GE

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებმა ტესტებში ტექსტის გააზრების დავალება დაიწუნეს – შეფასებები

დღეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში სტუდენტებიც ჩაერთვნენ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე წელს 4500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა და მათ გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარეს.

როგორც გამოცდიდან გამოსული სტუდენტების ნაწილი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ ტესტებისთვის არ  მომზადებულან და პასუხებიც ინტუიციით შემოხაზეს.

173 სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტი ნუცა ბართაია: “ველოდებოდი, რომ საკითხები რთული იქნებოდა, თვითონ ტექსტი იყო ისეთი ბევრჯერ უნდა წაგეკითხა კარგად რომ გაგეაზრებინა. მერე კითხვები იყო ისეთი, ტექსტი კიდევ ბევრჯერ უნდა წაგეკითხა. პირველი ტექსტი იყო კაპიტალიზმზე, მეორე იყო ბერძნები როგორ აღიქვამდნენ ფერს და შეიძლებოდა ყოფილიყვნენ დალტონიკები. ჩემთვის დრო საკმარისი აღმოჩნდა ერთი საათით ადრე გამოვედი, მაგრამ ბავშვებს რომ გადავხედე ზოგიერთი მათემატიკურ ნაწილზე ძალიან დიდხანს იყო გაჩერებული. მათემატიკური ნაწილი ძალიან რთული იყო და ის საკითხები მე არ მახსოვდა, ამიტომ არ ამომიხსნია. სულ 7 კითხვა იყო. ლოგიკაც კარგად გავაკეთე და წაკითხულის გააზრებაც, ამიტომ ვფიქრობ გრანტს ავიღებ”.

ანი სულაძე: “ტექსტურ ნაწილში ძირითადად დარვინის თეორიაზე იყო ლაპარაკი, ფერებზე და ფერების აღქმაზე იყო, ძველ ბერძნულ მითოლოგიაზე. დრო აბსოლუტურად საკმარისი იყო, ვიმედოვნებ, რომ გრანტს ავიღებ.”

საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული სტუდენტები.

გვანცა სხირტლაძე: ,,ტექსტები იყო ძალიან დიდი და უაზრო. სანამ ბოლოში გავიდოდი მავიწყდებოდა რას მეკითხებოდნენ. მოცემული იყო ტექსტი ფერებზე და კითხვა იყო შემდეგინაირი. რატომ ვერ აღიქვამენ ბერძნები შავ და თეთრ ფერებს.”

სანდრო ბორცვაძე: ,,დავალებები მათემატიკურ ნაწილში იყო კუბებზე, ლოგარითმებზე, მატრიცაც იყო. ცოტა დასაფიქრებელია, მაგრამ მგონი ყველა შეძლებს გადალახვას და გრანტის მოპოვებას.”

თაკო გიგაური: ,,ამოცანები იყო რთული, რომლებიც ფორმულებით უნდა ამოგვეხსნა, ის ფორმულების იქვე ეწერა. იყო მოცემული ტრიგონომეტია და ცილინდრები. ნაწილი ლოგიკით ვხაზე, ნაწილი კი ამოვხსენი. ველოდები გრანტს.”

სუთიაშვილი ნინი 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აპლიკანტი: ,,70%-იანი გრანტით ვსწავლობ ამჟამად, მაგრამ მაინც ვცადე წელსაც. თუმცა არ ვიყავი კარგად მომზადებული და გარტყმით ვწერე. საკმაოდ რთული საკითხები იყო, კონკრეტულად არ მახსოვს და ვერ გეტყვით”.

ეკა კეკელიძე: ,,ილიაში ვსწავლობ, გრანტი საერთოდ არ მაქვს და მაგიტომ ვცადე ახლა. თუმცა დიდი იმედი არც მაქვს. ტესტზე ვერაფერს გეტყვით, ბევრი არ მახსოვს, უფრო მეტი ინტუიციით ვწერე.”

ანა ქავთარაძე: ,,კავკასიის უნივერაიტეტში ვსწავლობ, ჩავაბარე ორი წლის წინ, გრანტი არ მაქვს და ბედი მაინც ვცადე. საკითხები არ მახსოვს, არ მოვმზადებულვარ საერთოდ. მაგრამ ვფიქრობ, რომ მისაღებში უფრო რთული ტესტი იყო. შეიძლება მაშინ რომ ვნერვიულობდი იმიტომ მერთულა”.

ლარა გოგია: ,,ილიაში ვსწავლობ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, 70%-იანი გრანტი მაქვს. რთული გამოცდა არ ყოფილა, თითქმის იგივე იყო რაც მისაღებში. ტექსტის გააზრება იყო ალბათ უფრო რთული. სხვა საკითხები არ მახსოვს.”

შეგახსენებთ რომ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ შეძლებს დაფინანსების გაუმჯობესებას, აქამდე მოპოვებული გრანტი შეუნარჩუნდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს ანუკი წიწილაშვილმა, თამთა ვირსალაძემ და ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური