GE

8000–ლარიანი ემორის პროგრამა თსსუ–ში – რამდენად ხარისხიანია სამედიცინო განათლება საქართველოში

ფოტო –
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - თსსუ , არის ჯი (c)

რამდენად ხარისხიანია საქართველოში სამედიცინო განათლება და რამდენად აქცევს მას სათანადო ყურადღებას სახელმწიფო საყოველთაო სამედიცინო დაზღვევისთვის ყოველწლიურად გაწეული უზარმაზარი ხარჯების ფონზე?!

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის „ჰიპოკრატე“ ავტორიზაციის გაუქმება შუა სასწავლო წელს, გავრცელებული ხმები დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სირთულეებთან დაკავშირებით, ავტორიზაციის საკითხებით ძალიან დაკავებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ასევე, ჩვენი წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, გვაძლევს დაშვების უფლებას, რომ სახელმწიფო სამედიცინო განათლებით ხარისხით დაინტერესდა. რით დამთავრდება ეს ყველაფერი – რეალური ცვლილებებით თუ უშედეგო საუბრებით? ამას დრო გვიჩვენებს, ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ ამ საკითხის შესწავლას.

დასაწყისისათვის, EDU.ARIS.GE-მ საქართველოში არსებული სამედიცინო პროგრამების შესახებ რამდენიმე სტატიის მომზადება გადაწყვიტა. დღეს საქართველოში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროგრამაზე მოგიყვებით – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ.

იხილეთ მოკლე ინფორმაცია თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ატლანტა, აშშ) პროგრამის შესახებ

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწოფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლიდან ხორციელდება. სამედიცინო საზოგადოების გამოკითხვა პროგრამის კურსდამთავრებულების შესახებ ვერ მოხერხდა, ვინაიდან პროგრამა ახალია და კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი მხოლოდ 2019 წელს დაასრულებს სწავლას. სტუდენტებზე და პროგრამის შესახებ მოსმენილი ინფორმაცია კი, ისევე როგორც ყველაფერი, რაც ქვეყანაში მედიცინასთან არის დაკავშირებული, ურთიერთსაწინააღმდეგოა – დაწყებული მკვეთრად ნეგატიურიდან („პირველი ნაკადი აკადემიური შედეგებით დიდად არ გამოიჩვევა და ეს საერთოდ არ არის პროგრამა ქართველებისათვის“), დამთავრებული იდეალურით („ეს არის საუკეთესო სამედიცინო პროგრამა  საქართველოში“).

ჩვენ გავაანალიზეთ 2017 წელს ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის (ამერიკულ და „ძირითად“) პროგრამაზე ჩარიცხული აბიტურიენტების შედეგები: „ძირითად“ პროგრამაზე 100%-იანი გრანტი – 138–მა აბიტურიენტმა მოიპოვა (46%, გამოყოფილი ადგილების ოდენობა 300), ამერიკულზე – 7-მა, რაც 35% შეადგენს (სულ გამოყოფილი იყო 20 ადგილი). ამერიკული პროგრამა ინგლისურ ენაზეა და „ძირითადზე“ 3,5-ჯერ მეტი ღირს. (ეს მონაცემები მკითხველს საკუთარი ინტერპრეტაციისთვის სრულ თავისუფლებას ანიჭებს და ჩვენს აზრს თავს არ მოგახვევთ).

მაშ ასე, რამდენი სტუდენტი აბარებს აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდას, რა შანსები აქვთ სტუდენტებს გაიარონ რეზიდენტურა აშშ-ში და რა შეიძლება მიიღო წელიწადში 8000 ლარის სანაცვლოდ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ჩვენ პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი, რიმა ბერიაშვილი გვესაუბრება:

–ქალბატონო რიმა, ჩამოგვითვალეთ, კონკრეტულად რომელ სპეციალობებშიემორის უნივერსიტეტი აღიარებული როგორც საუკეთესო უნივერსიტეტი აშშ-ში?

რ.ბ: მედიცინა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ბიზნესი, სამართალი, საექთნო საქმე.  განსაკუთრებით აღსანიშნავია  ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო  სკოლა   და  საუნივერსიტეტო  კლინიკები, კვლევითი ცენტრები – მათ შორის კიბოს კვლევის ცენტრი,  რომლებიც  უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ  ჯორჯიის შტატის  და  საზოგადოდ, აშშ-ის ჯანდაცვის  სისტემაში; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან აფილირებულია დაავადებათა კონტროლის საერთაშორისო  ცენტრი.

US NEWS Rankings, 2018
The School of Medicine at Emory University
Research: 23 place
Primary Care: 37 place
edu.aris.ge

რა ენაზე და რა სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს პროგრამაზე სწავლება, ადაპტირებულია თუ არა ისინი?

რ.ბ: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო პროცესში გამოყენებულია მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურის უახლესი გამოცემები. აღნიშნული სახელმძღვანელოები გამოიყენება ამერიკის ყველა  უმაღლეს  სამედიცინო სასწავლებელში. სახელმძღვანელოები  და  ყველა  დამხმარე  სასწავლო  ლიტერატურა  პროგრამაში გამოყენებულია ემორის უნივერსიტეტის რეკომენდაციით. პროგრამა სასწავლებლად არ იყენებს ადაპტირებულ სახელმძღვანელოებს.

კითხულობენ თუ არა ამერიკელი ლექტორები საქართველოში ლექციებს და თუ ასეა, რა პოზიციებს იკავებენ ისინი ემორის უნივერსიტეტში?

რ.ბ: ემორის და სხვა ამერიკული უნივერსიტეტების პროფესურა სისტემატურად არის ჩართული ამერიკულ პროგრამაში. ემორის უნივერსიტეტის 4 პროფესორი ოფიციალურად იყენებს თსსუ–ის მოწვეული პროფესორის პოზიციას. ისინი სისტემატურად, წელიწადში 4-6-ჯერ სტუმრობენ თსსუ-ს, კითხულობენ ლექციებს და მუშაობენ პერსონალთან. ასევე, სრულ განაკვეთზე მუშაობს კანზასის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი.

სულ რამდენი სტუდენტი სწავლობს პროგრამაზე და ასევე, რამდენია აქედან საქართველოს მოქალაქე?

რ.ბ: პროგრამას ხუთი წელი უსრულდება. დღეისათვის პროგრამაზე სულ 236 აქტიური სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 95  საქართველოს მოქალაქეა.

რამდენი სტუდენტინამყოფი სტაჟირებაზე აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში, რა ხანგრძლივობის არის ეს სტაჟირება და ვინ ფარავს ხარჯებს?

რ.ბ: თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის წარმატებული სტუდენტები პროექტის – „ზაფხული/ზამთარი ემორიში“ ფარგლებში, წელიწადში ორჯერ, საშუალოდ 4 კვირით მიემგზავრებიან აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტში. დასახელებული  პროექტით მე-5 კურსიდან ემორის უნივერსიტეტში იმყოფებოდა 11 სტუდენტი, მე-4 კურსიდან – 14,  მე-3 კურსიდან – 15 სტუდენტი, მე-2 კურსიდან – 31 სტუდენტი.

წახალისების მიზნით, აკადემიური რეიტინგის მიხედვით, პირველი ათი სტუდენტის პროექტში მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯების ნაწილს (კერძოდ, ატლანტაში აკომოდაციის, დაზღვევისა და შიდა ტრანსპორტირების საფასურს) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფარავს.

გარდა  ამისა, თსსუ აქტიურად მონაწილეობს ევროკომისიის გაცვლით პროგრამაში ERASMUS+.  ამ  პროგრამით  ხორციელდება თსსუ-ის  სტუდენტთა  გრძელვადიანი  გაცვლები  12  ქვეყნის  23  უნივერსიტეტთან.

არის თუ არა სავალდებულო სტუდენტისათვის მეორე ან მესამე კურსის შემდეგ USMLE-ს (აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდ) პირველი ნაწილის ჩაბარება?

რ.ბ: დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა  ექვემდებარება  საქართველოს კანონმდებლობას,  შესაბამისად,  ამ  პროგრამის ფარგლებში USMLE 1 ნაწილის ჩაბარება სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველია მეოთხე კურსის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ.

რამდენ სტუდენტს აქვს ჩაბარებული USMLE გამოცდა (პირველი ნაწილი), რამდენმა ცადა და სად აბარებდნენ გამოცდას? გაუწი თუ არა ვინმეს ფინანსური დახმარება?

რ.ბ: 8 სტუდენტმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა მეოთხე კურსის პირველი სემესტრის შემდეგ გასულიყო USMLE -1 საფეხურის გამოცდებზე, ყველა მათგანმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა. აღნიშნული გამოცდის 1-ლი და მე-2 საფეხური ბარდება სომხეთსა და თურქეთში არსებულ USMLE საგამოცდო ცენტრებში, ყველა დანარჩენი კი – აშშ-ში.

–რამდენად უწყობს ხელს უნივერსიტეტი კურსდამთავრებულებს აშშ–ში რეზიდენტურის გავლაში, სხვადასხვა სტაჟირების ორგანიზებაში, საჭირო რეკომენდაციების მოპოვებაში და სხვ.?

რ.ბ: წარჩინებულ სტუდენტებს თსსუ და ემორის უნივერსიტეტი ხელს უწყობენ, რათა  მათ  კლინიკური ტრენინგი გაიარონ აშშ-ში. ის სტუდენტები, რომლებიც ჩააბარებენ USMLE-ის პირველ საფეხურს, კლინიკური როტაციის ნაწილს გაივლიან ემორის უნივერსიტეტში. ასევე, აშშ-ში კლინიკური რეზიდენტურის გავლის მსურველ სტუდენტებს ხელი მიუწვდებათ ყველა  სასწავლო  რესურსზე,  აპლიკაციისათვის საჭირო კონსულტაციაზე, ტრენინგზე და შეაბამისი  რეკომენდაციების მოპოვებაში.

–როგორც ცნობილია, სამწუხაროდ, კენ ვოლკერი უნივერსიტეტს და სტუდენტებს ვეღარ დაეხმარება (გარდაიცვალა 2018 წლის თებერვალში), ვინ არის დღეს თქვენი დასაყრდენი ემორის უნივერსიტეტში?

რ.ბ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პროგრამას ახორციელებს ემორის უნივერსიტეტთან ხელშეკრულების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორ ვოლკერის უშუალო დამსახურებაა საქართველოს სამედიცინო სისტემაში ბოლო 25 წლის მანძილზე განხორციელებული უამრავი წარმატებული პროექტი და მათ შორის, მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დაარსებასა და განვითარებაში, პროფესორ კენეტ ვოლკერის გარდა პროგრამაში 20-ზე მეტი პროფესორია ჩართული ემორის უნივერსიტეტიდან. მათგან პროექტის დირექტორი ამერიკის მხრიდან ემორის სამედიცინო სკოლის ასისტენტ – დეკანია, ხოლო პროგრამის ხელმძღვანელი – ემორის სამედიცინო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი.

საშუალოდ რა თანხებთან არის დაკავშირებული სწავლა, სტაჟირება, გამოცდები და სხვა ხარჯები პირველი კურსიდან რეზიდენტურამდე?

რ.ბ: თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე სწავლის  საფასური  საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 8000 ლარია და გარანტირებულად არ გაიზრდება 6 წლის განმავლობაში. ეს 15-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სამედიცინო  პროგრამის სწავლის  გადასახადი ემორის  უნივერსიტეტში. რაც შეეხება USMLE-ის, ანუ აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდების ხარჯებს, ის მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის ერთნაირია.  ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უცხოელ მედიკოს-კურსდამთავრებულთა განათლების  კომისიის (ECFMG)  ვებ-გვერდზე, ტრანსპორტირებასთან და აკომოდაციასთან დაკავშირებული ხარჯები – ყველა სტუდენტისთვის ინდივიდუალურია (ბილეთი, სასტუმრო, კვება, შიდა გადაადგილება).

იხილეთ მოკლე ინფორმაცია თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ატლანტა, აშშ) პროგრამის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური