GE

სტუდენტური დასაქმება საქართველოში – მუშაობა სწავლის პარალელურად თუ სწავლის სანაცვლოდ?!

„უნივერსიტეტში ჩაბარებამდე სტუდენტთა უმრავლესობის (80%) უმთავრესი მოლოდინი დასაქმებაა“ – ვკითხულობთ ილიას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს მოლოდინი უმართლდება და მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილების დეფიციტი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ისინი დასაქმებულთა რიცხვში შედიან, მაგრამ შემდეგ ესეც პრობლემად იქცევა, რადგან, როგორც სტუდენტები და ლექტორები ამბობენ, სამსახურისა და სწავლის შეთავსება თითქმის შეუძლებელია. ისინი ვერ ახერხებენ საკმარისი დრო დაუთმონ სწავლას და ფიქრობენ მხოლოდ ზღვარის გადალახვაზე, რაც შემდეგში არაკვალიფიციურ კადრებს ქმნის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური დიპლომატიის ლექტორი ლევან ნატროშვილი წერს:

„სწავლის პარალელურად სტუდენტები, როგორც წესი, სრულ განაკვეთზე მუშაობენ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ. ნორმალური სტიპენდიები თითქმის არ არსებობს ქვეყანაში, მუშაობის გარეშე სტუდენტს საკმარისი შემოსავალი რომ ჰქონდეს.

„შედეგად ვიღებთ იმას, რომ სტუდენტები ძვირფასი დროის ყველაზე დიდ ნაწილს მუშაობას ანდომებენ და არა სწავლას/კვლევას. ამ ორი რამის ხარისხიანად შეთავსება წარმოუდგენელია, ლექტორებსაც გვიწევს ამ ფაქტორების გათვალისწინება და ბევრ რამეზე თვალის დახუჭვა. შესაბამისად, ვიღებთ ფორმალურად აღებულ ხარისხებს და განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში მეცნიერების კუთხით სრულ ჩავარდნას.

„ცხადია, ეს მხოლოდ ერთი პრობლემაა ქართულ უმაღლეს განათლებაში, მაგრამ შედარებით ადვილად მოსაგვარებელი. სრულად დაფინანსებული სქულარშიფები (მინიმუმ ISET-ს როგორიც აქვს) ამ პრობლემას მოხსნიდა. ცოტა მაგისტრი/დოქტორი გვეყოლება, მაგრამ უფრო ხარისხიანი“, – წერს ნატროშვილი.

სოფო გველესიანი იმ სტუდენტების რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც ოჯახური პირობების გამო მუშაობა უწევთ. EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო უნივერსიტეტში ვერც სიარულს და ვერც გამოცდებისთვის მომზადებას ახერხებდა, ამიტომაც იძულებული გახდა გეპეიში გადასულიყო და სწავლა დაუსწრებელზე გაეგრძელებინა:

“ჩემი ოჯახი მრავალშვილიანია და როგორც ასეთი ოჯახების ძირითადი ნაწილი, ფინანსური პრობლემების წინაშე ჩვენც არაერთხელ ვმდგარვართ. ხშირად მქონდა შემთხვევები, როცა არათუ შესვენებაზე კურსელებთან ერთად წახემსების, უნივერსიტეტში წასასვლელი ფულიც არ მქონდა. ასეთ დროს იძულებული ხარ იმუშავო, მაგრამ საქართველოში სტუდენტური სამსახური, ნახევარ-განაკვეთზე თითქმის არაა, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიპოვე. მუშაობა სუპერ-მარკეტში დავიწყე. დღეში 8-12 საათს სამსახურში ვატარებდი, შინ მისულს მეცადინეობის კი არა ჭამის თავიც არ მქონდა, აღარაფერს ვამბობ გაცდენილ ლექციებსა და სემინარებზე. ვერ ვახერხებდი უნივერსიტეტში სიარულს, რეალურად კი ქულები დასწრებასა და აქტიურობაში იწერება და როცა 6-დან 4 საგანი გრჩება, დანარჩენი ორი კი ზღვარზე გაქვს დახურული, არჩევანის წინაშე დგები. ხვდები, რომ ამ უნივერსიტეტში ასე გაგრძელება არ ღირს. მერე აღმოვაჩინე, რომ გეპეის დაუსწრებელი ჰქონდა და იქ გადავიტანე საბუთები”,- ამბობს სოფო.

ანალოგიური პრობლემების წინაშე იდგა ჟურნალისტი ქრისტინე პახანოვა, რომელმაც მუშაობა ჯერ კიდევ აბიტურიენტობის დროს დაიწყო და იგი სტუდენტობის პერიოდში სწავლასაც შეუთავსა, თუმცა კომპანიის დახურვისა და უმუშევრად დარჩენის შემდეგ სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო. მას სწავლის თვითდაფინანსებისთვის ახალი სამსახურის პოვნა მოუწია. ქრისტინე ამ ხნის განმავლობაში არაერთ პრობლემას წააწყდა, თუმცა განმარტავს იმასაც, რომ სამუშაო გამოცდილებამ მას დიდი პრაქტიკული ცოდნა დაუგროვა:

“მუშაობა ჯერ კიდევ აბიტურიენტობისას დავიწყე და რატომღაც არ მეგონა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ამდენად რთული თუ იქნებოდა. ვერ წარმოვიდგენდი ღამის ცვლიდან პირდაპირ უნივერსიტეტში მისულს, ლექციაზე ძილი თუ მომერეოდა ან იმ კომპანიის გაკოტრების გამო, რომელშიც ვმუშაობდი, სწავლის საფასურს ვერ გადავიხდიდი და სტუდენტის სტატუსი შემიჩერდებოდა. გულწრფელად რომ ვთქვა, სამუშაო ადგილების სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ ბევრი რამ მასწავლა და ჩემი პრაქტიკული ცოდნა უფრო დიდია, ვიდრე თეორიული.  მიუხედავად ამისა, გაცილებით ბევრი შევძელი, ვიდრე ამას სხვა სტუდენტები ახერებენ და არა იმიტომ, რომ ნაკლებს შრომობენ, ნაკლებად ირჯებიან ან იღლებიან”, – ამბობს ქრისტინე.

ის EDU.ARIS.GE -ს სწავლის პარალელურად მუშაობის სიძნელეებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირად სამსახურიდან ლექციაზე მისულს მოსმენილის ნახევრის ათვისებაც კი უძნელდებოდა, რაც მის აკადემიურ მოსწრებაზეც აისახებოდა. მისი აზრით, ასეთი განათლებით ახალგაზრდები პროფესიონალებად ვერ ჩამოყალიბდნებიან, რაც ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტის მიზეზი ხდება:

“დაბალი სოციალური შესაძლებლობები და არსებული განათლების პოლიტიკა (ამ შემთხვევაში განათლების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით) სტუდენტს იძულებულს ხდის, ისწავლოს თვითდაფინანსებით ანუ იმუშაოს, რათა ისწავლოს. ამ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია ხარისხიანი განათლების მიღება და მით უმეტეს მაღალი აკადემიური მოსწრება. დასაქმებული სტუდენტი აქტიურად ვერ მონაწილეობს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, “კლასგარეშე” აქტივობებში ვერ ერთვება, რაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სალექციო კურსები.

„სტუდენტების დიდი ნაწილი მომსახურების სფეროში მუშაობს. აქ შედარებით მარტივდება სამუშაო გრაფიკის შეთავსება სასწავლოსთან, თუმცა სტუდენტს, რომელსაც ათასგვარი დაკისრებული თუ დაუკისრებელი მოვალეობის შესრულება უწევს სამუშაო ადგილზე, არ ჰყოფნის ფიზიკური რესურსი საიმისოდ, რომ ლექციაზე მჯდომმაც, მოსმენილის 50% მაინც აითვისოს. ამიტომაც ვსწავლობთ “წელგამოშვებით”, აკადემიური სემესტრებით და წვალებით. შედეგი კი ის არის და იქნება, რომ ქვეყანას არ ეყოლება მაღალკვალიფიციური კადრები შრომის ბაზარზე და შესაბამისად წვალებით განათლებამიღებული ახალგაზრდები მუდმივად დაბალანაზღაურებად და არაპროფილურ სამუშაოს შეასრულებენ. გამოდის, რომ განათლების და მით უფრო, კარგი განათლების მიღება ისევ და ისევ “ფეოდალური” ფუფუნებაა და ხელმისაწვდომია მისთვის, ვის დღის წესრიგსაც დღიურ ულუფაზე ფიქრი არ წარმოადგენს“, – ამბობს ქრისტინე პახამოვა.

ქრისტინესა და სოფოსგან განსხვავებით თამარ ზაქროშვილს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის დროს მუშაობა არ მოუწია. მან ოჯახის ხელშეწყობით მთელი თავისი ენერგია სწავლას მოახმარა, მაგრამ როცა მაგისტრატურაზე ჩააბარა და სამსახურის ძებნა დაიწყო, მიუხედავად მისი წითელი დიპლომისა, გამოუცდელი კადრის აყვანისგან ყველა თავს იკავებდა.  თამარმა პროფესიით სამსახურის დაწყება 1-წლიანი ძებნის შემდეგ შეძლო.

„ოჯახის ხელშეწყობით ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში არ ვმუშაობდი. გავაცნობიერე, რომ პარალელურად კარგად სწავლას ვეღარ შევძლებდი, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  მინდოდა ჩემს საქამეს საფუძვლიანად დავვუფლებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრიატი უმაღლესი ქულებით დავამთავრე, სამსახურის საპოვნელად 1 წელი დამჭირდა, როგორც წესი, დამსაქმებლის ძირითადი მოთხოვნა გამოცდილებაა,  უნვერსიტეტის ქულებს კი, როგორც ჩანს, არავინ ენდობა.

საქართველოში, ფაქტობრივად, სტუდენტური სამსახური არაა. სტუდენტს ან სამსახურმა უნდა შეუწყოს ხელი ან უნივერსიტეტმა, აქ კი ხელშეწყობა არცერთი მხრიდან არაა. მუშაობა მაგისტრატურის მეორე კურსიდან დავიწყე და იმდენად მიჭირდა, სამსახურზე თავის დანებებასას კი ვაპირებდი“.

სრულიად განსხვავებული სიტუაციაა ამ მიმართულებით გერმანიაში. ჩვენი რესპონდენტი სტუდენტის დასაქმების იქ არსებულ იმგვარ პრინციპზე გვიყვება, რომელიც საქართველოში ნამდვილად ფანტასტიკის სფეროა.

ჟურნალისტი მაია აბაიაძე, რომელიც გერმანიში მაგისტრატურაზე სწავლობს, EDU.ARIS.GE-ს იქაურ სისტემაზე უყვება. მისი თქმით, იქ სწავლის პარალელურად მუშაობა საუნივერსიტეტო პროგრამით განსაზღვრულია და შეთავსებაც  რთული არ არის. აღნიშნავს იმასაც, რომ ხელშეწყობას გრძნობს როგორც ლექტორების, ისე დამსაქმებლის მხირდან:

„აქ როგორც სტუდენტს, ოფიციალურად კვირაში მაქსიმუმ 20 საათით მუშაობის უფლება გაქვს. 2 ტიპის სტუდენტური  სამუშაოა –  „ნებენ ჯობ“, რაც მუშაობას სწავლის პარალელურად გულისხმობს და მოიცავს 20 საათს კვირაში, ხოლო მეორეა „მინიჯობი“, რაც  კვირაში 13 საათს მოითხოვს და ანაზღაურებაც მინიმალურია –  450 თვეში. 13 საათი ნამდვილად არაა ისეთი დატვირთა, რომ სწავლაში ხელი შეგეშალოს და ზღვარის გადალახვაზე იყო ორიენტირებული. როდესაც კონტრაქტს აფორმებ როგორც სტუდენტი, მითითებულია, რომ სრული განაკვეთით არ ხარ და სასურველი სამუშაო საათების არჩევა თავად შეგიძლია.

„მე პირადად 20 საათს ვმუშაობ, რაც ყოველკვირეულად 3-4 დღე გამოდის და არაა იმდენად დიდი დრო, რომ სწავლაში ხელი შემეშალოს. თან სამსახურშიც და უნივერსიტეტშიც ყველანაირად ხელს გიწყობენ, მაგალითად, თუ გათავისუფლება მჭირდება გამოცდისთვის ან სამსახურის გამო ლექტორთან კონსულტაციაზე მისვლას მიღების საათებში ვერ ვახერხებ, შეხვედრის გადატანა სხვა დროს არასდროს ყოფილა პრობლემა“, – ამბობს მაია აბაიაძე.

ამავე თემაზე:

საქართველოში 11–ჯერ მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, ვიდრე ქართველები საზღვარგარეთ

რამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტია ქვეყანაში – უახლესი სტატისტიკა უმაღლესების მიხედვით

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური