინისტროს რეგულაციების შესრულება შეუძლიათ.
- დირექტორების 22% არ ეთანხმება იმას, რომ ასეთი ფორმით შერჩეულ დირექტორებს შეუძლიათ მშობლებთან თანამშრომლობა.
კვლევაში საუბარია იმაზეც თუ რომელ ინდიკატორს ანიჭებენ უპირატესობას დირექტორები თავიანთი მუშაობის შესაფასებლად, შედეგები ასე გამოიყურება:
- დირექტორების შეფასების ყველაზე მისაღები ინსტრუმენტი მოსწავლეთა მიღწევებია: დირექტორების 40% ძალიან მნიშვნელოვნად და 54% მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ინსტრუმენტს.
- თვითშეფასების ინსტრუმენტი დირექტორებში პოპულარობით მეორე ადგილზეა. 34% შეფასების ამ ინსტრუმენტს ძალიან მნიშვნელოვნად, 60% კი – მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
- დირექტორები ასევე მნიშვნელოვნად თვლიან სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შეფასებას წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით. ამ ინსტრუმენტს დირექტორების 94% მიიჩნევს მნიშვნელოვნად და დირექტორების „რეიტინგში“ მესამე ადგილზეა.
- დირექტორების უდიდესი ნაწილი ემხრობა მშობლების გამოკითხვის გამოყენებასაც.
- დირექტორები შედარებით სკეპტიკურად არიან განწყობილნი შეფასების გარე ინსტრუმენტების მიმართ.
- რესურსცენტრის, თუ სამინისტროს რომელიმე უწყების მიერ დირექტორის შეფასების იდეა, აქამდე განხილულ ინსტრუმენტებთან შედარებით, ნაკლებად მისაღები ჩანს. ყოველი მეათე დირექტორი ამბობს, რომ არ მიიჩნევს მნიშვნელოვნად რესურსცენტრისა თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რომელიმე უწყების მიერ შეფასებას, (რაც საკამათო საკითხია).
და ბოლოს, საქართველოში, როგორც TALIS-ის მონაწილე ქვეყნების უმეტეს ნაწილში, დირექტორების უდიდესი ნაწილი კმაყოფილია როგორც პროფესიით, ასევე სამუშაო ადგილით. საქართველოში დირექტორების 84% ამბობს, რომ დირექტორობის უპირატესობები გადაწონის მის ნაკლოვანებებს.
ქართველი პედაგოგები თვითშეფასების მაჩვენებლით ფინელ კოლეგებსაც უსწრებენ – კვლევის შედეგები
ეკა არის© წივწივაძე
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი