GE

თამარ სანიკიძე: პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის საჭიროებას დღესაც ვხედავ

ფოტო –
"პრაიმტაიმი"

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმიდნარე რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე ამბობს, რომ რეორგანიზაცია საჭიროა, თუმცა მთავარი ისაა, პროცესი რა შედეგებით დასრულდება.

„რეორგანიზაცია პერიოდულად საჭიროა. ჩვენს ცენტრშიც მიმდინარეობს ანალოგიური პროცესი. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ არსებულ და ახალ გამოწვევებს. მიდის უშუალოდ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც გვჭირდება ახალი ფუნქციების განსაზღვრა. მთავარია, რა შედეგებით დასრულდება. რა თქმა უნდა, გამოწვევაა ისიც, რომ ახალი ფუნქციებით უფრო გამართულად მუშაობა მოგვიწევს შედარებით მცირე რესურსებით. ვფიქრობ, გავართმევთ თავს“, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

როგორც ცნობილია, მანდატურის სამსახურში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო უქმდება, რომელიც თამარ სანიკიძის მინისტრობის დრო შეიქმნა. თუმცა განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრის თქმით,  პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის სამართველოს გაუქმება არ ნიშნავს ამ ფუნქციის გაუქმებას.

„ეს მინისტრმაც გასაგებად ახსნა. ამ პროგრამის ამოქმედება საჭიროებიდან გამომდინარეობდა. ამ საჭიროებას დღესაც ვხედავ. საჭიროების გარდა, პროგრამა სასკოლო საზოგადოების მიერ მოწონებული და საკმაოდ პოპულარულია. მე უფრო მის შემდგომ განვითარებაზე ვიფიქრებდი.

როგორც ვიცი, სამინისტრო გეგმავს ამ პროცესების ნაწილობრივ სკოლებში გადატანას, ხოლო ნაწილობრივ სამინისტროს გარეთ გატანას. რაც ნიშნავს, რომ სხვა პროვაიდერებიც ჩაერთვებიან განხორციელების პროცესში. სკოლაში გადატანას აქვს ლოგიკა, რადგან ათასობით პედაგოგი გადამზადდა ამ მიმართულებით. უფრო მეტიც, გადამზადების პარალელურად ისინი ახორციელებდნენ ამ პროგრამას სკოლებში. მათ შეუძლიათ პროცესების წარმართვა“,– ამბობს სანიკიძე, თუმცა გაუქმებული სამსახურის თანამშრომელთა პოზიცია აღნიშნულზე განსხვავებულია:

„ჩვენ, ჩვენი ხელფასის ლამის ნახევარს ამ საქმეში ვდებდით. მინისტრმა არ იცის რამდენი რესურსი ჩავდეთ. ეს შედეგი თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა, თორემ დაინახავს რას გააკეთებენ „გადამზადებული“ პედაგოგები. თითოეული ექსკურსია თუ შეხვედრა პერსონალურად ჩვენი დამსახურებაა“,– უთხრა EDU.ARIS.GE-ს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს თანამშრომელმა.

თამარ სანიკიძის თქმით, რაც შეეხება ფუნქციის სამინისტროს გარეთ გატანას და სხვა პროვაიდერების ჩართვას, ვერც აქ ხედავს პრობლემას.

„მთავარია, პროგრამა განვითარდეს და უკეთესი გახდეს“, -აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

ვის უშვებს განათლების სისტემიდან ჯეჯელავა – გათავისუფლდება 250-მდე ადამიანი

ვინ გაუშვებს მასწავლებელს სკოლიდან – განათლების სამინისტროში ახალ სტანდარტზე მუშაობენ

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური