GE

სკოლის დირექტორობის მსურველი: დღევანდელი ვითარებით, შეუძლებელია, არ იყო მართული ხელმძღვანელი

22 ივლისს, კიდევ ერთხელ ატყდა აჟიოტაჟი თითქმის სამი წლის წინ დაანონსებული და მრავალჯერ გადადებული სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გარშემო, რაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ თქვა, რომ სკოლის დირექტორების არჩევნები – მომავალ წელს, ხოლო მიმდინარე წელს სერტიფიცირება იგეგმება.

რეგისტრაციის საფასური 2020 წლის თებერვალში ვინც გადავიხადეთ, რა ხდება ჩვენთან დაკავშირებით?, საარჩევნოდ ამზადებენ დირექტორებს, გაგვეცით პასუხი, რატომ არავინ არ გვპასუხობს ჩვენს კითხვას, რა მოტივით არ გაგვიგრძელეს საქართველოს სკოლების დირექტორთა გარკვეულ ნაწილს ხელშეკრულებები, რა ბრალი მიგვიძღვის ერის და ბერის წინაშე, ეს რა სამართალია? საუკეთესო დირექტორი, ალბათ, პარტიული დავალების კარგი შემსრულებელი იქნება…  – წერდნენ სოციალურ ქსელში დირექტორობის მსურველები და საზოგადოების წარმომადგენლები.

სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 2020 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო. იმავე პერიოდში გამოქვეყნდა დამხმარე ლიტერატურა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის, გამოცხადდა რეგისტრაცია და დადგინდა საფასურიც, რომელიც გამოცდაში მონაწილეობის მსურველებს უნდა გადაეხადათ… EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, მაშინ, ამ გამოცდაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა 2 244-მა პირმა დააფიქსირა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ორ წელზე მეტი ხნის წინ დაანონსებული გამოცდა დღემდე არ ჩატარებულა. განათლების სამინისტროში კი ერთი წლის წინაც აცხადებდნენ, რომ სერტიფიცირების მსურველები ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ, რაც თითქოს იმას ნიშნავდა, რომ გამოცდა გაუქმებული არ იყო… განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, გასულ წელს, პარლამენტის დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას ბუნდოვნად უპასუხა და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ გამოცდა გაისად ჩატარდებოდა და შემუშავებულია სკოლის ლიდერის ახალი სტანდარტი. რა შეიმუშავეს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და როგორი უნდა იყოს „სკოლის ლიდერი“, საზოგადოებისათვის ამ დრომდე უცნობია…

EDU.ARIS.GE 26 ივლისს ესაუბრა იმ პირებს, ვინც დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდაზე ორ წელზე მეტი ხნის წინ დარეგისტრირდა და მონაწილეობისთვის დაწესებული საფასურიც გადაიხადა. ინტერვიუზე სამი დირექტორობის მსურველი დაგვთანხმდა, ორი მოქმედი პედაგოგი იყო, ერთს კი, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო პედაგოგიური რეზიუმე აქვს, დასაქმება დღემდე უჭირს. ამ ამბავში ყველაზე მრავლისმთქმელი კი ის არის, რომ მოქმედი პედაგოგები, რომლებიც ჯერ დაგვთანხმდნენ საკითხზე ესაუბრათ და საკუთარი შეხედულებებიც დააფიქსირეს, საუბრის ბოლოს სხვა აზრზე იყვნენ. ერთი მათგანი წინააღმდეგი წავიდა, რომ მისი პოზიციები გვარსახელის მითითებით გამოგვექვეყნებინა, მოგვიანებით კი, რაც ჩვენი ვარაუდით, კონსულტაციები გაიარა, დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ მისი ინტერვიუ საერთოდ არ გამოგვექვეყნებინა. დირექტორობის მეორე მსურველი დააბნია ჩვენმა კითხვებმა და ადამიანისგან, რომელსაც სკოლის მართვის ამბიცია აქვს, პასუხად თითქმის ყველა კითხვაზე „არ ვიცი“ მივიღეთ.

ჩვენი მესამე რესპონდენტი, სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა ცოტნიაშვილი, რომელსაც მოქმედი მასწავლებლობის მარწუხები არ ბოჭავს, ჩვენთან ღიად საუბრობს. გვიყვება, რომ მესამე წელია, დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდაზეა დარეგისტრირებული. ის სამაჩაბლოდან დევნილი და ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე, ერედვში, ბერულას საჯარო სკოლაში მუშაობდა. ხშირად დადის გასაუბრებებზე, სადაც ვაკანსიები ცხადდება, თუმცა იმედი არ აქვს, რომ ნაცნობობის გარეშე სადმე დასაქმდება.

– ქალბატონო ნანა, პირველ რიგში, მოკლედ რომ გაიხსენოთ ქრონოლოგია, რა და როგორ გაიარეთ რეგისტრაციიდან დაწყებული ჯერ გამოცდის გადადებით შემდეგ სულ გაუქმებით გაგრძელებული, რა მოლოდინები გქონდათ და რა მიიღეთ, რომ შეაფასოთ დღეს დამდგარი რეალობა, ეს მოცემულობა, რომელშიც აღმოჩნდით, რას ფიქრობთ?

– როგორც მახსოვს, 2020 წლის 18 თებერვალი იყო მითითებული ამ გამოცდაზე დასარეგისტრირებლად ბოლო დღედ და მაშინ დავრეგისტრირდი. სერტიფიცირება ორ თვეში იგეგმებოდა. მერე კი გადაიდო. სულ ველოდებოდი – ან ახლა იქნება, ან ახლა… ტესტების წიგნიც შევიძინე მასწავლებელთა საკონსულტაციო ცენტრიდან. დღემდე არ ჩატარებულა. ვებგვერდსაც ხშირად ვამოწმებდი, რომელზეც დარეგისტრირებული ვიყავი. გარკვეული მასალაც იყო იქ მოცემული, მაგრამ მერე ვეღარ შევდიოდი, როგორც ჩანს, სულ გააუქმეს. შარშანაც იყო დაანონსებული სერტიფიცირება, მერე კიდევ გადაიდო, მგონი, პანდემიის გამო და დღემდე ასეთ გაურკვევლობაში ვართ. ასე უყურადღებოდ არ უნდა დავრჩენილიყავით ისინი, ვინც დავრეგისტრირდით და გარკვეული თანხაც გვაქვს გადახდილი.

– აქვე გკითხავთ, რამდენი იყო რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა და ვინმე დაგიკავშირდათ თუ არა ან თქვენ თუ მოინდომეთ თუნდაც დაბრუნება ამ თანხისა და რა გიპასუხეს?

– რამდენიმე დღის წინ ვნახე, რომ ისევ იგეგმება სერტიფიცირება. რეგისტრაციის საფასური, 35 ლარი გვაქვს გადახდილი და მაინტერესებს, ჩვეულებრივ შეგვეძლება მონაწილეობა მივიღოთ ამ გამოცდაში? არც არავინ დამკავშირებია და არც მე მოვიკითხე, რადგან სულ მეგონა, დღეს ჩატარდება ან ხვალ-თქო.

– სამინისტროში ამბობენ, რომ დირექტორების შესარჩევი კონკურსი ახალი მეთოდოლოგიით უნდა ჩატარდეს და სკოლის ლიდერის ახალი სტანდარტიც შემუშავდა. გჯერათ ამ დაპირების? როგორ ფიქრობთ, რა უშლიდათ ხელს, რა ტიპის სერტიფიცირება უნდა ჩაატარონ? რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, გაწვდიან რაიმე სახის ინფორმაციას, როგორც ამ გამოცდებზე დარეგისტრირებულს?

– არავინ არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის. რასაც ინტერნეტში წავაწყდები, სულ ეს არის. ის ინფორმაციაც გავრცელდა ერთხელ, რომ ტესტირება აღარ იქნება და კონკურსის წესით შეირჩევიან დირექტორები. არაფრის მჯერა, მაგრამ მაინც მინდოდა, გამევლო სერტიფიცირება და მივყვები რა და როგორ მოხდება. ალბათ, არ იყვნენ საბოლოოდ ჩამოყალიბებულნი, რა, როგორ უნდა გაეკეთებინათ. ფაქტია, რომ ამ რეალობაში ვართ დღეს.

– რა არის მიზეზი, ამ მოცემულობისა, რომელშიც ახლა ვართ, დირექტორების მართვის სურვილი სახელმწიფოსგან? ვგულისხმობთ მათ შორის იმ ინფორმაციებს გასაჯაროებას, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ყოფილი ძალოვანის მიერ – სკოლის ხელმძღვანელთა დახასიათებები წინასაარჩევნო პერიოდისთვის და სხვა…

– შეიძლება ეგეც არის მიზეზი, რადგან ჩემ ირგვლივ ვინც არის დანიშნული საჯარო სკოლებში, არც გამოცდები აქვთ ჩაბარებული, არც სერტიფიცირებულები არიან. ნაკლებად ვიცი, რა ინფორმაციები გასაჯაროვდა, თუმცა ვნახე ერთ-ერთი სკოლის დირექტორზე… ყველა დირექტორი დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის საქმიანობაში და ამას სახელმწიფო არ უნდა აკონტროლებდეს. ფაქტია, რომ ასეთი სამწუხარო ამბები ხდება.

– მოცემულ რეალობაში, რამდენად გაქვთ იმედი, რომ გადადებულ-გაუქმებული სერტიფიცირების ჩატარების შემთხვევაში, ამ გამოცდით მიღებული შედეგებით იხელმძღვანელებენ და თქვენ აგირჩევენ?

– 2008 წლის ომამდე, საჯარო სკოლაში ვმუშაობდი, ერედვში. ომის შემდეგ გორში ვცხოვრობ და პერიოდულად მასაქმებდნენ, თუ, მაგალითად, ვინმე დეკრეტულ შვებულებაში გავიდოდა და ა. შ. სერტიფიცირებული პედაგოგი ვარ, მაგრამ დიდად არ მჯერა, რომ ვინმეს გასაუბრების საფუძველზე ასაქმებენ. რასაც ვუყურებ, ისეთი სიტუაციაა, არა მგონია, კადრები კონკურსის წესით დანიშნონ. წითელ დიპლომზე მაქვს უმაღლესი დამთავრებული, მაგისტრის ხარისხი მაქვს, პედაგოგების 60 კრედიტიანი პროგრამაც გავიარე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთოდ არ მევალებოდა. ახლა დოქტურანტურაში ვსწავლობ სოციალურ მეცნიერებებზე, კვლევას ვაკეთებ განათლების სფეროში, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაა დასაქმების მხრივ ქვეყანაში. მგონია, რომ კადრები საერთოდ არ ინიშნება კვალიფიკაციის მიხედვით.

მიუხედავად უამრავი მცდელობისა, კიდევ მინდა, ვცადო. გორის საჯარო სკოლებში დადებული ვაკანსიების დროს სრულ სპექტაკლებს ვაწყდებოდი. მაინც მჯეროდა, რომ სამართალს ვიპოვიდი და დააფასებდნენ ასეთ კადრს. ახლა დიდი მოლოდინი აღარ მაქვს, მაგრამ მთლად უქმად ყოფნაც არ მინდა. მაინც ვცდიდი და თუ იქნებოდა, ტესტირებაშიც და გასაუბრებაშიც მივიღებდი მონაწილეობას.

– რატომ გინდათ დირექტორობა და როგორი სკოლის მოდელი მიგაჩნიათ საუკეთესოდ ჩვენი რეალობისთვის?

– სამართლიანი ადამიანი ვარ და შევეცდებოდი, სკოლაში ყველაფერი სამართლიანობისკენ წამეყვანა. თუ ამირჩევენ, ყველაფერს გავაკეთებ სკოლისთვის, რომ საუკეთესო იყოს. დირექტორმა უნდა იზრუნოს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მოსწავლეებზე… ისეთი არ უნდა იყოს სკოლა, როგორიც დღეს არის. ბევრ რამეს შევცვლიდი. დირექტორი საქმის კურსში უნდა იყოს, რამდენად ხარისხიანი გაკვეთილები ტარდება, ყველა პედაგოგი თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს და გამორჩეულად არ უნდა აღიქვამდე ნათესავს თუ ახლობელს… ვფიქრობ, დირექტორი ყველა კლასში უნდა ესწრებოდეს გაკვეთილებს პერიოდულად, თუმცა ეს ისეთ კონტროლში არ უნდა გადავიდეს, რომ პედაგოგი დაითრგუნოს. სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად შევიმუშავებდი გარკვეულ საშუალებებს.

– როგორ ფიქრობთ არ იქნებით ე.წ მართული დირექტორი? როგორ უნდა იმუშაოს სკოლის ხელმძღვანელმა იმისთვის რომ ეს აირიდოს, თუ შეუძლებელია?

– უკანონო რამ რომ დამავალონ, ანუ ისეთი რამ, რაც არ უნდა გააკეთოს დირექტორმა, არაფრით დავეთანხმები. სამართლიანობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გააჩნია კონტროლს – რა მხრივ გაკონტროლებენ, თუმცა, დღეს როგორი ვითარებაც არის, ალბათ მართლა შეუძლებელია, აირიდო ეს ყველაფერი.

ნანა ცოტნიაშვილის ამ სიტყვებს ამყარებს იმ ორი მოქმედი პედაგოგისა და სკოლის დირექტორობის მსურველების ქმედებებიც, რომლებზეც უკვე მოგახსენეთ. მათაც იგივე კითხვები დავუსვით. ორივე ამბობს, რომ არაფერი სმენია ყოფილი ძალოვანის მიერ ინფორმაციებს გასაჯაროების შესახებ, რომელიც სკოლის ხელმძღვანელთა დახასიათებებს ეხება წინასაარჩევნოდ და რომელზეც დღეს ყველა საუბრობს. ერთმა მათგანმა ისიც გვითხრა, რომ ახლა უკვე აღარ ხიბლავს დირექტორის პოზიცია და რადგან დარეგისტრირებულია, გამოცდაზე მხოლოდ ამის გამო გავა… მეორეს კი იმედი აქვს, რომ დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდას ჩააბარებს, დირექტორიც გახდება და „ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა მართოს ვინმემ“. წარმოუდგენელი და მიუღებელი კი ალბათ ის უფრო ჩანს, რომ პედაგოგი, რომელსაც საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირება უჭირს, დამოუკიდებელი დირექტორი იქნება…

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ სერტიფიცირებას არ ექვემდებარებიან უკვე მოქმედი სკოლის დირექტორები, რომლებიც სერტიფიკატებს ფლობენ, თუმცა სერტიფიცირების გავლა აუცილებელი უნდა ყოფილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და სერტიფიკატი არ აქვთ. 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 2083 საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 1022 სკოლას ჰყავდა. დირექტორობის სურვილი კი 2 244 აქვს გაცხადებული და ალბათ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

დღეს მოქმედი წესით, სკოლის დირექტორის სერტიფიცირების ეტაპი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას, რომელიც ელექტრონულად ტარდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი კი მოიცავს გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან. შეიცვლება თუ არა ეს მიდგომა იმ ახალი და უცნობი სტანდარტით, რომლის მიხედვითაც სამინისტრო გამოცდის ჩატარებას გვპირდება, დრო გვაჩვენებს.

ასევე იხილეთ:

„სკოლის დირექტორების არჩევნები იგეგმება მომავალ წელს და სერტიფიცირება წელს არის“

„სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ახალი მეთოდოლოგიით ჩატარდება“ – სამინისტრომ ვადაც დაასახელა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური