სკოლებში „ერთიანი სკოლის მიდგომა“ უნდა დაინერგოს – რას ითვალისწინებს ზოგად განათლებაში სტრატეგიის III ძირითადი მიზანი
„განათლების, მეცნიერებისა და კვლევისა და ინოვაციების სისტემების სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების სიტუაციურ ანალიზზე დაყრდნობით, მთავრობამ განსაზღვრა სამი სტრატეგიული მიზანი, რომელიც მიმართულია განათლების ხარისხისა და რელევანტურობის, თანასწორობის, ინკლუზიის და მრავალფეროვნების, აგრეთვე მმართველობის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების სისტემების გაუმჯობესებისკენ. სწორედ ამ მიზნებს დაეფუძნება ის რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც უნდა განხორციელდეს სისტემაში 2022-2032 წლებში“, – ვკითხულობთ განათლების ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში.
2021 წლის მიწურულს გასაჯაროებული სქელტანიანი დოკუმენტის ავტორთა განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების სისტემის მესამე ძირითად სტრატეგიულ მიზანს (მართვა, დაფინანსება და ანგარიშვალდებულება) წარმოადგენს ძლიერი ავტონომიური საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების განვითარების მხარდაჭერა, მათთვის სათანადო რესურსების და დაფინანსების უზრუნველყოფისა და ხელშემწყობი მართვისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების დამკვიდრების გზით. მართვის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა წარმოადგენს განათლების სისტემის ყველა საფეხურისა და ასევე სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური სისტემების განვითარების ძირითად მიზანს. თუ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი ზოგადი განათლების მიმართულებით, სტრატეგიაში ვკითხულობთ:
ზოგად განათლებაში პრიორიტეტულია რესურსების ეფექტიანად გამოყენების, თვითმმართველობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის გაძლიერება, სკოლების დაფინანსების ზრდა (ანაზღაურებების გარდა), რათა შესაძლებელი გახდეს მოსწავლეებისა და სკოლების ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილება, ხარისხიანი სწავლასწავლების უზრუნველყოფისთვის.
დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მთავრობა საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერით წაახალისებს სკოლის თვითმმართველობის ზრდას მათი ავტონომიურობის ამაღლების, დირექტორების, მასწავლებლებისა და სამეურვეო საბჭოს შესაძლებლობათა გაძლიერების გზით. ჩამოყალიბდება ახალი კონცეფცია, რომელიც სკოლის ხელმძღვანელის, როგორც სისტემური ლიდერის, კომპეტენციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
2022-2032 წლებში ზოგადი განათლების სფეროში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სასკოლო სისტემის რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია ფინანსური და ადამიანური რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენების მიზნით. ამჟამად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შეზღუდული რესურსების არაეფექტიანად გამოყენებაზე მიანიშნებს მოსწავლე-მასწავლებლის დაბალი თანაფარდობა, მცირე სკოლების დიდი რაოდენობა და ის ფაქტი, რომ მასწავლებელთა მხოლოდ ნახევარი მუშაობს სრულ განაკვეთზე (NAEC, 2020).
სტრატეგიაში წერია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სრულფასოვანი და გამართული მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებისთვის განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდებას.
“2026-2027 აკადემიური წლისთვის დასრულდება საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი, რომელიც ახალი სტანდარტის შესაბამისად, აქცენტს აკეთებს სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა მოსწრების შეფასებაზე.
“მოსწავლეთა ჯანმრთელობის, პიროვნული ზრდის და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით დაინერგება “ერთიანი სკოლის მიდგომა”, რომლის მიხედვითაც, სასკოლო კულტურის ყველა ასპექტს შეუძლია დადებითად იმოქმედოს მოსწავლეთა შედეგებზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, მიდგომა ითვალისწინებს ჰოლისტური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მუშაობის პრაქტიკის დანერგვას. შემუშავდება სკოლის თვითშეფასების სისტემა, რომელიც იქცევა სკოლის განვითარებისა და გაუმჯობესების ფუნდამენტურ ძალად. თვითშეფასების სისტემა წაახალისებს გამჭვირვალე ანგარიშვალდებულების სისტემის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და მხარდაჭერაზე. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმობა გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულების პროცესში, თავად არასრულწლოვანთა და ახალგაზრდების მონაწილეობის მაქსიმალურ ხელშეწყობას მათი უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის“, – ვკითხულობთ განათლების ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება