GE

„სხვა შემთხვევაში უნივერსიტეტების ასეთ წყობას აზრი არ აქვს“ – აბიტურიენტის რჩევები ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს

ლიზი ლაცუზბაია 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა, რომელმაც 9 აგვისტოს, მისი და სხვა აბიტურიენტებისთვის ამჟამად აქტუალურ საკითხებზე გამოაქვეყნა წერილი. ის EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ თავად დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე აბარებს და ვინაიდან ამ პროგრამაზე წელს დიდი კონკურსია, ამიტომ გაუჩნდა მსგავსი წერილის გამოქვეყნების სურვილიც.

ამბობს, რომ ვინაიდან აბიტურიენტებს ახლა პრიორიტეტული მიმართულებებისა თუ უნივერსიტეტების მათთვის სასარგებლოდ დალაგების პერიოდი აქვთ, საამისოდ მთავარი კონკურენციის ობიექტური შეფასებაა:

“ხშირად მხვდება პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით და ფაქტია, აბიტურიენტებიც განიცდიან ამ ყველაფერს. მგონია, რომ მთავარია საკუთარი ქულებისა და კონკურენციის ობიექტურად შეფასება და უნივერსიტეტების სწორი წყობა შიდა ბარიერების ზრდის მიხედვით, რათა სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდეთ”, – გვითხრა ქუთაისის 35-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა.

მაშ ასე, ლიზი ლაცუზბაიას ერთგვარი რჩევა-რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვსი გასაგებ ენაზე ასეთია:

გამარჯობა, მეც აბიტურიენტი ვარ და მოკლე საინფორმაციო პოსტი მინდა დავწერო, რადგანაც ბევრი კითხვა ჩნდება სააპელაციო პროცესთან, უნივერსიტეტებსა და გრანტებთან დაკავშირებით.

  • გრანტი არ არის დამოკიდებული უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე, ცალკე კონკურსია და ცალკე ითვლება საგრანტო ქულა მხოლოდ 3 საგნით. (დამატებითი საგნების შემთხვევაში იმ საგანით, რომელშიც უფრო მეტია ქულა.);
  • გრანტის წინასწარ გამოთვლა რთულია, ეს დამოკიდებულია წლევანდელ მდგომარეობასა და კონკურენციაზე, ამიტომ სიტყვაზე წინა წლის 50-იანი წელს შეიძლება 70-იანი იყოს ან პირიქით;
  • უნივერსიტეტების დალაგება შეგეძლებათ სკალირებული/გათანაბრებული ქულების დადების შემდეგ მეორე დღის 6 საათამდე, თუმცა ამ პროცესს ნუ გაწელავთ (რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ შეგექმნათ) და მაინც ასე თუ ისე წინასწარ განსაზღვრეთ უნივერსიტეტთა სია;
  • შიდა ბარიერების ნახვა შეგიძლიათ აბიტურიენტთა ცნობარში და უნივერსიტეტების დალაგების დროს განსაზღვრეთ, რომ თავიდან გიწერიათ ის უნივერსიტეტი, რომელშიც შიდა ბარიერი მაღალია და არა პირიქით, რადგან სხვა შემთხვევაში ასეთ წყობას აზრი არ აქვს. ასევე, თავი დაიზღვიეთ და ჩაწერეთ რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი, რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ;
  • მიაქციეთ ყურადღება თქვენს პრიორიტეტულ ჩამონათვალს. ძირითადად ქულებზეა დამოკიდებული და არა დალაგებაზე, თუმცა მომხდარა ისეც, რომ ფაკულტეტზე მოხვედრილა ის აბიტურიენტი, რომელსაც შედარებით დაბალი ქულა ჰქონდა და პირველი ეწერა, ხოლო ვისაც მეორეზე ეწერა და უფრო მაღალი ქულა ჰქონდა, ვერ მოხვედრილა. ამიტომაც, თქვენი ქულების მიხედვით განსაზღვრეთ, სად გაქვთ მეტი შანსი. თანაბარი სკალირებული ქულის შემთხვევაში, პრიორიტეტი იმას ენიჭება, ვისაც პირველი უწერია და მაინც ყურადღება უნდა მიაქციოთ უნივერსიტეტების სწორ წყობას.
  • მიაქციეთ ყურადღება შიდა ბარიერებს, თუ უნივერსიტეტის რომელიმე საგნის ბარიერი გადალახული არ გაქვთ, რაც არ უნდა მაღალი ქულა გქონდეთ დანარჩენებში, ამ უნივერსიტეტში შანსი არ გაქვთ;
  • მიაქციეთ ყურადღება კონკურსს, თუ საუნივერსიტეტო ბარიერი გადალახული გაქვთ და მაგალითად 100 ადგილია და 100-ს უწერია პირველზე, დიდი ალბათობაა, რომ მოხვდებით, მაგრამ თუ 1 ადგილზე 3 და 4 კაცი მოდის, შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია და მხოლოდ შიდა ბარიერის გადალახვით ვერ მოხვდებით. ამიტომ, თვალი გაუსწორეთ რეალობას და განსაზღვრეთ თქვენი შანსები პრიორიტეტების დასალაგებლად;
  • თუ 4 საგნით აბარებდით და ერთ საგანში ჩაიჭერით, შეგიძლიათ ჩაბარებული 3 საგნით სხვა ფაკულტეტზე ჩააბაროთ. მაგალითად, სიტყვაზე, თუ აბარებდით ქიმია/ბიოლოგიას და ქიმიაში ჩაიჭერით, შეგიძლიათ ჩააბაროთ ბიოლოგიურზე, ფსიქოლოგიასა და ვეტერინარიაზე, ან მეორე შემთხვევაში მაგალითად ქიმიურზე. (გამოსავალი ყოველთვის არსებობს);
  • რაც შეეხება სააპელაციო პროცესს, წინა წლებზე დაკვირვებით, ბევრ ქულას არ ამატებენ. ამიტომ, თუ ის 2 ქულა გრანტსა და მოხვედრას არ გიწყვეტთ, განსაზღვრეთ, გიღირთ თუ არა რისკი. ასევე, ქართულში არ საჩივრდება კონკრეტული კრიტერიუმი თემაში, ამიტომაც მაღალია ასევე ქულის დაკლების რისკი, რადგანაც შევხედე, რომ ძირითადად არასწორ კრიტერიუმებში აქვთ დაკლებული ბავშვებს ქულა და შესაძლებელია სულ სხვა კრიტერიუმშიც დააკლონ.

ბოლოს, ყველანი ჩავაბარებთ, მთავარია უნივერსიტეტების სწორი წყობა!

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური