GE

სკოლებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობა გაზრდილია – საქსტატი 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების რაოდენობა გაზრდილია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების ანგარიშის თანახმად, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. უწყების ცნობით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5 პროცენტი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.

რაც შეეხება მასწავლებელთა გაზრდილ რაოდენობას, საქსტატის ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 6 ერთეულით არის შემცირებული და 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 2 296 იყო.

საინტერესოა მონაცემები, რომელსაც საქსტატი მოსწავლეების მიერ სკოლის სხვადასხვა საფეხურის გავლასთან დაკავშირებით წარმოგვიდგენს:

“2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია იმ მოსწავლეთა რიცხოვნობა, რომელთაც მიიღეს დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლება, 2019-2023 წლებში”, – ვკითხულობთ საქსტატის ანგარიშში.

საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა მონაცემები იმ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ, რომლებიც 2023-2024 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სწავლობენ. იხილეთ ანგარიში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური