GE

არის თუ არა მასწავლებლის სქემა ბიუროკრატიული? – მითები და რეალობა

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, ორი წელია, რაც ამოქმედდა. ბოლო ერთი წელია კი სქემაში მასწავლებლების შეფასების პროცესი დაიწყო. მასწავლებლები წუხან, რომ სქემის გამო ბევრი დოკუმენტის მომზადება და ატვირთვა უწევთ. ქაღალდების გადამკიდე კი ბავშვებისთვის დრო აღარ რჩებათ. ამბობენ, რომ აწუხებთ სქემის ბიუროკრატიულობა, ქაღალდომანია. „მოსე მწერლებად“ ვიქეცით, – ეს სიტყვები განათლების ყოფილ მინისტრთან შეხვედრაზე ერთ-ერთმა პედაგოგმა თქვა.  რატომ ხდება ასე? ნამდვილად ბევრი დრო სჭირდება დოკუმენტების მომზადებას და ატვირთვას და პედაგოგს აღარ რჩება დრო სწავლებისთვის? – ამ და სქემასთან დაკავშირებით არსებულ სხვა კითხვებზე EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი  ესაუბრება.

ბატონო კახა, არის თუ არა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა ბიუროკრატიული?

–თუ ვაპირებთ მასწავლებლის შეფასებას სკოლაში, ნებისმიერი ლოგიკური მსჯელობა მიგვიყვანს ორ ალტერნატივასთან. ერთია შეხვედრა და გასაუბრება, ხოლო მეორე –  საკუთარი საქმიანობის წერილობითი აღწერა. სხვა ფორმა ცივილიზაციას ჯერ არ მოუფიქრებია. შეფასების პროცესში დოკუმენტის წარმოდგენას აცდე, შეუძლებელია. თუ ჩვენ გავიხსენებთ სასწავლო პროცესს, ბავშვები რომ შევაფასოთ, ჩვენ მათ წერილობით დავალებებსაც ვთხოვთ. შესაბამისად, შეფასების თანხმლები არის წერილობითი დოკუმენტაციის შექმნა.

რაც შეეხება სქემაში მოთხოვნილ დოკუმენტაციას, თუ გადავხედავთ შეფასების ინსტრუმენტებს, ვნახავთ, რომ დოკუმენტაცია რამდენიმენაირია. მათ შორისაა სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებს, რომ ადამიანმა გარკვეულ აქტივობაში, მაგალითად, კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად, ამ კონფერენციის მომწყობი ადასტურებს, რომ ამ ადამიანმა ეს კონფერენცია ხარისხიანად ჩაატარა. შესაბამისად, სერტიფიკატის აღება და ატვირთვა რთული ვერანაირად ვერ იქნება.

ადამიანები არ იყურებიან დოკუმენტში, სადაც ჩაწერილია რა დოკუმენტაციის ატვირთვაა საჭირო და ვიღაცის ნათქვამის მიხედვით აკეთებენ. მერე ჩვენთან რეკავენ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზედმეტ რაღაცებს აკეთებენ.

ერთ-ერთი ასეთი ზედმეტი რამ, რაც გავრცელდა, არის მითი, რომ ადამიანი ტრენინგს როცა გაივლის და სერტიფიკატი ეძლევა, თითქოს რეფლექსიები უნდა ატვირთოს. სხვა რეფლექსიები კი არის მოთხოვნილი, მაგრამ ტრენინგის რეფლექსია – არა. შეფასების ინსტრუმენტებში ეს არ წერია. თუმცა პედაგოგთა ნაწილმა ატვირთა არამოთხოვნილი დოკუმენტები. ეს ცუდი კომუნიკაციის და არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.

რაც შეეხება აქტივობებს, მოთხოვნილია გეგმა და მისი ანალიზი/რეფლექსია. ამაზე კითხულობენ, საჭიროა თუ არა ამდენი რეფლექსიის წერა? ამის კონტრარგუმენტი არის ის, რომ ბავშვებს სწორედ იმიტომ ვაწერინებთ ესეს, რომ კრიტიკული მოსაზრების საშუალება ჰქონდეს და მისი აზრი გავიგოთ. მაშინ ესეც არ უნდა დავავალოთ.

ფორმა, რომ ადამიანმა წარმოადგინოს თავისი საქმიანობის ანალიზი, მე ვფიქრობ, ერთადერთი ვარიანტია შეფასებისთვის. სხვა შემთხვევაში, გვაქვს ალტერნატივა, რომ პირადად შევხვდეთ მასწავლებელს და რეფლექსიის დაწერის ნაცვლად, მოგვიყვეს.

აქ კიდევ ერთი მომენტია – ნებისმიერი აქტივობა, ეს ხომ  შეფასების პროცესია, გასაჩივრებას უნდა ექვემდებარებოდეს. შესაბამისად, ჩვენ თუ მივალთ გასაჩივრებასთან, ვერ გავექცევით დოკუმენტაციის შექმნას, იმიტომ რომ ზეპირი შეხვედრების გასაჩივრება შუძლებელია.  თუ არ მოვითხოვთ ჩვენ დოკუმენტებს, გეგმებს, რეფლექსიებს, რასაც ბიუროკრატიას ეძახიან, მაშინ ჩვენ მოგვიწევს აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაკეთება.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია დიდი რაოდენობის არ არის, მაგრამ რამდენად შემიძლია მისი ოპტიმალურად წარმოდგენა, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგალითად, ზოგიერთი აქტივობის დასადასტურებლად მოთხოვნილია გეგმა და რეფლექსია. ეს წარმოადგენს 2 დოკუმენტს, რომელიც შემიძლია  2-2 გვერდზე განვათავსო. სხვათაშორის, ეს შეზღუდვა ჩადებული არ გვაქვს და არ მომწონს, რადგან გვქონდა შემთხვევა, როდესაც მასწავლებელმა ერთ-ერთი აქტივობის დასადასტურებლად 40 დოკუმენტი ატვირთა მაშინ, როცა მას მხოლოდ ორი დოკუმენტი უნდა აეტვირთა. ანუ ზოგჯერ საჭიროა ზუსტად მითითება, რამდენ სიტყვას ან გვერდს ვითხოვთ. ასეთი შემთხვევების მიზეზი არის არასწორი კომუნიკაცია.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაცია მასწავლებლის სახლსა და მასწავლებელს შორის გაუმჯობესდეს და ადგილი არ ჰქონდეს სქემის მოთხოვნების არასწორ ინტერპრეტაციას?

–აქ ორი მომენტია – მხარი უნდა დავუჭიროთ და გავავრცელოთ დოკუმენტაციის კითხვის კულტურა. ერთ-ერთი ფორმა, რითაც შეიძლება მივაწოდოთ ინფორმაცია, არის ბეჭდური ინსტრუქციები და გზამკვლევები, მაგრამ ამას ხომ წაკითხვა უნდა? ზოგჯერ, სამწუხაროდ, ვაწყდებით ასეთ შემთხვევებს: ადამიანი რეკავს, სვამს კითხვას, როდესაც ვეკითხებით, სად ამოიკითხეთ, გვეუბნება, რომ ბოლომდე არ წაუკითხავს ინფორმაცია. ბავშვსაც ხომ ასე ვასწავლით სკოლაში? ჯერ ეცნობა ტექსტს და მერე სვამს კითხვებს. შესაბამისად,  ინსტრუქციების გაცნობა და იმის მიხედვით რაღაცის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორეა სამუშაო შეხვედრები. ისევ უნდა გავაგრძელოთ შეხვედრები ფასილიტატორებთან, სამუშაო ჯგუფის წევრებთან, მათ შორის, მასწავლებლებთანაც. ჩვენი ცენტრი ძირითადად ურთიერთობდა შეფასების ჯგუფებთან და ფასილიტატორებთან, მაგრამ ერთი წელია, რაც სრული დატვირთვით მუშაობს სქემა. ასეთი შეხვედრები მასწავლებლებთანაც არის გასამართი ქვეყნის მასშტაბით.

ინტერნეტკომუნიკაციაც მნიშვნელოვანია. სკაიპ და ონლაინ შეხვედრები. რაც უფრო პირისპირ იქნება საშუალება, უშუალოდ ჩვენგან მიიღონ პედაგოგებმა კითხვებზე პასუხები. ეს უფრო მეტად გამორიცხავს ხარვეზებს კომუნიკაციაში, რომ არ გავრცელდეს არასწორი შეხედულებები და მითები.

ხშირად, ფასილიტატორობაზე უარს ამბობენ მასწავლებლბები, იმიტომ რომ თავად უწევთ პედაგოგების დოკუმენტაციის, ოქმების ატვირთვა e-school-ში და ეს დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს მათგან. რამდენად არის ეს მათი საქმე და ევალება თუ არა თითოეულ მასწავლებელს თავისი დოკუმენტაცია თავად ატვირთოს e-school-ში?

–არის პრობლემები, რომლის მოგვარებაზე მთელმა პედაგოგიურმა საზოგადოებამ უნდა ვიზრუნოთ. ერთ-ერთია ეს პრობლემაც. ფასილიტატორი არასწორად იქცევა, როდესაც ჰგონია, რომ ეხმარება თავის კოლეგებს და მათ საქმიანობას თავის თავზე იღებს. ეს დაახლოებით იცით რას წააგავს? მშობლები რომ ბავშვებს ამეცადინებენ და მათ ნაცვლად იწყებენ დავალებების კეთებას. ეს მოჩანს პირდაპირ ატვირთულ დოკუმენტებში. გვერდზე დაუდგე ერთია, მის ნაცვლად აკეთო და შენს თავზე აიღო – მეორე. როდესაც ერთი ადამიანი 20, თუ 15 ადამიანის დოკუმენტაციას ტვირთავს, ელემენტარულ შეცდომებს ვხედავთ ხოლმე, არეულია გვერდები. ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე ის, რაც ევალება.

ფასილიტატორი არის გვერდში მდგომი, რომელიც ასეთ დროს მასწავლებელზე უფრო კომპეტენტურია და მას უბრალოდ ეხმარება. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი სუსტი რგოლი ჩვენი სასკოლო კულტურის. არამარტო ფასილიტატორებს, დირექტორებსაც არასწორად ესმით თავიანთი ვალდებულებები. მასწავლებლების ნაცვლად რომ იწყებენ მოქმედებას. ალბათ, შიშები აქვთ, რომ თავიანთ სკოლებში რაღაც ცუდად არ გამოჩნდეს. დირექტორი პირობებს უნდა უქმნიდეს  პედაგოგს და არა მათ ნაცვლად საქმეს აკეთებდეს.

ამ პროცესის მონაწილე მთელი სასკოლო სისტემა უნდა გახდეს. იმის შიშით, რომ რამე არასწორად არ გამოვიდეს და შენიშვნა არ მისცენ, თუ  ერთი და ორი ადამიანი თავის თავზე აიღებს ამ პროცესებს, ადგილზე არაფერი განვითარდება. მასწავლებელი ამას ფორმალობად ჩათვლის, ქაღალდომანიად და რეალურ ანალიზს არ გააკეთებს.

გვავიწყდება თუ არა, სქემის გადამკიდე, თავად ბავშვი და მისი სწავლება?

–როგორ უნდა ჩაერთოს ბავშვი მასწავლებლის შეფასების საქმიანობაში? – მასწავლებელს თვითონ უნდა ჰქონდეს სურვილი, თავის საქმედ წარმოაჩინოს ბავშვების ცოდნის ხარისხი და აქტიურობა თავის გაკვეთილზე.

სქემა, პირველ რიგში, აფასებს გაკვეთილს. გაკვეთილში ჩვენ უნდა დავინახოთ ბავშვების აქტიურობა. გარე და შიდა შეფასების ინდიკატორებს თუ გადავხედავთ, იქ აქცენტი იმაზე კეთდება, რას აკეთებს ბავშვი, როგორი კომუნიკაცია აქვს მასწავლებელს ბავშვთან. რა ხდება გაკვეთილზე ბავშვების ჩართულობის თვალსაზრისით. რამდენად გაიაზრეს ბავშვებმა გაკვეთილზე რაღაც. ინდიკატორები მხოლოდ ბავშვთან მიმართებაში აღწერს მასწავლებლის საქმიანობას.

გარდა ამისა, მაგალითად, უფროსი მასწავლებელი აკეთებს საკუთარი პრაქტიკის კვლევას. რა არის პრაქტიკის კვლევა, თუ არა ბავშვის შედეგების შეფასება და ამ შედეგების საფუძველზე სწორი გადაწყვეტილების მიღება?

–e-school –ში დოკუმენტების ატვირთვა მარტო სკოლიდან რატომ ხდება და რატომ არ აქვთ მასწავლებლებს საშუალება, რომ სახლიდან გააკეთონ ეს ყველაფერი?

–ყველაზე სწრაფად განსახორციელებელ ცვლილებებს შორის სქემაში, ერთ-ერთი ესეც არის. იმასაც დავამატებდი, რომ წინსვლა საფეხურობრივად წელიწადში ერთხელ კი არ უნდა ხდებოდეს, როდესაც დასრულდება შეფასების რაღაც ეტაპი, ყოველ სემესტრულად მაინც ხდებოდეს სტატუსის მინიჭება, იმიტომ რომ ადამიანმა საკუთარი შრომის ნაყოფი შეიგრძნოს მაშინვე და არა ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ელოდოს შეჯამებას.

ეს სისტემა ცალსახად გასახსნელია. მე თუ ბანკში, ყველაზე დაცულ ინსტიტუციაში შევდივარ სახლიდან, ის კი არა იუსტიციის სახლთანაც შემიძლია რაღაც ტიპის ურთიერთობა სახლიდან, რატომ არ უნდა შეეძლოს მასწავლებელს ამის გაკეთება სახლიდან? ჩვენი სკოლების ინფრასტრუქტურა არ არის აგებული ისე, რომ ყველა მასწავლებელს თავისი კომპიუტერი ჰქონდეს. სახლში  კიდევ უფრო კარგად  არის ეს ტექნიკა ფეხმოკიდებული. ამიტომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია.

სხვა ქვეყნებში როგორ ხდება მასწავლებლის შეფასება?

–ძალიან მომწონს ვაშინგტონის შტატის ელექტრონული პორტფოლიო. ელექტრონული სისტემა არის ღია. დოკუმენტების ატვირთვა ხდება ელექტრონულ პროტფოლიოში. ექსპერტები ამას ელექტრონულად აფასებენ და მერე ამას ებმის პროფესიული განვითარება.

არის სისტემები, სადაც მხოლოდ გაკვეთილს აფასებენ. ყველა დანარჩენი, რომელიც ჩვენ აქტივობებში დავშალეთ, ითვლება რომ ეს არის მასწავლებლის ვალდებულებები. რესურსი, პროექტი, კოლეგებთან თანამშრომლობა, – ეს ჩემი არჩევანი რატომ უნდა იყოს? ეს ხომ ნებისმიერი მასწავლებლის ვალდებულებაა?

არის ელექტორნული სისტემები, სადაც ერთი-ორი დავალება ეძლევა მასწავლებელს და იქ გაკვეთილი და პროფესიული განვითარება არის გამოყოფილი და გაკვეთილის გარშემო ტრიალებს.

არ არსებობს ქვეყანა, სადაც მასწავლებლის საქმიანობა არ ფასდება.  თუ მასწავლებლის საქმიანობა არ ფასდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სიტემა არის ხარვეზიანი. დოკუმენტაციის შემცირების ერთადერთი გზა არის ელექტრონულ სისტემებზე გადასვლა. მასწავლებელმა რომ არ წეროს დოკუმენტი, მერე დაასკანეროს და ატვირთოს, ამის ნაცვლად კარგი იქნება, თუ პირდაპირ ელექტრონულ სისტემაში ჩაწერს მოთხოვნილ ინფორმაციას.

ამავე თემაზე:

„ვერ ვგებულობ რატომ ირთულებენ მასწავლებლები საქმეს“ – მიმართვა სქემაში ჩართულ პედაგოგებს კოლეგისგან

რატომ აღარ სურთ სქემაში ჩართულ მასწავლებლებს ფასილიტატორობა და როგორ აფასებენ მათ მუშაობას

„კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას!“

რომელ პედაგოგს მოუწევს კომპეტენციის დადასტურების შემდგომ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური