„სულ დისტანციურ სწავლებაზე ხომ ვერ ვიქნებით, აცრა პედაგოგებისთვის აუცილებელია!“ – 61 წლის აცრილი მასწავლებელი
განათლება ერთ-ერთი ის ფეროა, რომელიც პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, მათ შორის საქართველოშიც. შეწყდა სწავლების პროცესი სკოლებში, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ვირტუალურად უწევდათ, რაც ართულებდა სასწავლო პროცესს და აუარესებდა მიღებული განათლების ხარისხს. იმ დროს, როდესაც კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, სკოლები ერთიმეორის მიყოლებით იხურება, იზრდება კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ ვაქცინაციის პროცესში, ექიმებისა და ხანდაზმულთა შემდეგ, პრიორიტეტი პედაგოგებს მიენიჭოთ. თუმცა ვაქცინაციის შესახებ მოსაზრება მასწავლებლებშიც ორად იყოფა, ზოგიერთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აცრის ჩატარებას, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ სწორედ იმუნიზაციაა ყველაზე ეფექტური საშუალება, რომ სასკოლო ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უწყვეტად გაგრძელდეს, იყოს უსაფრთხო გარემო და მშობლებს აღარ ეშინოდეთ შვილების სკოლაში გამოშვების, მასწავლებლებს კი, მოსწავლეებთან ურთიერთობისას, არ უწევდეთ დისტანცირება.
გასულ კვირას, ჯანდაცვის სამინისტროში გამართული ღონისძიების ფარგლებში, რომლითაც მასწავლებელთა ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით კამპანია დაიწყო, ცნობილმა ექიმებმა არაერთი მასწავლებელი საჯაროდ აცრეს.
ერთ-ერთი ამ დღეს აცრილი პედაგოგი EDU.ARIS.GE-სთან საკუთარი გადაწყვეტილების მიზნებზე საუბრობს. ხსნის, რა შეიძლება იყოს მთავარი მოტივი მასწავლებლისთვის იმუნიზაციის პროცესში და რატომაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ პროფესიის ადამიანების ვაქცინაცია.
ირინა ზაქარეიშვილი, გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის მე-20 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია, ის 61 წლისაა, ერთ-ერთია, ვინც აცრა საჯაროდ ჩაიტარა და ამისკენ თავის კოლეგებსაც მოუწოდებს. ამბობს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა და ავტორიზაციის შემთხვევაში, არც ჩინურ პრეპარატზე იტყოდა უარს.
-როგორ გრძნობთ თავს აცრის შემდეგ? რა ჩვენებები გქონდათ და რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც საჯაროდ ჩაიტარეთ ვაქცინაცია?
– აცრის შემდეგ თავს ვგრძნობ ძალიან კარგად. 61 წლის ვარ, არ მაქვს ქრონიკული დაავადებები, რაც ვაქცინაციის პროცესში ჩემს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ გადაწყვეტილებაც თამამად მივიღე. არანაირი გართულება არ მქონია აცრის შემდეგ, არც გამოხატული სიმპტომები – ტემპერატურა და ა.შ. უბრალოდ ნანემსარი მტკიოდა, რაც აცრის დროს ნორმალურია და უკვე ამანაც გამიარა.ზოგადად, კანონმორჩილი ადამიანი ვარ და თავიდანვე ძალიან მკაცრად ვიცავდი რეგულაციებს. ძალიან ბევრჯერ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილვარ, რადგან შენიშვნა მიმიცია სხვისთვის პირბადის ტარებასთან და მსგავს თემებთან დაკავშირებით. სკოლაშიც მასწავლებლები, ბავშვები და მშობლებიც, როგორც შეგვიძლია და ვახერხებთ, ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ წესები. სანამ პანდემიის რეჟიმში ვართ, ეს არის ყველას მოქალაქეობრივი ვალი.
– რა იყო თქვენი, როგორც სკოლის მასწავლებლის მოტივაცია, როდესაც გადაწყვიტეთ რომ აცრას ჩაიტარებდით?
– ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ პანდემიამ ყველაზე იმოქმედა. აბსოლუტურად ამოტრიალდა ჩვენი ცხოვრების სტილი და ყველაფერში გამოიხატა. თავისი დადებითი და უარყოფითი აქვს ყველაფერს. თუმცა, რა თქმა უნდა, პირისპირ სწავლებას არაფერი სჯობს და ვერც ვიტყვი ამას. ცოცხალი ურთიერთობა ბავშვებთან სულ სხვაა, ვიდრე ვირტუალურ სივრცეში. იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გვქონდეს უწყვეტად, ვიყოთ უსაფრთხოდ, როგორც სკოლაში, ასევე სხვა გარემოში, სწორ ნაბიჯად მიმაჩნია აცრის გაკეთება. ამით მე დავიცავი არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ჩემი მოსწავლეები, მათი მშობლები და ის ადამიანები, ვინც ჩვენ გარშემო არიან. მე მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა. მოწოდების დონეზე შემიძლია ვურჩიო ყველას, ჩემს წრეში, კოლეგებთან, ოჯახთან და ახლობლებთან, სულ ვსაუბრობ, რომ აცრა არის აუცილებელი, რომ დავიცვა ჩემი თავი და დავიცვა ჩემ გარშემო ყველა.
– ბევრი თქვენი კოლეგა ვაქცინაციის წინააღმდეგია. რა არის საჭირო, რომ მათი დამოკიდებულება შეიცვალოს?
– ყოველთვის მჯეროდა ვაქცინაციის და მჯერა ახლაც. არ ვაყენებ არც ხალხურ მედიცინას და არც იმ ადამიანებს შეურაცხყოფას, ვისაც ამის არ სჯერა, ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, მაგრამ აცრები რომ არ ყოფილიყო, აქამდე ასე ვერ მოვიდოდით. ეს ხომ არ არის პირველი პანდემია მსოფლიოში და რომ არ ყოფილიყო ეს წამლები და აცრები, როგორ მოვიდოდით აქამდე?მნიშვნელოვანია ექიმების მიმართ ნდობაც, რომ უფრო მეტი რწმენა და ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ. მე როდესაც აცრა ჩავიტარე, ისეთი ექიმები დამხვდნენ, ჩემი განწყობა ამ პიროვნებების მიმართ იყო საუკეთესო.
– როგორც იცით, ექიმებისა და ხანდაზმული ადამიანების შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მასწავლებლების აცრა, იმის მიუხედავად, რომ აცრა ნებაყოფლობითია…
– აცრა მასწავლებლებისთვის იმიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ როგორც ექიმებს, ასევე მასწავლებლებსაც, ძალიან ბევრ ადამიანთან გვიწევს ყოველდღიური ურთიერთობა. შედიხარ ბევრ კლასში, ხვდები მოსწავლეების მშობლებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მეც უნდა ვიყო დაცული და ამდენი ადამიანი ჩემს გარშემო, ბავშვები. სულ ონლაინ ხომ არ ვიქნებით? ჩვეულ ცხოვრებას ხომ უნდა დავუბრუნდეთ? თუ აცრა არის ამ მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალება, მე ნამდვილად მოვუწოდებ ყველას. ვერავის ჭკუის სწავლებას ვერ დავიწყებ ნამდვილად, თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური პოზიცია, მაგრამ რაღაცის მაინც ეშინიათ და ბოლომდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას.
– როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ საჯაროდ გაკეთებული აცრა იქნება თქვენი კოლეგებისთვის მაგალითის მიმცემი? იმოქმედებს მათ გადაწყვეტილებაზე?
– სწორედ მათთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ძალიან მაღალი ნდობის მომენტი გაჩნდეს. მაგალითად, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ მითხრა, შენ ისე პოზიტიურად წახვედი, ისე პოზიტიურად განეწყვე, რომ მეც ნამდვილად გავიკეთებ აცრას. ეს ადამიანური ფაქტორია, მეც მეშინოდა, სიახლეა და ეს შიში გასაგებია, მაგრამ უნდა შევხედოთ რა დევს სასწორზე და ასევე იმ სარგებელს, რასაც მოიტანს ვაქცინაცია. ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება, მალე დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების წესს, გვქონდეს თავისუფლება – რაც ყველაზე მთავარია. ბავშვს, საკუთარ მოსწავლეს რომ ჩაეხუტო – ამის უფლება გვქონდეს. განსაკუთრებით პატარებს აქვთ ეს მომენტი. მასწავლებლისთვის ძალიან რთულია, როდესაც ბავშვი გთხოვს, რომ ჩაეხუტო და შენ თავს ამის უფლებას ვერ აძლევ.
მას შემდეგ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ჩატარდა, სკოლებს გაეგზავნათ წერილი, რომ აღრიცხონ ის პედაგოგები, რომელთა ასაკიც შეესაბამება ვაქცინაციით დაწესებულ ზღვარს და სურვილი აქვთ ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში.
გასული კვირის, 17-25 აპრილის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა.
სამინისტროსვე ცნობით, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი იმყოფება.
რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობას, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 123 მასწავლებელი იმყოფება.
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება