სკოლებში უკონტაქტო რაგბის გაკვეთილები დაიწყო – ვისი დახმარებით იმუშავებენ პედაგოგები მოსწავლეებთან და როგორია სწავლების ვადები
1-ელი ნოემბრიდან საქართველოს 11 რეგიონის საპილოტე საჯარო სკოლების ნაწილში რაგბის გაკვეთილები დაიწყო, მეორე ნაწილი კი პროცესს დღიდან, 7 ნოემბრიდან შეუერთდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უკვე შევიდნენ გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც სპეციალურად რაგბის გაკვეთილებისთვის გადამზადებულ სპორტის მასწავლებლებს დაეხმარებიან. ცნობილია, რომ საპილოტე პროგრამა 150 სკოლის 15 000-მდე მოსწავლეს შეეხება, თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების სიაში, სავალდებულო მიმართულებად, ე.წ. „თეგ რაგბის“ ანუ „უკონტაქტო რაგბის” დამატება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას წარმოადგენს. უკონტაქტო და სრულიად უსაფრთხო ვარჯიშები მსოფლიო რაგბის პროექტის – „ჩაერთე რაგბიში“ მიხედვით ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბოლმონტი, სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა და ვიზიტისას განაცხადა, რომ მიესალმება ამ წამოწყებას და სპორტისა და განათლების ასეთი მჭიდრო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარობის გათვალისწინებით, რაგბის გაკვეთილების სკოლებში დანერგვის მოწინააღმდეგეები არ გამოჩენილან, თუმცა მშობლების ერთ-ერთ მთავარ შეკითხვას წარმოადგენს რამდენად უსაფრთხოა ეს ვარჯიშები ბავშვებისთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განგვიმარტავს, რომ „უკონტაქტო რაგბი‘‘ სრულად გამორიცხავს ფიზიკურ კონტაქტსა და ტრავმას, მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით, მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და სპორტულ წესებს ეფუძნება.
ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია და გარკვეული შეკითხვები არსებობს მასწავლებელთა შერჩევის პროცესსა და მათ კომპეტენციასთან დაკავშირებით, როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უთხრეს, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, რაგბის გაკვეთილებისთვის სპორტის მასწავლებლები სპეციალურად გადაამზადეს. აღნიშნულ ინფორმაციას პროექტ „ჩაერთე რაგბის“ რეგიონალური მენეჯერი ზუკა შენგელიაც გვიდასტურებს.
როგორც ზუკა შენგელიამ გვითხრა, საქართველოს 11 რეგიონში რაგბის გაკვეთილებისთვის სპორტის მასწავლებლების გადამზადების ორი ეტაპი ჩატარდა. გადამზადებულ მასწავლებლებს კი, რაგბის გაკვეთილების ჩატარებაში გამოცდილი ინსტრუქტორები დაეხმარებიან. მისივე ინფორმაციით, ე.წ. „თეგ რაგბი“ მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციის პროგრამაა, რომელიც საქართველოს რეალობას მოარგეს.
„ზოგიერთ სკოლაში უკვე ტარდება რაგბის გაკვეთილები, გარკვეულ სკოლებში ამ კვირაში დგება ცხრილი და ორშაბათიდან უკვე აქტიურად დაიწყება სწავლება. თითოეული სკოლიდან მინიმუმ 1 მასწავლებელი გადამზადდა, რაგბის ინსტრუქტორებიც მზად არიან. ეს ჩვეულებრივი რაგბი არ გახლავთ, ეს არის მოძრავი თამაშები – აქტიური, სახალისო, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული, რომელშიც გოგონები და ბიჭები თანაბრად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, გუნდურობას, სარაგბო ღირებულებების შესახებ ინფორმირებას“, – განაცხადა „ჩაერთე რაგბის“ რეგიონალურმა მენეჯერმა.
როგორც პროექტის წარმომადგენელი გვეუბნება, უკვე გაზაფხულიდან V-VI კლასის მოსწავლეებს, საშუალება ექნებათ, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „თეგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა. სკოლებში ე.წ. „თეგ რაგბის“ სწავლების პროგრამა რვა წელს მოიცავს და ამ ეტაპზე, რაგბის კავშირსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის საუბარია სამწლიან თანამშრომლობაზე.
ექსპერტი განათლების საკითხებში, რეზო აფხაზავა, სკოლებში რაგბის გაკვეთილების დანერგვას მიესალმება და ყურადღებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის აუცილებლობაზე ამახვილებს.
„სკოლებში რაგბის გაკვეთილების ჩატარება ცალსახად კარგია. ეს ჩვენი გამოგონილი ამბავი არ არის, „თეგ რაგბის“ პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს. რაც მეტი ალტერნატივა ექნებათ ბავშვებს სპორტის თვალსაზრისით, მით უკეთესი. სპორტის სხვადასხვა სახეობა თუ დაემატება, ხელმისაწვდომობა თუ ექნებათ მოსწავლეებს და შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება, ძალიან კარგია“, – ამბობს რეზო აფხაზავა.
როგრც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „თეგ რაგბი“ ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა: ერთიანობა, თანადგომა. აქ აქცენტი კეთდება არა მხოლოდ, კონკრეტულ სპორტის სახეობაზე, არამედ იმ უნარებზე, რომელიც ადრეული ასაკიდანვე უნდა გამოვუმუშავოთ ბავშვებს. შეძლებს თუ არა პროგრამა დასახული მიზნის მიღწევას არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა სასწავლო პროგრამა, მასწავლებლების კომპეტენცია, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა და სხვ. აღნიშნული ფაქტორების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობა, საპილოტე პროგრამის სრულად ამოქმედების შემდეგ მოგვეცემა.
ამავე თემაზე:
განათლების სამინისტრო 2 085 სკოლისთვის რაგბის სათამაშოდ საჭირო სპორტული აღჭურვილობის შეძენას გეგმავს
მოამზადა ბესო კუნელაურმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება