GE

სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე გასული 1 841 აპლიკანტიდან ზღვარი სულ 755-მა გადალახა – დეტალები

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპის, ტესტირების შედეგები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 6 მარტს გამოაქვეყნა, დირექტორობის მსურველები, რომლებმაც წარმატებით გადალახეს საგამოცდო ზღვარი ახლა მეორე ეტაპის-გასაუბრების მოლოდინში არიან.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორი იყო საკონკურენტო პირობები დირექტორობის მსურველთათვის და არსებული სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების მიზნით, EMIS-ს იმ დღესვე მივმართეთ, როცა პირელი ტურის შედეგები გამოქვეყნდა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დღეს, 13 მარტს მოწოდებული მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ მომდევნო, გასაუბრების ეტაპზე სულ 755 დირექტორობის მსურველი გადავიდა.

მიღებული ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველ ეტაპზე – ტესტირებაზე 2022 და 2023 წლებში, ჯამურად დარეგისტრირებული იყო 3 205 დირექტორობის მსურველი. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, დამატებით სესიაზე გასვლის უფლება მიეცა 4 დირექტორობის მსურველს. საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ტესტირების პირველ სესიაზე გამოცხადდა 1 839, ხოლო დამატებით სესიაზე 2 დირექტორობის მსურველი.

რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას, მათგან რამდენმა ჩააბარა წარმტებით ტესტირება, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პასუხი ასეთია: „საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ტესტირების ეტაპისათვის დადგენილი ბარიერი გადალახა და ტესტი წარმატებით ჩააბარა 755 – მა დირექტორობის მსურველმა“.

EMIS-ში არ უპასუხეს EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთ მთავარ შეკითხვას, იმის თაობაზე, თუ რამდენი იყო დღეს მოქმედი სკოლის დირექტორი და რამდენი სხვა აპლიკანტი იმ პირთა შორის, ვინც ზღვარი ვერ გადალახა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N229/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, მართვის სისტემა არ ამუშავებს მონაცემებს იმ პირების შესახებ, ვინც ვერ გადალახა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ტესტირების ეტაპისათვის დადგენილი ბარიერი“, – განგვიმარტეს უწყებაში.

გარდა ამისა, ვერ გავიგეთ, როგორ განაწილდა ზღვარგადალახული და ზღვარს ქვევით მყოფი სკოლის დირექტორობის მსურველთა მონაცემები რეგიონების მიხედვით:

„საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია სერტიფიცირების ეტაპზე განხორციელდა ელექტრონულად მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო ტესტირება ჩატარდა 5 რეგიონში განთავსებულ 49 საგამოცდო ცენტრში, სადაც აპლიკანტები გადანაწილებულნი იქნენ თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით შემთხვევითობის პრინციპით, აღნიშნულიდან გამომდინარე მართვის სისტემა არ ფლობს და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს ინფორმაცია ზღვარგადალახულ აპლიკანტებზე“, – გვიპასუხეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან.

ასევე იხილეთ:

„თუ სკოლის დირექტორი ვერ შეძლებს დამოუკიდებლობას, თანამდებობა უნდა დატოვოს“ – კანდიდატები ბათუმიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური