GE

სქემაში სამოდელო და  შიდა დაკვირვების გაკვეთილი ერთმანეთს არ ენაცვლება

უფროსი მასწავლებლის მიერ წინსვლისთვის ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები ჩაენაცვლება თუ არა შენარჩუნებისთვის სავალდებულო  შიდა დაკვირვების გაკვეთილებს, თუ მასწავლებელმა წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვებაში კრედიტები ვერ მოიპოვა და დარჩენილ ვადაში სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნვამ მოუწია?ეს კითხვა ხშირად ისმის უფროსი მასწავლებლებისგან.

მოქმედი რეგულაციებით ასეთი ჩანაცვლება არ ხდება, სამოდელო გაკვეთილი არ უდრის შიდა შეფასების გაკვეთილს და პირიქით.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის  ფარგლებში სკოლის შეფასების ჯგუფები ორი ტიპის გაკვეთილს აფასებენ. ეს არის, ეგრეთწოდებული, სტანდარტული გაკვეთილი და  სამოდელო გაკვეთილი. პირველი სავალდებულოა პრაქტიკოსისთვის ახალ სტატუსზე გადასასვლელად და უფროსისთვის სტატუსის შესანარჩუნებლად, ხოლო მეორე – უფროსი და წამყვანი მასწავლებლისთვის, როცა ის წინსვლაზე ზრუნავს.

მანანა რატიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე:

–როცა სქემის განხილვის პროცესში სხვადასხვა ტიპის გაკვეთილებზე ვმსჯელობდით, გამოიკვეთა, რომ გვაინტერესებდა როგორც ჩვეულებრივი, რიგითი გაკვეთილები, რომლებიც ყოველდღიურად ტარდება, ასევე განსაკუთრებული გაკვეთილები. სხვადასხვა მიზნის მქონე განსხვავებული გაკვეთილები გავაერთიანეთ სამოდელოს სახელწოდების ქვეშ; ეს არის გამორჩეული, სხვებისთვის გასაზიარებელი პრაქტიკა. სქემამ სამოდელო გაკვეთილების ჩატარების ვალდებულება დაუწესა უფროს მასწავლებელს, რომელიც წამყვანის სტატუსის მოპოვებაზე ზრუნავს და წამყვან მასწავლებელს, რომელიც ზრუნავს მენტორობაზე;

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადის მასწავლებელი, მისი პასუხისმგებლობის არეალი იზრდება. თუ თავდაპირველად მასწავლებელი პასუხისმგებელია საკუთარ გაკვეთილზე, საკუთარ კლასში წარმართულ აქტივობებზე, წინსვლასთან ერთად ეს არეალი ფართოვდება და ვრცელდება კათედრაზე, სკოლაზე. სტანდარტით, წამყვანი მასწავლებლისთვის პროფესიული ცოდნისა და უნარების კოლეგებისთვის გაზიარება არის ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელი. სამოდელო გაკვეთილიც სწორედ ამ სტატუსთან მიმართებაში გახდა სავალდებულო. სამოდელო გაკვეთილის 4 ტიპი გამოვყავით იმის გათვალისწინებით, რა მიმართულების შეიძლება იყოს გამორჩეული,  გასაზიარებელი გაკვეთილი: ინტეგრირებული, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში ცოდნის ,,ტრანსფერის“  უნარის განვითარებისთვის. ეს მიდგომა სისტემურ აზროვნებას, ჰოლისტურ აზროვნებას ავითარებს; პრობლემაზე ორიენტირებული, რაც ასევე მნიშვნელოვანია;  გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული, რაც ყველა გაკვეთილზე უნდა ხდებოდეს,  მაგრამ გვინდოდა ამ ვალდებულების კიდევ უფრო გააქტიურება და ბოლოს, ინოვაციური გაკვეთილი – მიმართული შინაარსობრივად მეთოდურ სიახლეზე. შიდა შეფასების სტანდარტულ (როგორც თავად პედაგოგები უწოდებენ) გაკვეთილში ეს მოთხოვნები არ არის, თუმცა მასწავლებელს შეუძლია სამოდელოს მახასიათებლებიც ჰქონდეს, მაგრამ ეს იქნება მისი სურვილი და არა –ვალდებულება.

–შეფასების კრიტერიუმებს თუ გადავხედავთ, თუ სამოდელო გაკვეთილის კრიტერიუმები მიმართულია ძირითადად სწავლებისა და გამოცდილებს გაზიარების პროცესზე, საგაკვეთილო დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკის პირველი სამი კრიტერიუმი  სასწავლო გარემოს უფასებს მასწავლებელს…

–დიახ, სწორად შენიშნეთ და ბოლოდროინდელი სიტუაციებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მასწავლებელმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს კლასში პოზიტიური გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლე უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და სწორედ რიგით გაკვეთილში გამოვკვეთეთ კრიტერიუმები ამ მიმართებით. ზედა სტატუსებში, იგულისხმება, რომ ასეთი გარემოს უზრუნველყოფა მასწავლებლის ჩვეული პრაქტიკაა, და ყურადღება უკვე სხვა კრიტერიუმებზეა გადატანილი.

–როგორ ახსნით, რომ ამ გაკვეთილების წონადობა სქემაში განსხვავებულია და ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ გაკვეთილს 2 კრედიტი შეესაბამება, ხოლო სამოდელოს –1;

–შეიძლება ეს იმით ავხსნათ, რომ სამოდელო გაკვეთილის ავტორი მეტად არის დახელოვნებული და სტატუსთან ერთად თამასაც მაღლა იწევს. თუმცა ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ამ საკითხის გადახედვა, მასზე მსჯელობის წამოწყება შეიძლება, რომ უსამართლობის განცდას იწვევდეს და ამას მეც ვეთანხმები. გამორიცხული არ არის, მოხდეს ამ საკითხის გადახედვა.

კახა ჟღენტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი:

–პირად მოსაზრებას მოგახსენებთ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების შეფასება ცალკე მოვლენაა განათლების სისტემებში და ის ყველგან არსებობს, ოღონდ მიდგომები განსხვავებულია. ვისურვებდი, ჩვენც მივსულიყავით ისეთ სისტემამდე, როდესაც მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაში ამოწმებენ მხოლოდ ერთ რამეს –როგორ გაკვეთილს ატარებს და ამას ეფუძნება მისი პროფესიული შეფასება. დანარჩენი ყველაფერი განხილული იქნება, როგორც  ვალდებულებების შესრულება (არის ასეთი სისტემები). გაკვეთილი სკოლის ცხოვრებაში არის მთავარი ერთეული.  ეს ერთეული,  გვიჩვენებს მასწავლებლის მთელ კომპეტენციას.

ჩვენს რეალობაში, ჩემი აზრით, იკვეთება სურათი, როცა მასწავლებლის მთელი პროფესიული საქმიანობა დაშლილია სხვადასხვა აქტივობებად. რაც შეეხება გაკვეთილებს სქემაში: მოდით, ასე ვთქვათ, სქემის ავტორებმა გაითვალისწინეს სასკოლო საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულება, რომ არსებობს ჩვეულებრივი გაკვეთილი, რომლისთვისაც მასწავლებელი ემზადება, მაგრამ ზეაღმატებულ ძალისხმევას არ დებს და არსებობს ზეაღმატებული ძალისხმევით მომზადებული სამოდელო გაკვეთილი, რომელიც მისი კოლეგებისათვის საინტერესო არის, როგორც გარკვეული სიახლის შემომტანი.

–ანუ სამოდელო გაკვეთილს აქვს ერთგვარი  მასსტერკლასის ფუნქცია?

–სწორად აფასებთ, მაგრამ ახლა შემოგიტრიალებთ კითხვას: განა, ყველა გაკვეთილი არ შეიძლება, იყოს მასტერკლასი? მოკლედ, პროფესიულ გზამკვლევში სამოდელო გაკვეთილი არის აღწერილი, როგორც საუკეთესო პრაქტიკა. საერთოდ, საუკეთესო პრაქტიკა მართლაც მეტ ძალისხმევას საჭიროებს და მას ყოველთვის ვერ გამოიყენებ. რაც შეეხება სქემაში სამოდელო გაკვეთილსა და შიდა შეფასების გაკვეთილს, ისინი ერთმანეთს არ ენაცვლება.

თავში დასმულ კითხვაზე პასუხი გაცემულია: მოქმედი რეგულაციებით სამოდელო გაკვეთილი არ ენაცვლება სტანდარტულს და პირიქით. მაგრამ რეგულაციებს მიღმა რჩება კითხვები, რომელსაც არსებობის და მსჯელობის აღძვრის უფლება აქვს.

აქვე გვინდა დავაკონკრეტოთ კიდევ რამდენიმე დეტალი, რომელიც სქემის მიხედვით, ამ ორი ტიპის გაკვეთილის შეფასების წესში და პროცედურებში არსებობს:

  • შიდა შეფასების გაკვეთილს ესწრება და აფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი; სამოდელო გაკვეთილზეც იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ და დამატებით, შეფასების ჯგუფი განსაზღვრავს კიდევ ვინ (მასწავლებლებიდან)დაესწრება გაკვეთილს შემოთავაზებული გამოცდილების გასაზიარებლად.
  • თითოეულ მათგანს აქვს როგორც საერთო, ასევე განსხვავებული შეფასების კრიტერიუმები. სტანდარტულ გაკვეთილზე განსხვავებულია სასწავლო გარემოს შეფასების კრიტერიუმები. სამოდელო გაკვეთილის შეფასებისას განსხვავებულია კრიტერიუმი, რომელიც კოლეგებისთვის გაკვეთილის სარგებლიანობას აფასებს _ თუ რამდენად უბიძგებს კოლეგას ახალი იდეების პრაქტიკაში დანერგვისაკენ.
  • რეფლექსიაში სამოდელო გაკვეთილის ავტორს კოლეგებისათვის სარგებლის გააზრებაც მოეთხოვება, მაშინ როცა სტანდარტული გაკვეთილის რეფლექსიაში მასწავლებელი კონკრეტულად გაკვეთილის შედეგიანობის შესახებ მსჯელობს.
  • სტანდარტული გაკვეთილის რეფლექსიის შეფასებისას ვიყენებთ ცალკე შეფასების რუბრიკას, რომელიც მხოლოდ მაქსიმალური შედეგის მიღწევისას იძლევა დადებით შედეგს, მაშინ, როცა სამოდელოში რეფლექსიის შეფასება, ჩვეულებრივ, 4 დონის მიხედვით ხდება.

ამავე თემაზე:

არის თუ არა მასწავლებლის სქემა ბიუროკრატიული? – მითები და რეალობა

რატომ აღარ სურთ სქემაში ჩართულ მასწავლებლებს ფასილიტატორობა და როგორ აფასებენ მათ მუშაობას

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური