GE

თამარ სანიკიძე საუნივერსიტეტო კლინიკის სამუშაო პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრი, თამარ სანიკიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია და პირადად გაეცნო მის ფუნქციონირებას, შეხვდა სტუდენტებს და პაციენტებს გაესაუბრა. მინისტრმა კლინიკაში დაბადებული პირველი ახალშობილიც მოინახულა.

სამინისტროს ინფორმაციით, 185 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის გამართვა და თანამედროვე ლაბორატორიებით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისათვის საჭირო აპარატურით აღჭურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. კლინიკა უკვე მთელი დატვირთვით მუშაობს, იღებს პაციენტებს, რეგულარულად ტარდება სხვადასხვა სახის ოპერაციები, რომელშიც პროფესორებთან ერთად უშუალოდ არიან ჩართულები სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.

,,კლინიკამ უკვე 417 სტაციონარული და 761 ამბულატორიული პაციენტი მიიღო, გაკეთდა გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციები. აქ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ აუდიტორიებში, მიმდინარეობს სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობები სტუდენტებთან. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ონ–ლაინ რეჟიმში ადევნონ თვალი ქირურგიული ოპერაციების თუ სხვა მანიპულაციების მიმდინარეობას და პროფესორთან ერთად განიხილონ კონკრეტული სამედიცინო საკითხი აკადემიურ თუ, პრაქტიკულ საექიმო კონტექსტში,” – განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

საუნივერსიტეტო კლინიკაში მზადებას გადის და პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს ეუფლება 6000–ზე მეტი ქართველი და 2000–მდე უცხოელი სტუდენტი. ამასთანავე, საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც 600 თანამშრომელია დასაქმებული, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს არამარტო თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას.

პირველი მრავალპროფილიანი, მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო კლინიკა 2015 წლის მარტში ამოქმედდა, სადაც სტუდენტები და რეზიდენტები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ, ხოლო აკადემიურ პერსონალს თანამედროვე კვლევების ჩატარების უნიკალური შესაძლებლობა აქვს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური