სკოლებში მრჩეველთა საბჭოები შეიქმნება – ვინ შევა „უსაფრთხო სკოლის“ მაკონტროლებელ საბჭოში
განათლების რეფორმის ფარგლებში, უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ექნება საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა დღეს „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
გაჩნდა კითხვა, ვინ იქნება საბჭოს შემადგენლობაში და რას ნიშნავს მაკონტროლებელი ფუნქცია.
„მრჩეველთა საბჭოში შევლენ სკოლის დირექტორი ან მოადგილე, რომლებიც იქნებიან საბჭოს მუდმივი წარმომადგენელები, მანდატური, მოსწავლე, მშობელი. აუცილებელი იქნება პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი, რესურსცენტრის წარმომადგენელი და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები. ესენიც ასევე მუდმივად იქნებიან მრჩეველთა საბჭოში წარმოდგენილი. საჭიროების შემთხვევაში კი მას დაემატება განათლებისა და მანდატურის სამსახურის წარმოდგენილი. საბჭო იქნება მუდმივად ყველა სკოლაში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ, თუმცა მაკონტროლებელი ფუნქციის დეტალური განმარტება არ გაუკეთებია.
განათლების რეფორმის ფარგლებში მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძესა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად საზოგადოებას „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი წარუდგინა.
ითქვა, რომ სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური – უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება. იზრდება მისი ხელმისაწვდომობა და ხარისხი.
უწყების ცნობით, ბოლო სამი თვის განმავლობაში აშშ-ის სკოლის მანდატურთა ეროვნულ ასოციაციასთან ინტენსიური მუშაობის შედეგად, შემუშავდა სწორედ თვისებრივად განსხვავებული მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას მიექცევა. ამისათვის ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.
შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ – პირველი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მანდატურის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმებს.
კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი,რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე ეცნობა არსებულ სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული პროგრამის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესში. პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია.
გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია ახალი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში. დღეს საქართველოს მასშტაბით 8 ფსიქოლოგიური ცენტრი მუშაობს: თბილისში – 2, რუსთავში, თელავში, გორში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში. ფსიქოლოგიური ცენტრები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგებით, ბავშვთა ფსიქიატრებით და სოციალური მუშაკებით. ასევე, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი. 2019-2020 წლებში მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. შედეგად, მანდატური საჯარო სკოლების მოსწავლეთა 85% მოემსახურება.
„2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1300 მოქმედი მანდატური, რომელსაც არ გაუვლია შსს-სთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული. ასევე, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება, სადაც არ არის წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. 2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით.
ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირების მიზნით სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ინტერნეტ-პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის განმავლობაში საბოლოო სახით მოდიფიცირება. პორტალზე ფსიქოლოგის კონსულტაცია როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მანდატურებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართება, სხვადასხვა უწყებასთან ერთად დაიგეგმება მოცულობითი ღონისძიებები და კამპანიები, მათ შორის, ყოველწლიურად ჩატარდება უსაფრთხო სკოლის კვირეული“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება