„სკოლის დირექტორები დღეს ძირითადად დაკავებულები არიან ტექნიკური საქმიანობით და არა შინაარსით“
„დირექტორი მხოლოდ ტექნიკურში კი არა, შინაარსის ნაწილშიც უნდა ეხმარებოდეს სკოლას“, – ამის შესახებ დღეს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
საკითხის წამოჭრის კონტექსტი კი იმაში მდგომარეობდა, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ განათლების სისტემის ახალ კონცეფციაზე ისაუბრა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს მოდელს, რომელიც სკოლას ერთ მთლიან ორგანიზმად დაგვანახებს. აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, შექმნილია საკოორდინაციო საბჭოც.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც არის სკოლის დირექტორი, მისი ცოდნა დღევანდელი მდგომარეობით, რა თქმა უნდა, მე ყველაზე არ ვიძახი, გვაქვს სურვილი, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ის უნდა იყოს ასე ვთქვათ ადამიანი, რომელიც ეხმარება არამარტო ტექნიკური და მშობელთან კომუნიკაციაში, მოსწავლეთა ჩარიცხვის ნაწილში და ა.შ., კომუნალურების გადახდის და შესყიდვების ნაწილში, არამედ შინაარსის ნაწილში, რომ იყოს კონსულტანტი ასევე და მხარდამჭერი იმ პროცესებისა, რომელიც ასე ვთქვათ, სკოლის წიაღში მიმდინარეობს“, – აღნიშნავს განათლების მინისტრის მოადგილე, რომელიც განათლების მესვეურების პასუხისმგებლობად მიიჩნევს არსებობდეს შესაბამისი რესურსები, გზამკვლევები, საგანმანათლებლო მასალა, რომელიც დაეხმარება სკოლას, მასწავლებელს, მშობელს ამ პროცესების ეფექტიან წარმართვაში.
ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სხვადასხვა დონეზე უნდა მოხდეს. მაგალითად, მოსწავლის, მასწავლებლის, სკოლის დონეზე, ეროვნულ დონეზე და ეს, ამავდროულად, უნდა აკმაყოფილებდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელსაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა და სისტემა.
ახალი კონცეფციით, დირექტორები სკოლის შინაარსის ნაწილში უფრო მეტად უნდა ჩაერთვნენ და მხოლოდ ტექნიკური დეტალებით არ უნდა იყვნენ დაკავებულნი, რაც მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ბევრი სკოლის დირექტორის შემთხვევაში სწორედ ასე ხდება. განათლების სისტემის ახალი კონცეფციით, სკოლის ლიდერობა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ჩვენ სკოლა უნდა დავინახოთ მთლიანად და არა მარტო მოსწავლე, არა მარტო მასწავლებელი და არა მარტო სკოლის დირექტორი. როგორც ვთქვით, ეს უნდა იყოს სკოლის ლიდერი… უკვე გვაქვს სამუშაო ვარიანტი, უკვე დაგზავნილია ყველა ჯგუფის წევრთან. აქ შედიან როგორც სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, ჩვენი სიპის წარმომადგენლები როგორც პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან შეთანხმებით ხდება სწორედ აი ამ კონცეფციის დამუშავება“, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
კომიტეტის სხდომაზე ახალი სასწავლო გეგმის დანერგვის საკითხი კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს. მინისტრის მოადგილემ სხდომაზე ახსნა, თუ რა პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს კონცეფცია, რომ სკოლაში პოზიტიური გარემო ჩამოყალიბდეს.
„რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეძლოს და რა ღირებულებებზე უნდა იყოს მოსწავლე აღზრდილი… ასევე, საგანმანათლებლო პრინციპებზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული. აქ ვგულისხმობთ აქტიურ სწავლებას, წინარე ცოდნის გამოყენებას და მასზე დაშენებას, სწავლის სწავლებას, ფაქტობრივ მასალებთან დაკავშირებულ პროცედურებთან და ცხოვრებისეულ კონტენტთან დაკავშირებით უნდა იყოს ურთიერთკავშირი და სწავლა-სწავლების პროცესი, რომლის ორგანიზება უნდა მოხდეს სკოლაში, სკოლის საორგანიზო კულტურის ჩამოყალიბებაზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული და პოზიტიური გარემოს შექმნაზე“.
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანამ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების სამი ეტაპი გაიარა. ეს იყო პირველი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა 2005-2010 წლებში, შემდეგ იყო მეორე ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2018 წლებში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა კი 2019 წელს დამტკიცდა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება