GE

„თუ სკოლის დირექტორი ვერ შეძლებს დამოუკიდებლობას, თანამდებობა უნდა დატოვოს“ – კანდიდატები ბათუმიდან

„ვინც პოლიტიკურ გავლენებს უჩივის, მათ თვითცენზურა აქვთ. ჩემთვის შეთავაზებები არავის გაუბედია“, – ეს სიტყვები სკოლის დირექტორობის 7 წლიანი გამოცდილების მქონე მიხეილ გრიგოლიას ეკუთვნის, რომელიც EDU.ARIS.GE-ს სასერტიფიკაციო ტესტირების შემდეგ, 22 იანვარს, ბათუმში ესაუბრა.

ქობულეთის სოფელ აჭყვის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამტკიცებს, რომ თავისუფლება არც ახლა აქვს შეზღუდული:

„ჩვენ ისედაც გვეკრძალება პოლიტიკური აქტივობა. ჩვენი პირადი სიმპათიის გადამოწმება შეუძლებელია. ზეწოლას ვინც უჩივის, უფრო მეტად, ასეთ ადამიანებს თვითცენზურა აქვთ. მე პირადად, არ მქონია პრაქტიკაში გამოცდილება, რომ რაღაც შეთავაზებები გაებედათ. თუ ვინმეს რაიმეს მიუთითებენ პოლიტიკური გუნდების სასარგებლოდ, ამის შესახებ უნდა თქვან და არა მგონია, დაისაჯონ“, – ამბობს მიხეილ გრიგოლია.

აჭარაში სულ 229 საჯარო სკოლაა და 22 იანვარს გამართულ სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე 365 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული.

სკოლის დირექტორის სტატუსის პრესტიჟულობასა და თავისუფლების ხარისხზე კანდიდატებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. EDU.ARIS.GE-სთან მათ ღიად დააფიქსირეს პოზიცია, რა არის დირექტორობის სურვილისთვის განმსაზღვრელი და მიაჩნიათ, რომ თუ დირექტორები პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფლები იქნებიან, ამ თანამდებობის მიმართ დაინტერესებაც და შესაბამისად კონკურენციაც გაიზრდება.

ხულოს სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლის მასწავლებელი გვიყვება, რომ სკოლაში მუშაობას 11 წლის წინ დაანება თავი და თუმცა, 2 წლის წინ, პედაგოგიურ საქმიანობას ისევ დაუბრუნდა.
სერტიფიცირების მონაწილემ, რომელსაც დირექტორობის გამოცდილება არ აქვს, მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება თავად დირექტორმა უნდა მოახეროხოს.

„დირექტორი კარგი რომ იყოს, თავად უნდა შეძლოს დამოუკიდებლობა. ანუ, კანონს უნდა მიჰყვეს. როცა კანონი გავალდებულებს, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იყო, უნდა შეასრულო და მორჩა. თუ ამის საშუალება არ მოგეცა ძალიან რთულია. სამწუხაროდ, წლებია, საქართველოში ეს სკოლები პოლიტიზირებულია და აქტიურად არიან ჩართული საარჩევნო პროცესებშიც კი, რაც მიუღებელია. თვითონ უნდა დაიცვას დირექტორმა კანონი და ვფიქრობ, ხელშეუხებელიც იქნება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ტესტირებიდან გამოსულმა ზაზა მახარაძემ.

ყველაზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა ხულოელ მასწავლებელსა და სკოლის დირექტორობის მსურველ არკადი აბაშიძეს, რომელიც თვლის, რომ ახალი თაობა დამოუკიდებლობას იმსახურებს.

სოფელ ვერნების სკოლის პედაგოგი დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე პირველად გავიდა და ზუსტად არ იცის, როგორი კონკურენციაა თავის სკოლაში. მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისი დირექტორად არჩევის შემთხვევაში, ყოველგვარი გავლენებისგან დამოუკიდებელი იქნება:

„თუ დირექტორუს საქმიანობაში ჩარევის მცდელობა იქნება და დირექტორი ვერ შეძლებს დამოუკიდებლობას, მან უნდა დატოვოს თანამდებობა. მე ასე ვხედავ ამ პროცესს. ახალი თაობა იმსახურებს დამოუკიდებლობას და მთავარი პრინციპი განათლების მიღება უნდა იყოს. კარგი დირექტორი სწორედ ამ პრინციპებს უნდა ემსახუროს“.

ასევე იხილეთ:

„სკოლის დირექტორი სერტიფიცირებული და განათლების სპეციალისტი უნდა იყოს“ – ტესტირებაზე გასულების შეფასებები საგამოცდო ცენტრებიდან

„პოლიტიზირებაა მთავარი ნიშანსვეტი და არა თაობების ცვლისა და განახლების სურვილი“ – სიმონ ჯანაშია სკოლის დირექტორების სერტიფიცირების გამოცხადებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური