სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისათვის 2 520 000 ლარი გამოიყო – ვინ დაფინანსდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი და 21 აგვისტოს გამოქვეყნებული მტავრობის დადგენილების თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ჯამში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყო 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ამ თანხიდან 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი განსაზღვრულია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ისწავლიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ხოლო 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც, 2021 და 2022 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
“სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის (შემდგომში – გრანტი) სრული ოდენობის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობისა”, – განმარტებულია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში, რომელიც უკვე ძალაშია.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად შესაბამისი კატეგორიის სტუდენტები განცხადებას არეგისტრირებენ ელექტრონულად, ვებგვერდზე − socreg.mes.gov.ge, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ უნდა გამოქვეყნდეს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება