GE

სკოლების შემოწმება და მონიტორინგი შემთხვევითი პრინციპით მოხდება

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ სკოლების გახსნის შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი პერმანენტულად გაგრძელდება.

“სკოლების მონიტორინგის აწყობილი სისტემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დავამტკიცეთ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტი. განისაზღვრა მონიტორინგზე პასუხისმგებელი მხარეები და შესაბამისად, ეს პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება. მათ შორის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ევალებათ მონიტორინგის განხორციელება. რა თქმა უნდა, ერთ დღეს 2082 სკოლაში წარმოუდგენელია მონიტორინგის ჩატარება, შესაბამისად, შემთხვევით შერჩევით ყოველდღიურად მოხდება სკოლების მონიტორინგი”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სასწავლო პროცესი დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დასწრებულ რეჟიმში განახლდა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები თითქმის 4 თვის, ხოლო უფროსკლასელები ერთწლიანი იძულებითი სახლში ყოფნის შემდეგ სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური