სკოლის გამოცდების გაუქმება-კორუფციაში დაბრუნება თუ პოზიტიური ცვლილება, რა არის მიზანი?
გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის მეტი უფლების მინიჭებას – თავად განსაზღვრონ ვინ მიიღებს ატესტატს და ვინ მოხვდება უნივერსიტეტში, საზოგადოების ნაწილისათვის წარსულში დაბრუნებაა, ნაწილისათვის კორუფციის კერების გაჩენის ახალი საფრთხე, ნაწილისათვის უსამართლო გარემოს შექმნა, ნაწილისათვის კი დროული და პოზიტიური გადაწყვეტილება.
ცვლილებები, რომლებიც საზოგადოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ საზოგადოებას გააცნეს მართლაც მასშტაბური და შთამბეჭდავია. ისეთი, როგორიც უკვე დიდი ხანია არ გვქონია, თუმცა მათ ავკარგიანობაზე, როგორც უკვე მოგახსენეთ, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და EDU.ARIS.GE შეეცდება თითოეული მათგანი წარმოგიდგინოთ.
პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იმით, რომ სიახლეები ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ: საატესტატო გამოცდები მე-11 კლასელებისათვის წელსვე უქმდება, მე-12 კლასელები კი მას ჩვეულებრივ ჩააბარებენ. მომდევნო წელს გამოსაშვები გამოცდები უკვე სრულად ჩაბარდება წარსულს. შესაბამისად, სკოლა გადაწყვეტს რომელი მოსწავლე იმსახურებს ატესტატს და რომელი – არა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოსწავლის აკადემიური მოსწრებით იხელმძღვანელებს. თუმცა ვინ და როგორ შეამოწმებს მათ ობიექტურობას, უცნობია.
რაც შეეხება მისაღებ გამოცდებს, აქ სავალდებულო მხოლოდ სამი საგანი იქნება – უცხო ენა და ქართული ენა და ლიტერატურა; სავალდებულო იქნება მესამე საგანიც, რომელსაც პროფილის მიხედვით ჩააბარებს აბიტურიენტი, იმის მიხედვით თუ რა განხრით აგრძელებს სწავლას – ჰუმანიტარული (ისტორია) თუ ტექნიკური (მათემატიკა). საჭირო საგამოცდო ბარიერს კი თითოეულ საგანში თავად უნივერსიტეტები დააწესებენ და ეს სხვადასხვა კომპონენტი შეიძლება იყოს. მათ შორის, უნივერსიტეტებს უფლება აქვთ პროგრამის დაამატონ რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.
ჩნდება თუ არა კორუფციის რისკები საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ და ვინ გააკონტროლებს ატესტატის გაცემის პროცესს? როგორც ჩანს ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან დიდი მცდელობის მიუხედავად, EDU.ARIS.GE-მ ვერ მოახერხა დეტალების გაგება. განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უბრალოდ ამბობს, რომ რეფორმის პროცესში, ყველა რისკი გათვალისწინებული იქნება:
„არაფერი არ მარტივდება, ხდება გამოცდების გადაფარვა. ბავშვებს უხდებოდათ ერთსა და იმავე საგანში რამდენიმე გამოცდის ჩაბარება, რაც არასწორია. არასწორია მთელი სისტემის მშობლების, სკოლის, ნებისმიერი ჩართული პირის ორიენტირება მხოლოდ გამოცდებისთვის, რაც შედეგს არ გვაძლევს. ვიღებთ ცოდნას გამოცდისთვის, რომელიც შემდეგ რეალურად უნივერსიტეტის დონეზე აღარ გვადგება. სკოლა უნდა გაძლიერდეს და უნდა მიენიჭოს თავის ფუნქცია. რა მექნიზმები უნდა შემუშავდეს იმ რისკებისთვის, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დონეზე წარმოიშვას, იქ რა შეფასებები ჩატარდება და რა შეიძლება მონიტორინგისთვის, ეს უკვე სხვა საკითხია.
„ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ სკოლა გახდეს დამოუკიდებელი და ძლიერი. კონტროლის მექანიზმი უნდა შეირჩეს რაღაც ფორმით, მაგრამ მათ მაქსიმალურად უნდა მივცეთ თავისუფლება. რაც მეტს მოვუჭერთ სკოლას და მის კონტროლს დავიწყებთ, მით უფრო დაბალ შედეგს მივიღებთ. ყველა ის ეტაპი, რაც ვახსენეთ, განხორციელდება ყველა იმ რისკის გათვალისწინებით, რაზეც არის საუბარი. ერთადერთი მიზანი რაც გვაქვს ისაა, რომ ყველა ეს პროცესი ორიენტირებული გავხადოთ ცოდნის მიღებაზე და თვითმიზანი მხოლოდ გამოცდების ჩაბარება არ იყოს “, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ასევე განმარტავს, რომ სკოლისთვის ატესტატის გაცემის ფუნქცის დაბრუნება მის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„სკოლა ატესტატს გასცემს აკადემიური მოსწრების საფუძველზე. სწორედ ეს არის საფუძველი, რომ სკოლას თავის როლი ჰქონდეს. ცოტა ალოგიკური სიტუაცია იყო, მასწავლებელს ვთხოვდით, ისე აწარმოე სასწავლო პროცესი, რომ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება განუვითარო ბავშვს. მეორე მხრივ ვეუბნებოდით, რომ შენ და სკოლა ატესტატის გაცემაში მონაწილობას ვერ იღებთ. არის რაღაც ტიპის გამოცდა, რომელიც თუ ვერ ჩააბარა და რომელიც სხვათა შორის, ვერ ამოწმებს ვერც კრიტიკულ და ვერც შემოქმედებითი აზროვნების უნარს, ეს ბავშვი წარმატებული არ არის. ალოგიკური სიტუაცია იყო, ამიტომ ეს შეიცვლება“, – ამბობს სოფო გორგოძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
ოფიციალური პოზიცია ასეთია, ჩვენ კი შევეცადეთ არაოფიციალური პირებისაგან – განათლების სფეროში ჩართული ადამიანებისაგან მოგვესმინა მათი აზრი და გაგვეგო რას ფიქრობენ ისინი.
ნინო მინდიაშვილი ამჟამად დოქტორანტია. მან ყველა საფეხური გაიარა – იყო მოსწავლეც, აბიტურიენტიც, ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდებიც, ისწავლა მაგისტრატურაშიც და სულ მალე დოქტორის ხარისხსაც აიღებს. ნინო მიიჩნევს, რომ ცვლილებებს მანკიერი პროცესების გამოღვიძება მოჰყვება. დარწმუნებულია, რომ სკოლების უმეტესობაში, განსაკუთრებით კი რაიონებში ატესტატის გაცემა ნაკლებად იქნება დაკავშირებული მოსწავლის სიბეჯითესა თუ განათლებასთან და მეტად ნათესაურ კავშირებთან, ნაცნობობასთან, ძღვენის მირთმევის სიხშირესა თუ სხვა არასახარბიელო ფაქტორებთან.
“სკოლა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მანამ დავამთავრე, სანამ გამოსაშვებ გამოცდებს შემოიღებდნენ. კლასში 16 მოსწავლე ვიყავით. აქედან 11-ის დედა იმავე სკოლაში სხვადასხვა საგნის მასწავლებლად მუშაობდა. მათ შორის ერთი საერთოდაც დირექტორის შვილი იყო. ჩვეულებრივი კლასი იყო – ზოგი კარგად სწავლობდა, ზოგი საშუალოდ, ზოგიც საერთოდ არ/ვერ. თუმცა ატესტატი, რა თქმა უნდა, ყველამ ავიღეთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სოფლებში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ნათესავი ან მეგობარია ვინმე ატესტატს ვერ აიღებს? როგორ უნდა გააკონტროლოს სამინისტრომ ვინ იმსახურებს ამ ატესტატს და ვინ არა? ისევ ჩემი კლასის მაგალითზე რომ ვთქვათ, ყველაზე მკაცრი შემმოწმებელიც რომ მოსულიყო, თითოეული პედაგოგი ჩამოევლო და ეკითხა რამდენად ობიექტურად დაუწერა ნიშნები ამა თუ იმ მოსწავლეს, რა თქმა უნდა, ყველა იტყოდა რომ ობიექტური პრინციპებით იხელმძღვანელა.
“აბა ვინ იტყვის – ეს ბავშვი ჩემი მაზლის შვილია, ის ბავშვი კი ჩემი კოლეგის შვილი და ამიტომ დავუწერეო? მხოლოდ საბოლოო ნიშნებს არ ეხება ეს, იგივეს თქმა შეიძლება საკონტროლო წერასა თუ სხვა აქტივობებზე, რაც საბოლოო ჯამში მოსწავლის აკადემიური მოსწავლის დონეს განსაზღვრავს. უარეს შემთხვევაში კი მასწავლებლების დიდი ნაწილი ნიშნების დაწერისას იცით რით იხელმძღვანელებენ? რომელი მოსწავლეც მასთან ემზადება, ვისი მშობელიც 8 მარტს უკეთეს „ბამბანერკას“ ჩუქნის და ა.შ. სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როცა მთელი საზოგადოება დაცლილია ასეთი მანკიერი თვისებებისაგან და მაღალი იდეალებით ცხოვრობს“, – ამბობს ნინო.
პროფესორი, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი ცირა ბარბაქაძე კი ყურადღებას, პირველ რიგში, იმაზე ამახვილებს, რომ პრეზენტაციით ბევრი არაფერი გამხდარა ნათელი, რადგან განცხადებები ფრაგმენტული და ზოგადი იყო. მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ექსპერტთა ფართო წრე უნდა იყოს ჩართული.
იგი გამოცდების გაუქმების მოწინააღმდეგე არაა, ვინაიდან მიაჩნია, რომ გამოცდები მოსწავლეთათვის სტრესთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამგვარი მწირი ინფორმაციის გამო მას უჩნდება კითხვები იმის შესახებ თუ რა იქნება შემდგომ.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ახალ სისტემაში რომელი კადრით ვაპირებთ რეფორმას? უკვე მოვამზადეთ ახალი მასწავლებლები და მე არაფერი გამიგია? რა შეიცვალა? დიახ, კორუფცია აღარ არის იმ გაგებით, რომ რექტორსა და პროფესორებს „ჯიბეში ფულს არავინ უჩურთავს“, მაგრამ არსებობს კორუფციისა და კლანურობის სხვა სამწუხარო შემთხვევები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს უნივერსიტეტების სკოლების რეორგანიზაცია, მმართველობის ფორმების შეცვლა, დეპოლიტიზაცია, კლანების მოშლა. დანარჩენი უკვე შემდეგ. არ ვიცი, ჯერჯერობით, ყველაფერი ბუნდოვანია…
„მოკლედ, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ამ ფორმატში უფლებების გაზრდა, მაინტერესებს, როგორ განაპირობებს პასუხისმგებლობის გაზრდას? ეჭვი ყოველთვის ჩნდება, როცა რაღაც ზუსტად არ ვიცით და ზუსტადაც რომ ვიცოდეთ, მაინც გაურკვეველია ბევრი რამ. საერთოდ, რატომ ვერ გახდა შესაძლებელი, რომ განათლების რეფორმა გამოქვეყნებულიყო და ექსპერტებს მიეღოთ განხილვაში მონაწილეობა? გამოდის, რომ რაღაც უკვე დაწყებულია, გაწერილია, ნაფიქრია, გადაწყვეტილია და ჩვენ მცირე ულუფებად გვაწვდიან? რა ვიცი, იქნებ მართლაც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, მაგრამ ჩვენ ვართ ურწმუნოები“, – აცხადებს ცირა ბარბაქაძე.
სიახლეს დადებითად აფასებს სიმონ ჯანაშია და ამბობს, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. ფიქრობს, რომ ცვლილებები სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების სისტემის გასაჯანსაღებლად და ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მისი აზრით, ეს ყველაფერი უფრო სამართლიანია.
„გამოსაშვები გამოცდების პრობლემა ის იყო, რომ არ ემსახურებოდა მიზნებს, რომლისთვისაც შეიქმნა – მისაღები გამოცდების სისტემის შეცვლა, რის შედეგადაც მოსწავლე 8 გამოსაშვებ გამოცდას ჩააბარებდა სკოლაში, ხოლო ერთ მისაღებში. ამის ნაცვლად მოსწავლეები აბარებდნენ 12 გამოცდას – რვას სკოლაში და ოთხს მისაღებში. ეს კი უბრალოდ ამდიდრებდა რეპეტიტორებს და ამცირებდა სკოლების ავტონომიას. ეს სისტემა იმ ბავშვების უპირატესობის შენარჩუნებაზე იყო მორგებული, ვისაც უფრო ძვირადღირებული რეპეტიტორი ჰყავდა, ვინც უკეთეს სკოლაში დადის და ვისაც უფრო შეძლებული მშობლები ჰყავს. ცვლილება ამის შეცვლისკენაა მიმართული და ეს კარგია.
„რაც შეეხება კორუფციის საფრთხეს, ეს იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ უნივერსიტეტებს ავტონომია იგივე ფორმით გადაეცემათ, რაც ადრე ჰქონდათ, უფრო სწორად, საერთოდ რომ არ ჰქონდათ. ანუ, შევარდნაძის დროინდელ პირობებს თუ ვიხსენებთ, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ უნივერსიტეტების ავტონომია ძალიან შეზღუდული იყო. რექტორს მთავრობა ნიშნავდა. კორუფცია კი, არა მხოლოდ უნივერსიტეტებში, არამედ ყველგან იყო. უნივერსიტეტებიდან ფული მხოლოდ თანამშრომლებში კი არ ილექებოდა, არამედ მთავრობაში მიდიოდა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კორუფციის შესაძლებლობა დღესაცაა, მაგალითად მაგისტრატურის დონეზე, მაგრამ მაინცადამაინც გავრცელებული არ არის. შეიძლება სადღაც არის კორუფციისა და ნეპოტიზმის პრობლემა, მაგრამ ეს არაა გავრცელებული, რადგან ზოგადად ქვეყანაში ვითარება შეცვლილია და დღეს უნივერსიტეტებში გამჭვირვალობის მეტი მექანიზმი არსებობს, ვიდრე ადრე. ასეთ პირობებში კორუფციის დაბრუნება რთულია“, – განმარტავს ჯანაშია.
რაც შეეხება გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასა და ატესტატის გაცემის სკოლებისათვის მინდობას, ჯანაშია ამბობს, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია და პრობლემა არ არსებობს. პრობლემად მას ფულის დახარჯვა მიაჩნია იმაში, „რასაც განათლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.“ რესურსი, მისი აზრით, რომელსაც მოსწავლეები ამ გამოცდების ჩასაბარებლად ხარჯავდნენ, ფუჭი იყო და ეს მათ არაფერში ადგებოდათ.
„თუმცა ყველაფერი რომ მასწავლებლის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე არ იყოს დამოკიდებული, სხვა მექანიზმების დანერგვაც კარგი იქნებოდა. მაგალითად, შიდა სასკოლო შეფასებები, პროექტების, საკურსოების, კონფერენციების სისტემა და ა.შ. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – დასძენს იგი.
სიახლე, როგორც აღმოჩნდა, არც მეთორმეტე კლასელებისთვის იყო სასიამოვნო ერთადერთი მიზეზით – ისინი ითხოვენ ცვლილებები მათაც შეეხოთ და გამოსაშვები გამოცდები მათაც მოეხსნათ. ამ მოთხოვნით ისინი 3 თებერვალს განათლების სამინისტროსთან აქციის გამართვას აპირებენ. მანამდე კი წელს მე-12 კლასელთათვის საატესტატო გამოცდების მოხსნის მოთხოვნით ინტერნეტსივრცეში პეტიციას ავრცელებენ, ზოგიერთ სკოლაში კი პროტესტის ნიშნად მეთორმეტე კლასელები გაკვეთილებზე არ შედიან.
ამავე თემაზე:
რას შეცვლის CAT-ის გამოცდის მოხსნა მასწავლებლებისა და სკოლისთვის?
მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება