სტუდენტობისათვის წელს 41 200 აბიტურიენტი იბრძოლებს – რამდენი მიიღებს სასწავლო გრანტს
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. აბიტურიენტთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. სტუდენტობისათვის წელსაც საკმაოდ ბევრი – 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იბრძოლებს.
რეგისტრაციის დასრულების მიუხედავად, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისათვის, რომ საკუთარი არჩევანი სრულად, ან ნაწილობრივ შეცვალონ. ამ ყველაფრის წესებზე, ვადებსა და დაგეგმილ სიახლეებზე EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრა:
ივა მიდნაძე: რეგისტრაცია 31 მარტს დასრულდა. იგი სულ 41 ათას 200-მდე აბიტურიენტმა გაიარა.
–როგორია ეს მაჩვენებელი წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით?
-ი.მ: ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც შარშან. ყელაზე მეტი – 42 ათასზე მეტი აბიტურიენტი სამი წლის წინ დარეგისტრირდა. ბოლო სამი წელია აბიტურიენტთა რაოდენობა დახლოებით 40-42 ათასს შორის მერყეობს.
–აქედან დაახლოებით რამდენი მიიღებს გრანტს?
-ი.მ: გრანტისათვის 2 მილიონზე მეტია გამოყოფილი. ეს იმას ნიშნავს, რომ გრანტს დაახლოებით 8 ათასი აბიტურიენტი მიიღებს – სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.
–რამდენი დარეგისტრირდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დაფინანსების გასაუმჯობესებლად?
-ი.მ: რეგისტრაცია იმ სტუდენტებისთვისაც დასრულდა, ვისაც გრანტის გაუმჯობესება სურთ. მათი რაოდენობა დაახლოებით 3 ათას 800-მდეა.
–გაქვთ თუ არა სტატისიკური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დაახლოებით რამდენი სტუდენტი იუმჯობესებს გრანტს ბოლო წლების განმავლობაში ამ გამოცდის შედეგად?
-ი.მ: ბევრს არ უუმჯობესდება ხოლმე. დაახლოებით 200-250 ადამიანს.
–დარეგისტრირებულთა რა ნაწილია ხოლმე ეს?
ი.მ: პროცენტული მაჩვენებელი დაბალია. დაახლოებით 1-2 %. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი სხვაობაა გამოცდაზე დარეგისტრირებულთა და გამოცხადებულთა რაოდენობას შორის, რადგან ბევრი არ მოდის ხოლმე. არდასწრების ყველაზე დიდი მაჩვენებელი სწორედ საგრანტო კონკურსზეა.
–როდემდე შეუძლიათ აბიტურიენტებს საკუთარ არჩევანში ცვლილებების შეტანა და რას შეიძლება შეეხოს იგი?
-ი.მ: ახლა რეგისტრაციის პირველი, ძირითადი ეტაპი დამთავრდა. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ საგნების ჩამონათვალი 20 მაისამდე შეცვალონ – დაამატონ, ან გამოაკლონ საგანი.ფაკულტეტების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აგვისტომდე, აპელაციის პროცესის დაწყებამდე შეუძლიათ.
–წინა წლებში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობით ბევრმა აბიტურიენტმა ისარგებლა?
-ი.მ: ძალიან ბევრი არ სარგებლობს ამით, თუმცა 2-3 ათასი ადამიანი ცვლის ხოლმე არჩევანს – ამატებს, ან აკლებს საგანს. 2-3 ათასი მე საკმაოდ დიდი რაოდენობა მგონია.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყველა ცვლილება უნდა დამოწმდეს. აბიტურიენტმა უნდა დააჭიროს ღილაკს „შენახვა“. ამის შემდეგ დამადასტურებელი წერილი აპლიკანტის მისამართზე გაიგზავნება და ეცნობება, რომ ცვლილებები შენახულია.
–ანუ, თუ აბიტურიენტს წერილი არ მიუვიდა, უნდა იეჭვოს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და ცვლილებები პროგრამაში არ ასახულა?
-ი.მ: დიახ. როგორც წესი, წერილი ავტომატურად იგზავნება. ახლაც, ვინც დარეგისტრირებულია, ყველასთან გაგზავნილია. უბრალოდ, ცვლილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დააჭირონ ღილაკს „შენახვა“ და პროგრამა მითითებულ მისამართზე შეტყობინებას ავტომატურად გაუგზავნის.
–არის თუ არა რაიმე სიახლე 2017 წლის ეროვნული გამოცდებისათვის, რაც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ?
-ი.მ: მოგეხსენებათ, გამოცდები ნახევრად ელექტრონული სახით ჩატარდება, რაც სრულად ელექტრონულზე გადასასვლელად პირველი ნაბიჯია. უცხო ენის გამოცდის მოსმენის დავალებაში გარკვეული ცვლილებებია. ტექსტები უფრო განსხვავებულია და თითოეულს ორ-ორი კითხვა ახლავს. ძრითადად სწორედ ეს ცვლილება გვაქვს.
ყველაზე დაბალი ბარიერი მისაღებ გამოცდებზე – რამ განაპირობა უცხო ენის გამოცდის ცვლილებები
თაკო არის© მათეშვილი
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება