GE

სქესობრივი განათლება სკოლებში – საფრთხე, თუ სარგებელი?

ხშირად გაიგებთ ალბათ, იმ ფაქტის შესახებ, როდესაც სკოლებში პედაგოგები შეგნებულად ტოვებენ იმ თავებს, სადაც რეპროდუქციული სისტემების, ქალისა და მამაკაცის ჩასახვის ორგანოებისა და ჩანასახის განვითარების შესახებ არის საუბარი. ხანდახან, მასწავლებლებს ამ თავების ახსნა ეუხერხულებათ და მოსწავლეებს მის წაკითხვას სახლში ავალებენ, ან გოგონებს და ბიჭებს აღნიშნულ გაკვეთილს ცალ-ცალკე უტარებენ.

Aris.ge-განათლება შეეცადა გაერკვია, საჭიროა თუ არა სექსუალური განათლების სკოლაში მიღება, ვინ უნდა ასწავლიდეს ბავშვებს ამ საგანს და როგორ უყურებენ თავად მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები აღნიშნულ საკითხს?!- თემის განხილვა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ბავშვთა ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან ერთად დავიწყეთ.

ფსიქოლოგის აზრით, პრობლემა იმაშია, გვრთავს თუ არა საზოგადოება იმის უფლებას, რომ ბავშვებს ამ თემაზე ვესაუბროთ.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში მსჯელობდნენ იმაზე, უნდა მიეღოთ თუ არა ბავშვებს სკოლაში სექსუალური განათლება. საზოგადოების ნაწილმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა და თემაზე საუბარიც შეწყდა, თუმცა დისკუსიები დღესაც ხშირად იმართება.

“მითია ის, რომ სქესობრივი განათლება რყვნის და ამის გამო ბავშვები ადრე იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. 13-14 წლის გოგონების ქორწინება სწორედ იმიტომ ხდება, რომ სკოლებში სქესობრივი განათლება არ გვაქვს. მოზარდებს არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ეს ყველაფერი”,- ამბობს ფსიქოლოგი.

როგორც აღმოჩნდა, ამ საკითხში გაუთვითცნობიერებლობა გარკვეულ პრობლემებს ქმნის, თინეიჯერთა ნაწილი “გამოსავალს” ადრეულ ქორწინებაში ხედავს, რაც მედიკოსების განმარტებით, საფუძველშივე არასწორია, რადგან ადრეულ ასაკში ქალის ორგანიზმი არ არის ჩამოყალიბებული, ისეთი დატვირთვისთვის, რასაც ორსულობა და მშობიარობა ჰქვია. ადრეულ ასაკში აბორტები და სხვა მტკივნეული საკითხებიც სწორედ სქესობრივ გაუნათლებლობასთან არის დაკავშირებული. ამ ფაქტს მოწმობს საქსტატის მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის მონაცემებით 2013 წელს, 15-დან 19 წლამდემდე მოზარდებში აბორტების რაოდენობის რიცხვი 1955-ს შეადგენდა.

სექსუალური განათლების სკოლაში მიღების დასაშვებობაზე მოსწავლეების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ნაწილი მომხრეა, ნაწილი კი მოწინააღმდეგე. Aris.ge-განათლებასთან საუბარში ისინი საკუთარ პოზიციას განსხვავებული არგუმენტებით ასაბუთებენ:

14 წლის ლიზი (51-ე სკოლა) – “ჩემი აზრით, არ უნდა ისწავლებოდეს. იმიტომ, რომ 13-14 წლის ბავშვებისთვის მსგავსი საკითხების სწავლება მიზანშეწონილი არ არის. ვფიქრობ, ასეთი საგნის სწავლება თუ დაიწყება, მე-11-მე-12 კლასებში უნდა ასწავლონ, თუმცა მე ამის აუცილებლობას საერთოდ ვერ ვხედავ.”

17 წლის გოგა (96-ე სკოლა) – “რავი აბა, ცოტა უხერხული მომენტია. მაგრამ მგონია, რომ ეს ისეთმა ხალხმა უნდა ასწავლოს, ვინც გარკვეულია ფსიქოლოგიაში და იცის ბავშვებს როგორ მიუდგეს. კარგი იქნება, თუ ეს გაკვეთილი გოგონებს და ბიჭებს ცალ-ცალკე ჩაუტარდებათ. ამით თავიდან ავიცილებთ გარკვეული კომპლექსებს და უხერხულობის მომენტს”.

12 წლის მარიტას დედა, ნინო თარხნიშვილს მიაჩნია, რომ ბავშვები სექსუალურ განათლებას სკოლაში უნდა ღებულობდნენ:

– “უნდა ასწავლონ პროფესიონალებმა. შესაძლოა, ამისთვის ცალკე კადრების აყვანაც გახდეს საჭირო. ან ანატომიის პედაგოგმა უნდა შეითავსოს. ამ ასაკში სწორად მიწოდებული სქესობრივი განათლება მოზარდებს ბევრ პრობლემას ააცილებს. რა არის დაცული სექსი, როგორ უნდა დაიცვან თავი არასასურველი ფეხმძიმობისგან, გადამდები დაავადებებისგან და ა.შ.

გიმნაზია “კანდელის”, ბიოლოგიის მასწვლებელი სოფო მაისურაძე Aris.ge-განათლებასთან საუბარში ამბობს, რომ მოსწავლეებისთვის უხერხულობის გამომწვევი გაკვეთილის ახსნა არ გამოუტოვებია, თუმცა არ უარყოფს, რომ უხერხულობის მომენტი არსებობს.

“რა თქმა უნდა, ხანდახან არის უხერხულობის მომენტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს ამ საკითხზე გარკვეული შეხედულება უნდა ჰქონდეთ. თუ ვისაუბრებთ იმაზე, ეს საგანი ცალკე უნდა ასწავლონ თუ არა, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამისთვის კვალიფიციური კადრებია საჭირო.”

გონიოს საჯარო სკოლის, ბიოლოგიის მასწავლებლი ნანა ევგენიძე:

– “სექსუალური განათლება საჭიროა, რადგან ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია სექსუალურ განათლებაზე, იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას. მოზარდებმა უნდა იცოდნენ დაავადებისგან თავის აცილების გზები, ჰიგიენის წესები და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი გარყვნილებასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. ეს საგანი ბიოლოგიის მასწავლებელმა ან ფსიქლოგმა უნდა ასწავლოს, რომელსაც განათლებასთან ერთად, შესაბამისი კურსებიც ექნება გავლილი”.

რას ნიშნავს და რა მოიაზრება სქესობრივ განათლებაში?

ეს არის განათლების პროცესი, რომლის შედეგადაც ადამიანის სექსუალობის შესახებ სქესობრივი ცოდნის შეძენა და სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება ხდება. მოიცავს ისეთი თემების განხილვას, რომელიც ეხება ხილული და უხილავი ცვლილებებს, რაც ადამიანის ორგანიზმში გარდატეხის ასაკში მიმდინარეობს. ასევე, ორსულობას, მშობიარობას, არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვას; ვენერიული დაავადებებს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და სხვა.

სექსუალური განათლების ძირითად მიზნებია ადამიანის სასქესო ანატომიის, სქესობრივი რეპროდუქციული პრინციპების და რეპროდუქციული ჯანმრთელობის არსის გაცნობა. ასევე, ემოციური ასპექტების, რეპროდუქციული კანონების, პასუხისმგებლობების და კონტრაცეფციის ასპექტების განხილვა.

მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების კვალდაკვალ, ფსიქოლოგებიც თანხმდებიან, რომ ეს საგანი კვალიფიციურმა პირებმა უნდა ასწავლონ. შემუშავებული უნდა იყოს გარკვეული კვლევების ჩატარება და მათი შედეგების გათვალისწინება – რა ასაკში იგებენ მოზარდები სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციას? ვისგან იღებენ ამ ინფორმაციას? რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი მათზე და ა.შ.

“ჯანსაღ ურთიერთობას სკოლაში ვერ ისწავლი. ბავშვს სკოლაში შეიძლება ინფორმაცია მიაწოდო მაგალითად, კომუნიკაციის ხელოვნებაზე, კონფლიქტის მართვაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე და ა.შ. მაგრამ წარმოიდგინეთ რას ვასწავლით ჩვენ შვილებს ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობით და სტერეოტიპებით, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის. სქესობრივი განათლება ზოგადად, ყველაფრის პრევენციაა, მაგრამ გარდა ამისა, თუ ეს განათლება ისეთ საზოგადოებაში შედის, რომელსაც გენდერულ სტერეოტიპებად გახლეჩილი სამყარო აქვს, ის ამ განათლებას ვერ მიიღებს. როცა ადამიანს განათლება აქვს, ის სტერეოტიპებს კრიტიკულად უყურებს და ხმას იმაღლებს. ის ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა ვასწავლოთ ამ გაკვეთილებზე, რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ეჯახება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში მათ უნდა მივხედოთ,”-ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა და საბჭოთა კავშირის მაგალითს იხსენებს:

“საბჭოთა კავშირის დროს, სკოლებში ფსიქოლოგებს შეეძლოთ, ესწავლებინათ ასეთი საგანი – “საოჯახო ცხოვრების ეთიკა და ფსიქოლოგია”. რა თქმა უნდა იქ ყველაფერი სრულიად კომუნისტური და პროპაგანდისტული იყო, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ მაშინდელ განათლების სისტემას გარკვეული მცდელობა ჰქონდა, მოზარდებთან ამ თემებზე ესაუბრა”.

P.S. დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოს სკოლებში ასეთი საგნის შეტანის საკითხი, უცნობია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სქესობრივი განათლება მოზარდმა ეტაპობრივად უნდა მიიღოს. იქამდე კი სოციალური ურთიერთობების შესწავლაა აუცილებელი.

ფსიქოლოგების პოზიციის თანახმად, არსებითია, რომ თინეიჯერს გათვითცნობიერებულ ჰქონდეს, რას რა მოჰყვება. მაგალითად, რა არის მოწონება, სიყვარული, გენდერის ფსიქოლოგია, რადგან შემდგომში, 15 წლის გოგონამ არ გამოსცადოს არასასურველი ორსულობა, ან არასრულწლოვან ბიჭს ვენეროლოგთან მკურნალობა არ მოუწიოს.

ხატია არის© გოგოხია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური