GE

„სპორტის გაკვეთილები არასოდეს ჩაგვტარებია“ – რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს განათლების სამინისტროსთვის

EDU.ARIS.GE – სთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის საჯარო სკოლების ნაწილში სპორტის გაკვეთილები არასრულფასოვნად, ან საერთოდ არ ტარდება და ეს სულაც არ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ პანდემიურ ვითარებას. 4 ოქტომბრიდან, სკოლების გახსნის შემდეგ, პერიოდულად ონლაინ სწავლებაზე გადასული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არც იმას მალავენ, რომ ონლაინში სპორტის გაკვეთილები თითქმის არ უტარდებათ.

თბილისის 167-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები EDU.ARIS.GE -სთან ამბობენ, რომ მათ სპორტის გაკვეთილი არც პანდემიამდე უტარდებოდათ და ახლა – მით უმეტეს. გვითხრეს, რომ იციან სპორტის გაკვეთილების უგულებელყოფა საზიანოა ჯანმრთელობისთვის და ცდილობენ, რომელიმე სპორტზე სიარული მაინც მოახერხონ, თუმცა მათი თანატოლების უმრავლესობისთვის არც ეს არის ხელმისაწვდომი.

„სასწავლო პროგრამაში ერთ-ერთი საგანი არის ფიზიკური აღზრდა, რომელსაც ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა. გვაქვს სტადიონი, რომელზეც მწვანე საფარი არ არის და მხოლოდ ბეტონია. სპორტის დარბაზი არის მოუწესრიგებელი, მუდამ მტვრიანი, არ იღება ფანჯრები გასანიავებლად. დარბაზში მხოლოდ ორი ჩოგბურთის მაგიდა დგას და ჩოგნებიც გაფუჭებული და გატეხილია. ყველა მოსწავლე, სპორტის გაკვეთილს უყურებს როგორც დასვენებას და იყენებენ მობილურ ტელეფონებს. ფიზიკურ განათლებაში იწერება ჩათვლა, თუმცა მასწავლებელი არ აქცევს ყურადღებას, ვის უნდა დაუწეროს და ვის – არა. სპორტის გაკვეთილის დროს ჩავდივართ დარბაზში და ვლაპარაკობთ, ან მუსიკას ვუსმენთ. ზოგიერთი ჩვენგანი სხვადასხვა სპორტზე დავდივართ, მაგრამ ჩვენს კლასში ბევრია ისეთი, ვისაც, მატერიალური მდგომარეობის გამო, არ შეუძლია თუნდაც ცეკვაზე თუ საცურაო აუზზე სიარული“, – გვიყვება სკოლის მოსწავლე.

კიდევ ერთი მე-11 კლასელი გოგონა კი ამბობს, რომ კარგი ამინდის შემთხვევაში ბიჭები გამოსავალს პოულობენ, მათთვის კი, ფიზიკური აქტივობა არც ამ შემთხვევაში იგეგმება.

„სპორტის გაკვეთილები არასდროს ყოფილა ისეთი, როგორიც ბავშვებს წარმოგვედგინა. ძირითად შემთხვევაში, სპორტის გაკვეთილის დროს, არაფერს ვაკეთებთ. თუ გაზაფხულია, მაგ შემთხვევაში, ბიჭებმა შეიძლება ფეხბურთი ითამაშონ, გოგოები ვერაფერს ვაკეთებთ. მასწავლებელი კი უბრალოდ გვიყურებს. ჩემი აზრით, სპორტის გაკვეთილები დაბალი კლასებიდანვე ხარისხიანად უნდა გვიტარდებოდეს, რადგან ბავშვებს უჭირთ მთელი დღე მერხებთან ჯდომა და სპორტით განტვირთვა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. რა აზრი აქვს ისეთი ფიზკულტურის გაკვეთილის ჩატარებას, თუ არაფერს გავაკეთებთ?!“, – ამბობს 167-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

პანდემიის პირობებში, ონლაინ სწავლებაზე გადასული მოსწავლეების ნაწილის საგაკვეთილო ცხრილში, სპორტი, როგორც საგანი, საერთოდ არც არის ნახსენები. არიან გამონაკლისებიც და როგორც სტატიაზე მუშაობისას გავარკვიეთ, სპორტის გაკვეთილები ონლაინ რეჟიმის პირობებშიც აქტიურად ტარდება ზოგიერთ რეგიონშიც.

ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი გიორგი თათენაშვილი EDU.ARIS.GE -სთან ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლე, მოზარდი თუნდაც ნახევარი საათით დაკავდეს ფიზიკური აქტივობით და ამბობს, რომ ამ მიზნის მიღწევისთვის არც თავად ზოგავს თავს. პედაგოგის აზრით, კარგი ინფრასტრუქტურის სტადიონები და დარბაზები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ჯანსაღი სპორტით დაკავება, მასწავლებლის კეთილი ნებისა და მონდომების შემთხვევაშიც შესაძლებელია.

„ონლაინ გაკვეთილების დროს, ბევრი ბავშვი ეზოში გადის და ისე ერთვება სპორტის გაკვეთილს, ბევრი კი სახლშიც ახერხებს მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების შესრულებას. ონლაინ გაკვეთილების ცხრილში ჩვეულებრივ გვიწერია სპორტის გაკვეთილი. თავდაპირველად ცოტა გვიჭირდა ასე შორიდან გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ ახლა ნელ-ნელა დავიხვეწეთ. ვარჯიშებს ვაძლევ და შეძლებისდაგვარად ასრულებენ ბავშვები. კი, არ არის სასურველი ონლაინ გაკვეთილები, მაგრამ ასე თუ ისე, ცოტას მოძრაობენ. ონლაინ შეჯიბრებებსაც ვაწყობთ – ვინ რამდენი ვარჯიში, აზიდვა და პრესი გააკეთა. ერთი სიტყვით, ონლაინ სწავლება რის საშუალებასაც გვაძლევს, ყველაფერს ვაკეთებთ, რადგან გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აღზრდა. ეს ხომ პრევენციაა ორგანიზმისთვის, პანდემიამდეც ხომ აუცილებელი იყო ფიზიკურად აქტიური ცხოვრება და ახლა მით უმეტეს, როდესაც ბავშვები ფაქტობრივად სულ კომპიუტერთან არიან მიჯაჭვული და გარეთაც იშვიათად გამოდიან.

„ონლაინ გაკვეთილი მთლად ხარისხიანი არ არის და ბავშვებსაც ერთი სული აქვთ, სკოლაში როდის მოვლენ, რომ უფრო კარგად ვივარჯიშოთ“, – გვითხრა გიორგი თათენაშვილმა, რომელმაც კარგად უწყის, როგორი მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სპორტული ვარჯიშები სკოლის ასაკის ბავშვის სხეულის ფორმირებისა და ფიზიოლოგიური მოწყობისთვის.

სპეციალისტების აზრით, უმოძრაოდ დარჩენილი ბავშვების ჯანმრთელობას სამომავლოდ საფრთხე ემუქრება, რადგან უმოძრაობისას ვითარდება ჰიპოდინამია, რაც ორგანიზმის ფუნქციის დარღვევაა დაქვეითებული მოძრაობითი აქტიურობის შემთხვევაში.

რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს განათლების სამინისტროსთვის და როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება ბავშებისთვის, რომლებიც ნაკლებად მოძრავ ცხოვრებას ეწევიან და ვერც სპორტის რომელიმე სახეობაში ვარჯიშს ახერხებენ? – ამ კითხვებით EDU.ARIS.GE -მ ექიმ მასაჟისტს, ირმა ბეციაშვილს მიმართა.

ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ქვეყანა სულ მალე არასახარბიელო რეალობის წინაშე დადგება, რაც სწორედ ბავშვთა უმოძრაობით იქნება გამოწვეული. შესაბამის უწყებებს კი ურჩევს, ახლავე დაიწყონ ზრუნვა, რომ სკოლებში სამკურნალო ფიზკულტურის გაკვეთილები დაინერგოს.

ირმა ბეციაშვილი: უმოძრაობა იწვევს ჰიპოდინამიას, რომლის დროსაც ორგანიზმის ფუნქციები ირღვევა. ჰიპოდინამიის დროს, ბავშვებს აღარ უვითარდებათ კუნთური მასა. ჰიპოდინამია იწვევს სქოლიოზს, რაც დღეს ძალიან გახშირებულია. დამერწმუნეთ, ქვეყანაში ვერ ნახავთ სკოლის ასაკის ბავშვს, ვისაც ხერხემლის პრობლემა არ აწუხებს. სკოლაში სპორტის გაკვეთილი უმნიშვნელოვანესი რამ არის. მე თუ მკითხავთ, სპორტის გაკვეთილი აუცილებლად ყოველდღე უნდა ტარდებოდეს. ნუ იქნება ის გაკვეთილი მთლად 45 წუთიანი, გამოიყოს თუნდაც 15 წუთი, რომ ბავშვებმა ცოტა მაინც ივარჯიშონ. ჯანმრთელი ადამიანიც კი უნდა ადგეს და გაიარ-გამოიაროს 45 წუთიანი ჯდომის შემდეგ და ის 5 წუთიანი დასვენებები, რაც სკოლებშია, იმისთვის, რომ ნორმალურად ამოძრავდეს სისხლი და ორგანიზმი ტონუსში მოვიდეს, ძალიან ცოტაა.

-სპორტის გაკვეთილები ბევრ სკოლაში არ ტარდება, რა მიგაჩნიათ აუცილებელ რეკომენდაციად?

-სპორტის გაკვეთილების უგულებელყოფა დაუშვებელია. ჯანდაცვისა და განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს დღეს არსებული საშინელი პრობლემის მოგვარება თავის თავზე და სკოლაში შეუშვას სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტები. ახლა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ერთ თუ ორ წელიწადში ხომ დამთავრდება ეს პანდემია და ამ ჰიპოდინამიის შედეგებს სწორედ მერე მოვიმკით. ბავშვები სხედან სახლში კომპიუტერებთან და სხვას არაფერს აკეთებენ. ერთი პერიოდი მოდაში შემოვიდა დაბალწელიანი შარვლები. ყველა ბავშვს გვერდები ჰქონდა ამოყრილი. მერე შემოვიდა რაღაც ხისძირიანი ქოშები და დაბრაგუნობდნენ, კი არ დადიოდნენ. მასიური შემთხვევები გვქონდა სწორედ მაშინ ბრტყელტერფიანობისა. ახლა კი, უმოძრაობის გამო გვექნება საშინელი შედეგები. როდესაც დამწყები სპეციალისტი ვიყავი, ოსტეოქონდროზის ახალგაზრდული ფორმა არც არსებობდა, დღეს კი 15,16, 17 წლის მოზარდებს უკვე ზურგის ტკივილი აქვთ. ახლანდელი მოზარდები, მაქსიმუმ ორ წელში, ვეღარც ერთ ადგილზე იჯდებიან ისე, რომ ზურგი არ სტკიოდეთ და ვერც რაიმე იმ ტიპის სამსახურში იმუშავებენ, რომელსაც ფეხზე დგომა სჭირდება, რადგან ფეხზე დგომაც გაუჭირდებათ. ახლანდელი ბავშვები იქნებიან შეიძლება გონებრივად ძალიან განვითარებული, მაგრამ ფიზიკურად განუვითარებლები. ჰიპოდინამია იწვევს სიმსუქნეს და დიაბეტს. როდესაც ჩონჩხი გათვლილია 12-20 კილოზე და ბავშვი 45 კილოს იწონის, ყველა პრობლემა შეიძლება განვითარდეს და მით უმეტეს, ხერხემლის.

-ჩვენს სკოლებში სპორტის გაკვეთილს კვირაში მხოლოდ ორი საათი ეთმობა. ბევრ სხვა ქვეყანაში კი მინიმუმ ორჯერ მეტი. კვირაში სპორტის თუნდაც ორი გაკვეთილი შეცვლიდა რაიმეს, იმოქმედებდა ბავშვების ჯანმრთელობაზე?

-აუცილებლად იმოქმედებდა! ცოტას მაინც შეცვლიდა კარგისკენ ბავშვის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ სპორტის გაკვეთილები ფაქტობრივად აღარ ტარდება. ბავშვებს უშვებენ სკოლის ეზოში და მაქსიმუმ, ბურთი მისცენ, რომ წრეში ბურთი ითამაშონ. ეს სპორტის გაკვეთილი არ არის. განმკლავი, ზემკლავი, ახტი, გადმოხტი – ასე იყო ჩემი მოსწავლეობის დროს. ასეთ ვითარებაში, როგორშიც დღეს ვართ, უკვე ესეც ვეღარ გვიშველის. აუცილებლად დაგვჭირდება სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტები და განათლების სამინისტროს ვურჩევ, ახლავე დაიწყოს ამ კუთხით მასწავლებლების გადამზადება. ბავშვებმა ისეთი ვარჯიშები უნდა შეასრულონ, რომელიც მიზანმიმართული იქნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გასააქტიურებლად. მინიმუმ, სპორტის გაკვეთილები რომ კეთილსინდისიერად ტარდებოდეს, ამ შედეგებს, რაც უკვე არის და მომავალში გველის, აუცილებლად შეამსუბუქებდა. დღეს კი ასეთი რეალობა გვაქვს უმრავლეს სკოლებში – სპორტის მასწავლებელი ზის და მესიჯობს, ბავშვები კი თავისთვის არიან.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელზეც ხშირად საუბრობენ განათლებისა თუ ჯანდაცვის მესვეურები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა რეალური ნაბიჯების გადადგმა ბევრად სახარბიელო იქნებოდა, რადგან ბავშვთა ფიზიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი პერიოდი სწორედ სკოლის ასაკია და ამ დროში კარგად დაგეგმილი ფიზიკური აქტივობა.

ასევე იხილეთ:

ტაბუდადებული სქესობრივი განათლება და ტაბუს შეწირული თაობები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური