GE

„სპორტული კომენტატორების საკითხი გამოცდისთვის შეუსაბამოა“ – რა დავალებები შეასრულეს მაგისტრობის მსურველებმა ტესტირების ვერბალურ ნაწილში

2023 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველი დღის პირველი სესიის დასრულების შემდეგ, ტესტირებაზე გასული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ, რომ სამაგისტრო გამოცდის ფორმატს ის უნივერსიტეტი უნდა წყვეტდეს, სადაც მსურველი სწავლის გაგრძელებას გეგმავს. როგორც ცნობილია, მაგისტრობის მსურველებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ორნაწილიანი ტესტის შესრულების გარდა, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარებაც უწევთ.

გამოსაცდელთა ტესტირება დღეს ზოგადი უნარების სტილის ტესტში – წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩატარდა, ხვალ კი მათი ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა შემოწმდება.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის წაკითხულის გააზრების ნაწილი სამი ტექსტისა და 21 დავალებისგან შედგება. ხოლო ანალიტიკური წერა 2 დავალებისგან – “მსჯელობის ანალიზი” და “თემა მოცემულ საკითხზე”. გამოსაცდელებს ტესტზე მუშაობისთვის დროც განსაზღვრული აქვთ – პირველ ნაწილში 75 წუთი, ხოლო მეორეში -70.

გამოცდიდან გამოსულ აპლიკანტებს ვკითხეთ, როგორ აფასებენ ტესტურ დავალებებს და რამდენად კმაყოფილი არიან გამოცდის ამ ფორმატით.

მაგისტრობის მსურველი, გიგა ბოლქვაძე, რომელმაც წელს დაასრულა ბაკალავრის საფეხური და დღევანდელი გამოცდა 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჩააბარა,  EDU.ARIS.GE-სთან დავალებებს იხსენებს და საკუთარ პრეტენზიას გამოთქვამს:

“დავალებები მხოლოდ აზროვნებაზე იყო ორიენტირებული. არ ითხოვდა რაიმე თეორიის ცოდნას. პირველ ნაწილში გასააზრებელი ტექსტი იყო არგონავტების შესახებ, ხოლო თემაში სიტუაცია იყო ასეთი: რაღაც ტრადიციულ კერძებზე ორიენტირებული რესტორანი დახურეს, რადგან ამ რესტორნის მენიუ შეიცვალა და სხვა ტიპის კერძებს ამზადებდნენ. გვთხოვდნენ, რომ მიზეზებზე გვემსჯელა, თუ რატომ დაკარგა რესტორანმა მომხმარებლები. არ იყო რთული დავალება”.

გიგა აცხადებს, რომ გამოცდის ეს ფორმატი მისთვის მისაღები არ არის.

“უნარებთან შეხება 4 წელია არ მქონია, არ არის ჩემთვის მისაღები ფორმატი. ეროვნულების მსგავსი ფორმატი რომ აქვს არც ეს მომწონს. უნივერსიტეტები თავად უნდა წყვეტდნენ, ვის რა გამოცდა მოსთხოვონ, ეს შიდა გამოცდების ნაწილი უნდა იყოს”, – მიიჩნევს მაგისტრობის მსურველი.

მისივე თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შიში კიდევ უფრო მეტ დროს აკარგვინებს სტუდენტებს:

“პირადად ჩემი გამოცდილებით გეტყვით, არ მქონდა სურვილი სამაგისტრო გამოცდაზე გასვლის, მაგრამ არც ჯარის გავლა მსურს და ჩემს მსგავსად არის აქ უმეტესობა. ანუ, აქ ვერ ვხედავ ლოგიკას, რას აძლევს ეს ქვეყანას, ან რას მაძლევს მე. ვისაც სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მათთვის უნდა იყოს ეს გამოცდა და ჩვენ თავისუფალი არჩევანის უფლება გვქონდეს”.

სწორედ სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს კიდევ ერთი გამოსაცდელი, ანასტასია ურუშაძე, რომელიც გვიყვება, რომ ისტორიის ბაკალავრიატი წითელ დიპლომზე დაასრულა.

“მე ვაპირებ სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას და მჭირდება ამ გამოცდის ჩაბარება. ტესტი ისეთს არაფერს გვთხოვს და არც რთული საკითხები ყოფილა. სხვების მოტივაცია რა არის ნამდვილად არ ვიცი და თუ არ აქვთ, ალბათ, არც უნდა აბარებდნენ”.

ანასტასია იხსენებს საგამოცდო საკითხებსაც და იმასაც, თუ რა კომპეტენციებს მოითხოვდა ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილი:

“პირველი ნაწილში მოცემული გვქონდა 3 მოკლე ტექსტი. ჰქონდა არჩევითბოლოიანი შეკითხვები და კითხვები იყო მაგალითად ასეთი: რას გვეუბნება 1-ელი აბზაცი?. მოკლედ რომ ვთქვა, აბზაც-აბზაც გვთხოვდნენ ტექსტის გააზრებას. ეს ძალიან კომფორტული იყო. ოთხ კომპეტენციას გამოვყოფდი, რასაც ეს დავალება გვთხოვდა: წაკითხულის გააზრებას, სწორი დასკვნის გამოტანის უნარს, ძირითადი და მეორადი ინფორმაციის დახარისხების უნარს და სხარტ აზროვნებას”.

ანალიტიკური წერის დავალებაზე საუბრობს კიდევ ერთი აპლიკანტი, ლუკა ჩიქობავა და თვლის, რომ ხვალინდელი ტესტირება უფრო რთული იქნება, სადაც გამოსაცდელებს ციფრებთან ექნებათ საქმე:

“ე.წ კაზუსური ტიპის დავალებებს უნივერსიტეტშიც ვასრულებდით. რაც დღეს ვწერეთ, ეს კაზუსი არაა, მაგრამ უნარებს იმავეს მოითხოვს, რაც კაზუსის ამოსახსნელად გვჭირდება. ჰუმანიტარებს არ გაუჭირდებათ ამ ტიპის დავალებების შესრულება. აი, რაოდენობრივი ნაწილი რთულია, ვისურვებდი, არჩევა შეგვეძლოს და ან ერთი ჩავაბაროთ, ან მეორე”.

ხვალ შესასრულებელ ტესტზე ღელავენ ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის გამოსაცდელებიც და ამბობენ, რომ დღევანდელი დავალებები საშუალო სირთულის იყო.

“რთული არ იყო. მეტ გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვდა. ჰუმანიტარული მიმართულების სამაგისტრო პროგრამები მაინტერესებს და ეს გამოცდები ჩემთვის კარიერული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება იქნება. დღევანდელი გამოცდა, ვფიქრობ, არ გამიჭირდა. ხვალინდელი, ალბათ, უფრო რთული იქნება, მათემატიკური ნაწილი შემოდის. დამოუკიდებლად მოვემზადე, სპეციალურად პედაგოგთან არ მივლია, რადგან ვფიქრობ, შესაძლებელია დამოუკიდებლად ჩაბარება”, – ამბობს სოფიო დახუნდარიძე.

მარიამ ლილუაშვილი კი საკითხებს იხსენებს და თვლის, რომ მაგისტრატურა ადამიანს მეტად კონკურენტუნარიანს ხდის შრომის ბაზარზე:

“საშუალო სირთულის გამოცდა იყო. რესტორნის შესახებ უნდა გვემსჯელა, რომელსაც ეროვნული კერძები ჰქონდა და ტრადიციული ცეკვებისა და სიმღერების საღამოები. მფლობელებმა ის დახურეს და ევროპული რესტორანი გახსნეს. მენიუ ევროპულით ჩანაცვლდა, მუსიკა -ჯაზით. რესტორანმა დაკარგა მომხმარებლები და შემდეგ მფლობელები მიხვდნენ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე, სამსჯელო იყო, რომ სპორტული კომენტატორი მაშინ არის კარგი, როდესაც არ გამოხატავს თავის ემოციას და გაწონასწორებული, მიუკერძოებელიაო. უკეთესიც შეიძლებოდა. ზოგადად, ვფიქრობ, მაგისტრატურა გვეხმარება უფრო კონკურენტულები ვიყოთ და რაც უფრო მეტი კვალიფიკაცია გვექნება, სამსახურში დაწინაურების მეტი შანსია”.

ირაკლი პოლიაკოვი, რომელმაც გამოცდა თბილისის 177-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჩააბარა, დავალებებს უმარტივესად აფასებს:

“საკითხები იმდენად მარტივი იყო, რამდენადაც ფურცელზე საწერი კალმის დადებაა. წაკითხულის გააზრებიდან ერთი არგონავტებზე იყო. ლოგიკური მსჯელობა კი – რესტორნებზე და მე ძალიან მემარტივა. თავისუფალი თემა ეხებოდა კომენტატორებს, მათ თვისებებს, მიუკერძოებლობას და ამ საკითხებს ზოგადად.

“მე პირადად, მაგისტრატურა კონკრეტული განხრით განმავითარებს, სამართალზე ვაბარებ. საერთო სპეციალობით მივდივარ, მაგრამ შეიძლება, საჯარო სამართალიც ავიღო. ასე რომ, აკადემიური ცოდნის მიღება და ამაღლება უპირველესია. გარკვეულწილად, ჯარისგან თავის არიდებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემთვის ამ შემთხვევაში განათლების მიღებაა”.

სამაგისტრო გამოცდის ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ, რომელმაც EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ანონიმურად დარჩენა ისურვა, განაცხადა რომ კომენტატორების საკითხი გამოცდისთვის მეტად შეუსაბამოა და ამ დავალებას თავს კარგად მხოლოდ ის ბაკალავრები გაართმევდნენ, რომლებიც სპორტს თვალს აქტიურად ადევნებდნენ.

“ჩემთვის უმთავრესი აკადემიური ცოდნის მიღებაა, მაგრამ ბევრად აქტუალური თემები არსებობს, ვიდრე კომენტატორები და მათი მიუკერძოებლობაა. მით უმეტეს, საუბარია სამაგისტრო გამოცდაზე და რამე უფრო სამეცნიერო საკითხის განხილვა ბევრად კარგი იქნებოდა. მე პირადად დაკავებული ვარ სპორტით და ვერკვევი, მაგრამ, როგორც ასეთი, სპორტულ კომენტატორებთან დაკავშირებით ინფორმაციას მწირს ვფლობ. სტუდენტს არც ევალება მსგავსი ინფორმაციის ქონა”.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს მზეო შველიძემ, ანა ჯიქიამ და ბაჩანა ტყემალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური