GE

„სკოლის შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სადაცაა დაიშლება, მოგვაქციეთ ყურადღება!“

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში არსებული საჯარო სკოლა ინგრევა. ამის შესახებ ადგილობრივებმა EDU.ARIS.GE -ს უამბეს. მოსახლეობის თქმით, სკოლის შენობას კაპიტალური რემონტი ესაჭიროება, რადგან ნაგებობის ფასადიდან ბათქაში თითქმის ყოველდღიურად ცვივა, რაც მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

“ფცის საჯარო სკოლა მოუწესრიგებელია და კაპიტალური რემონტი ესაჭიროება. არაერთხელ შეგვპირდნენ თუმცა, გაგვაცურეს და დაპირება არავინ არ შეასრულა. ძალიან მტკივა გული ამ საკითხზე და მივმართავ ყველას, რომ ყურად იყოს ჩვენი პრობლემა და სკოლა შეაკეთონ”, – ამბობს, ადგილობრივი მკვიდრი რომანოზ ბერუაშვილი.

სკოლის შენობის გარდა, ადგილობრივებს საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ღობის შეკეთებაც სურთ.  ისინი ამბობენ, რომ სკოლაში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ბავშვებს სწავლის სურვილს უკარგავს.

„ძალიან კარგი იქნება სკოლას თუ შეაკეთებენ და იქ არსებულ ვითარებას გამოასწორებენ. ეზოა შემოსაღობი და მე როგორს სკოლის გულშემატკივარი გული მწყდება საგანმანათლებლო დაწესებულება  ასე რომ გამოიყურება“, – ამბობს ქეთინო მიქელაძე.

„ვითხოვთ სკოლის შეკეთებას, რომ ბავშვებმა შესაბამის გარემოში ისწავლონ. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შენობა, სადაცაა დაიშლება“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი

სკოლაში არსებული ვითარების შესახებ ადგილობრივებმა ინფრასტრუქტურის მინისტრსაც აცნობეს.  მოსახლეობამ სოფელ ფცაში ჩასულ მაია ცქიტიშვილს სკოლის რეაბილიტაციაში დახმარება პირადად სთხოვა.  ადგილობრივების თქმით, მინისტრი მათ პრობლემის გადაჭრაში დახმარებას დაჰპირდა.  აღნიშნული საკითხის გადაჭრაში ინფრასტრუქტურის მინისტრის იმედი აქვს ქარელის მერს.

„სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მინისტრს ვესაუბრეთ და დაგვპირდა, რომ ის ამ საკითხს შესაბამის უწყებებთან დააყენებს, როგორც ახლა გავარკვიე რეგფონდიდან თანხები წამოვა ადგილობრივ ბიუჯეტში და ჩვენც შევძლებთ ადგილობრივების თხოვნის დაკმაყოფილებას სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით,“ –  განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

სოფელ ფცის საჯარო სკოლის შენობას ადგილობრივების ინფორმაციით, ნაწილობრივი რეაბილიტაცია, 2015 წელს ჩაუტარდა. მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფერი შეცვლილა.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური