GE

სკოლის სიყვარული პირველკლასელებში – გამოცდილი სტრატეგიები მოსწავლის დამრიგებლებისა და მშობლებისთვის

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვისთვის, რომელიც ცდილობს, მოსწავლეობას ფეხი აუწყოს, სკოლა ისეთ ადგილად იქცევა, სადაც მისვლა სულაც არ ახარებს და პროტესტის ნიშნად ჭირვეულობას იწყებს. ამას, რასაკვირველია, თავის მიზეზებიც აქვს. ის, რომ პატარას სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებიდან, ან სულაც პირდაპირ სახლიდან სკოლის მერხთან უწევს მოკალათება და უამრავი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უჩნდება, მისთვის მარტივი არ არის, ამასთან, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დილით ადრე ადგომა და რიგი წესების დაცვა ბავშვებს უმეტესობას ნამდვილად უჭირს.

EDU.ARIS.GE შეეცადა, გაერკვია არსებობს თუ არა გზა, რომლითაც გაჯიუტებულ პირველკლასელებს სკოლას შევაყვარებთ. პირველკლასელთა ახალგაზრდა დამრიგებელი, ინა მეცხვარიაშვილი ჩვენს ყველა შეკითხვას უპასუხებს და იმ გამოცდილ სტრატეგიებს გაგიზიარებთ, რომლებსაც პირველკლასელებთან თავად იყენებს.

– ინა, პირველ რიგში, გვითხარით, რატომ უნდა შევაყვაროთ პირველკლასელს სკოლა, ვისთვის და რისთვის არის ეს მნიშვნელოვანი?

– თუ შევძლებთ, პირველკლასელს სკოლისადმი სიყვარული გავუღვიძოთ, უფრო მეტი მოტივაციით ჩავრთოთ სასკოლო ცხოვრებაში, რომ ძალდატანებისა და სტრესის გარეშე ისწავლოს, ეს მხოლოდ სკოლისა და მასწავლებლისთვის არ იქნებოდა კარგი. პირველ რიგში, ეს კარგია ბავშვისთვის და შემდგომ მისი ოჯახისთვის. დამეთანხმებით, მშობელს ისედაც უამრავი საზრუნავი აქვს და თუ დილა ბავშვთან კონფლიქტით დაიწყება, ასეთი სტრესული დილის შედეგი ის იქნება, რომ ვერც ბავშვი გააგრძელებს სწავლას პროდუქტიულად და მშობელსაც არ ექნება მუშაობის ენერგია. შესაბამისად, იმის ინტერესი, რომ პირველკლასელს სკოლა უყვარდეს, ყველას თანაბარი უნდა გვქონდეს.

– თქვენი დაკვირვებით, რა უშლით ხელს პირველკლასელს სკოლის სიყვარულში?

– პირველკლასელებს სკოლის სიყვარულში ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სასკოლო დღეებისადმი ინტერესის არქონა, პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების დაკისრება, დღის რეჟიმის ცვლილება და ა.შ. ასეთ დროს, როგორც მშობელმა, ისე მასწავლებელმა უნდა აუხსნას, რატომ შეიცვალა მისი ცხოვრება, რატომ შეუმცირდა თამაშის ან თავისუფალი დროები. დამრიგებლები კი უნდა ვეცადოთ, როგორმე გავუმძაფროთ ამ პატარა ასაკის ადამიანებს „სწავლის ხიბლი“. ამისთვის სასკოლო დღეები გამორჩეულად ფერადი, სასიამოვნო და საინტერესო მომენტებით აღსავსე უნდა გავხადოთ. სკოლიდან სახლში წასვლის შემდეგ, როდესაც ბავშვი დაფიქრდება, გაიხსენებს სკოლაში გატარებულ მომენტებს, მეორე დღესაც მოისურვებს იმ გარემოში წასვლა. „ნეტავი ხვალ რას დაგვახვედრებს მასწავლებელი?“.

– მასწავლებლის პასუხისმგებლობა ახსენეთ, როგორი უნდა იყოს კარგი დამრიგებლის ერთი დღე და რამდენად ახდენს ეს გავლენას პირველკლასელის სკოლისადმი სიყვარულზე, ან პირიქით?

– დამრიგებელი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ შედეგისთვის, რომ მოსწავლეს სკოლა უყვარდეს. მშობლებიც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ამას. როცა დამრიგებელი განსაკუთრებულად ზრუნავს მოსწავლეებზე, მშობლები ოჯახის წევრად აღიქვამენ მას და ემოციურადაც უფრო თბილად არიან განწყობილნი. ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვების უმრავლესობა სკოლაში ბაღიდან მოდიან. ასევე, არიან მოსწავლეები, რომლებსაც ბაღში არ უვლიათ და პირდაპირ სახლიდან მოვიდნენ ჩვენთან. სასკოლო გარემოსთან შეგუება რომ მსუბუქად, უმტკივნეულოდ და სასიამოვნოდ მოხდეს, პირველკლასელთან სწორი ურთიერთობის ფორმა უნდა შევარჩიოთ და სასკოლო აქტივობებიც ისეთი მოვიფიქროთ, რომ თან აკადემიურადაც გამოიყურებოდეს და ამავდროულად ერთად შესასრულებელი, სახალისო იყოს. ასეთ შემთხვევაში, პირველკლასელს ნამდვილად შევაყვარებთ სკოლას.

– გაგვიზიარეთ თქვენ მიერ გამოცდილი სტრატეგიები, რომელთა დახმარებითაც თქვენი კოლეგები პირველკლასელებს სკოლაში სიარულს შეაყვარებენ?

„მუდამ ღიმილიანი და ციმციმა“

პირველკლასელებს და არა მხოლოდ მათ, უწყვეტად უნდა ვუგზავნიდეთ მზის სხივების მსგავს იმპულსებს, რომლებიც ჩვენგან ბუნებრივად წამოვა და თითოეულ მოსწავლემდე მიაღწევს. სითბო და მზრუნველობა ყველას უყვარს. თუ ჩვენ მათ მოვეწონებით, ეს გრძნობა სიყვარულსა და გულწრფელ, გულითად მეგობრობაში გადაიზრდება. მასწავლებლის გულწრფელი ღიმილი და აციმციმებული, გაბრწყინებული თვალები, უდიდესი ფაქტორია, რომ ბავშვს თავი მოვაწონოთ და შევაყვაროთ კიდეც, შემდეგ უკვე გარემოს მიმართაც გაუჩნდება დადებითი განწყობა.

„ფერადი საკლასო ოთახი“

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გამოიყურება პირველკლასელების საგაკვეთილო ოთახი. მათი ასაკის შესაფერისი, საინტერესო რესურსებით აღჭურვილ საკლასო ოთახს დიდი ძალა აქვს. ასევე, დიდი ძალა აქვს ოთახის გაფორმებასა და დეკორაციებს. უნდა შეეცადოთ, მოსწავლეები აქტიურად ჩართოთ ოთახის მოწყობაში, რათა მეტი კუთვნილება იგრძნონ გარემოს მიმართ და შესაბამისი ემოციური კავშირი ჰქონდეთ.

„ტრიბუნა ჩემი პირველკლასელებისთვის“

კლასში დავდგათ ფერადი ტრიბუნა. მის დამზადებაში აქტიურად ჩავრთოთ მშობლებიც. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი წამოწყებები. ტრიბუნა დავუთმოთ პირველკლასელებს. წაიკითხონ ლექსები, იკითხონ, ისაუბრონ, დაიმსახურონ თანაკლასელების ტაში და ოვაციები. ეს მათში თავდაჯერებულობასა და  მოტივაციას გაზრდის. სკოლა კი საყვარელი ადგილი გახდება.

„სახლის საქმეები საშინაო დავალების ნაცვლად“

ამ სტრატეგიას კოლეგებს ჩემი პირადი, წარმატებული გამოცდილებით ვურჩევ.
ტერმინი „საშინაო დავალება“ შევცვალე ტერმინით „სახლის საქმეები“. რამდენიმე მშობლისგან პირად შეტყობინებაში შექებაც მივიღე. ამან მოწონება დაიმსახურა, რადგან დავალება უფრო მძაფრად ჟღერდა და ბავშვებს არ მოსწონდათ. აბა, რომელ პატარას უხარია დავალებების მიღება. „სახლის საქმე“ კი ყველა ოჯახის წევრს აქვს. პატარებს კი მუდმივად აქვთ მოთხოვნილება, „დიდური ამბები” მათაც შეეხოთ.

„იყავი მოსწავლის გაღიმების მიზეზი“

კარგი მასწავლებელი მაშინ ხარ, როდესაც, გაკვეთილზე ყველა მოსწავლის გახარებას, გაღიმებას შეძლებ! ყველა მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს ისეთი სწავლება, რომელიც მოსწავლეებს ახარებს. მოსწავლის გახარებისთვის კი ჯერ თავად უნდა იყოთ გახარებული და ბევრი იმუშაოთ საკუთარ თავზე.

ასევე იხილეთ:

დამრიგებელი მშობელთა კრებაზე – რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ მიმდინარეობისას და როგორია შეხვედრის სწორად დაგეგმვის გზები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური